მათ არ გაიხადეს ანაფორა, არ უარყვეს ქრისტე, არ უარყვეს ეკლესია
მათ არ გაიხადეს ანაფორა, არ უარყვეს ქრისტე, არ უარყვეს ეკლესია
ბნელი და ღრუბლიანი ღამე იდგა. კრებულის წინამძღვარს, დეკანოზ დოლაბერიძეს, ბორკილები დაგვადეთო, უთხოვია. სად ვიშოვოთ რკინის ბორკილები, საბჭოთა ქვეყანაში ბორკილებს არ ადებენო, მიუგიათ. ბაწრები ხომ იშოვება, - უთქვამს მამა სიმონ მჭედლიძეს, - ბაწრით გადაგვაბით და ისე წაგვიყვანეთო. თითქოს იმისთვის ითხოვდნენ ამას, გაქცევა არ დაეწამებინათ და არ დაეხოცათ, ქვეშეცნეულად კი ქრისტეს მოწამებრივ გზას ჰბაძავდნენ წმინდა მამები.

ძალით აყარეს და გზას გაუყენეს. და მართლაც, "თუ ვინმემ გაქცევა დააპიროს, ესროლეთო", - დაიძახა მილიციის უფროსმა. თემის საბჭოს თავმჯდომარე, 28 წლის პარტიული ახალგაზრდა, განსაკუთრებით აქტიურობდა, ჯავრობდა და რევოლვერით იმუქრებოდა: "ახლავე დაგხოცავთ და გაგათავებთო" (სწორედ მისი ჩვენება აღმოჩნდა გადამწყვეტი განაჩენისთვის - ეკლესიის კურთხევა საბაბი იყო, მთავრობის საწინააღმდეგო არალეგალური კრების მოწყობის მიზნით გამოგონილიო).

შუაღამეს კარგად იყო გადაცილებული, ტუსაღები ერთ ხელისგულისოდენა ოთახში რომ დაამწყვდიეს. არ გასულა ნახევარი საათი და იქვე შეიყვანეს მიტროპოლიტი ნაზარიც, ფეხშიშველი, თავშიშველი, უპერანგო. ნაწამებ მწყემსმთავარს შიშველ მხრებსა და ზურგზე ჩალურჯებული ნაჭდევები და ღარები ჩასდევდა.

"...თუ ნებით არ წამოგვყვებოდა მიტროპოლიტი, წინასწარ დავამზადეთ ურემი, რომლის საშუალებით უნდა წამოგვეყვანა", - წერს მილიციის უფროსი თავის ჩვენებაში. მას უბრძანებია, მიტროპოლიტი ურემზე ძალით დაესვათ: "ტიტველი დავსვით ურემზე, იქაც ვეცადეთ, ტანზე ჩაგვეცმია, მაგრამ ვერც იქ ჩავაცვით, - ირწმუნებოდა მილიციის უფროსი, - არ გაჩერდა ურემზე, ამბობდა, შემკარით ბაწრით, მე მინდა, მაწამოთ ისე, როგორც აწამეს იესო ქრისტე, რადგან მე ვარ მოსული თქვენს მოსარჯულებლადო... რადგანაც ხელით ვერ შევძლებდით წაყვანას, შევკარით ბაწრით და დავაწვინეთ ურემზე. გზაში ყვიროდა: "მე ვარ ქრისტე ღმერთის მორწმუნე. მაწამებენ ურჯულო კომუნისტები, როგორც აწამებდნენ ურჯულოები თვით ქრისტესო".

გზად ვინმე ცხადაძის სახლში გაიარეს, სადაც მღვდელი პოლიევქტი ვარდოსანიძე ეგულებოდათ და ისიც ნაზარს მიუსვეს გვერდით...

...თენდებოდა, როცა სიცივისაგან აკანკალებულ მიტროპოლიტს მღვდლების თხოვნით სამოსელი მოუტანეს.

გამთენიისას კანცელარიის წინ მორწმუნეებმა მოიყარეს თავი. ეკლესიის საკურთხებლად მღვდლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მაგრამ რომ გაიგეს, ჩეკაში იგზავნებიანო, შეშინებულები დაიშალნენ.

