მამა მიქაელი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ზედაზნის მოხუც ბერთათვის სარჩოს აგროვებდა...
მამა მიქაელი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ზედაზნის მოხუც ბერთათვის სარჩოს აგროვებდა...
თუ ვის და რატომ არგუნებს ხოლმე ღვთის შეუცნობი განგებულება მოწამეობის უმაღლეს გვირგვინს, არავინ უწყის; უეჭველი ალბათ ის არის, რომ ზეცა ადამიანის არჩევანს ელის - ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამქვეყნად...

გასულმა ასწლეულმა ღვთის სრული მივიწყებისა და უარყოფის წყვდიადში მაინც შვა მამა მიქაელ მანდარიასთანა წმინდა სულები, სიმდაბლით, მტკიცედ და მდუმარედ რომ ატარებდნენ თავიანთ ცეცხლოვან საბერო ჯვარს და მბრწყინავი კანდელებივით თუ მარტოხელა შუქურებივით უნათებდნენ გზას ადამიანებს უკუნ და მღელვარე უფსკრულის თავზე...

რამდენჯერაც მიფიქრია ამ საკვირველ მოღვაწეზე, ყოველთვის გამხსენებია მასავით ანგელოზის დარი დიდსქემოსანი მცხეთელი ბერი ალექსი (სქემაში - აბრაამი) ჩხეტიანი... თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ სულიერი როდია, - როგორც ჩანს, შინაგანი ნათესაობა ადამიანებს გარეგნულადაც მეტ-ნაკლებად ამსგავსებს ხოლმე.

სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცით არქიმანდრიტ მიქაელის ცხოვრებაზე, თუმცა ეს მცირედიც ცხადყოფს, ვინ იყო იგი.

გზა
მამა მიქაელი (ერში - მეთოდე) 1872 წელს აზნაურის ოჯახში შობილა. მორწმუნე მშობლებს ყრმობაშივე მიუბარებიათ ნამარნევის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სავანისთვის, სადაც წერა-კითხვა, წმინდა წერილი, საეკლესიო ტიბიკონი და ქართული გალობა უსწავლია. მონასტერს იმ დროს რჩეული მოღვაწე, არქიმანდრიტი კირილე (გაბუნია) წინამძღვრობდა.

მონასტრის მადლმა და მამათა სიწმინდემ ყმაწვილ მეთოდეს უფლისთვის ცხოვრება განაზრახვინა.

1898 წელს, 13 იანვარს, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის წიაღში მორჩილების აღთქმა დადო; ამავე წლის სექტემბრის ბოლოს მიქაელის სახელით ბერად აღიკვეცა; ერთი წლის შემდგომ, 9 აგვისტოს, ნამარნევის მონასტერში გადაიყვანეს და ცოტა ხანში დიაკვნად აკურთხეს.

1902 წლის 9 იანვარს რაჭაში, ჭელიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, განაწესეს, ამავე წლის 26 ოქტომბერს კი მღვდელმონაზვნადაც დაასხეს ხელი.

ორ წელიწადში, 1904 წელს, მიიცვალა მისი მოძღვარი, არქიმანდრიტი კირილე (გაბუნია), რამაც ძალზე დაამწუხრა მამა მიქაელი