ორშაბათს, 4 აგვისტოს, მიტროპოლიტი ნაზარი დაკითხეს და მთელი კრებული "ნებადაურთველი კრების მოწყობის" ბრალდებით ქუთაისში გადააგზავნეს. იქ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს პ/პ რწმუნებულის თანაშემწეს, რომელმაც 6 აგვიტოს დაკითხა პატიმრები. როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, მას დაკითხვები დაუსრულებია 18 აგვისტოს, ხოლო ფერისცვალების დღეს, 19-ში, როცა მიტროპოლიტი ნაზარი თავისი სამღვდელო კრებულითურთ, ჩვეულებრივ, სადღესასწაულო წირვას აღავლენდა ხოლმე, ქუთაისის საკათედრო ტაძარში ღვთის მსასოებელი ერისთვის გამოტანილ იქნა დადგენილება: "მე, ქუთაისის მაზრის პ/ბ პ/პ რწმ. თანაშემ. შონიამ, განვიხილე რა საქმე #590 ბრალდების გამო ქუთათელი მიტროპოლიტი ლეჟავა ნაზარის, დეკანოზ ჯაჯანიძის გერმანესი, მღვდელ ვარდოსანიძე პოლიევქტისა, პროტოდიაკონ კუხიანიძე ბესარიონისა, მთ/დ მღვდელ სვანიძე ისიდორესი, ბრალდებები: სვირის რაიონის როდინოულის თემის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე წინააღმდეგობის გაწევის, ხელისუფლებისა და კომპარტიის ლიდერების გინებაში, რა წინააღმდეგობით აიძულეს მთავრობის პირები ჩაედინათ ნებადაურთველი და გადაჭარბებული მოქმედებები მთავრობის წარმომადგენლებს, რა... საქმეც კვლევა-ძიების და წინასწარი გამოძიებით გამორკვეულია სავსებით, - დავადგინე: მოწმეების და ბრალდებულების დაკითხვის გაგრძელება შეწყდეს და იქნეს გამოტანილი ბრალდებულების მიმართ დადგენილება".

განაჩენს თვის ბოლომდე ელოდნენ, 1924 წლის 1 სექტემბერს კი იმავე შონიას მიერ რუსულ ენაზე დაწერილი დადგენილების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს ხუთი სასულიერო პირი: მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა, დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და არქიდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. "კონტრრევოლუციური არალეგალური კრების მოწყობისა და სვირის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების დაუმორჩილებლობისთვის", - ეწერა განაჩენში. დასკვნის თანახმად, "ბრალდებულებმა სვირის რაიონის სოფელ როდინოულში ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის სახლში, თითქოსდა ეკლესიის კურთხევის მიზნით, იქაური სასულიერო პირნი და მორწმუნენი შეკრიბეს და მასებში საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდა წამოიწყეს".

ბრალდებას ისიც ამძიმებდა, რომ მიტროპროლიტი ნაზარ ლეჟავა ადრეც იყო ნასამართლევი საეკლესიო ქონების გადამალვის გამო; იეროთეოზ ნიკოლაძე და გერმანე ჯაჯანიძე ახალი საეკლესიო რეფორმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისათვის გაასამართლეს, ხოლო მღვდელი სიმონ მჭედლიძე, რედაქტორ-გამომცემელი სასულიერო-ზნეობრივი გაზეთის "შინაური საქმეებისა", რომელსაც მკვეთრად გამოხატული ეროვნული მიმართულება ჰქონდა და წმინდა ილია მართლის გზას განაგრძობდა, 1921 წლიდან შინაპატიმრობაში იყო.

ამას დაერთო აგვისტოს აჯანყების მარცხიც.

ამგვარად, 1924 წლის 1 სექტემბერს საგანგებო სამეულის (Xჰტპდსხფქყფზ ნჰჯქრფ) გადაწყვეტილებით ამ ხუთ ეკლესიის მამას სიკვდილი მიესაჯა. ოქმის ამონაწერის მიხედვით, განაჩენი იმავე დღეს აღასრულეს... გარიჟრაჟზე წაიყვანეს საფიჩხიაზე და იქ, წყალწითელას ზემოთ, ებრაელთა სასაფლაოს ბოლოში, თხრილის პირას დახვრიტეს. ამბობდნენ, ზემოდან წაყრილი მიწა დიდხანს სუნთქავდა და ინძრეოდაო...

ეს წმინდა მამები მზად აღმოჩნდნენ ქრისტესთვის საწამებლად. მათ არ გაიხადეს ანაფორა, არ უარყვეს ქრისტე, არ უარყვეს ეკლესია, არ უარყვეს ჭეშმარიტი რჯული... ისინი აირჩია უფალმა და ჭეშმარიტი მცნებებისათვის მოწამებრივი აღსასრულის ღირსნი გახადა.

დანარჩენებმა ვერ დაითმინეს, ვერ დათმეს ამქვეყნიური ცხოვრება, შეინანეს და, შეწყალებულნი, მოთავსებულ იქნენ ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო გამოსასწორებელ სახლში... და ვინ იცის, წინ კიდევ რა განსაცდელი ელოდა მათ...
ბეჭდვა
1კ1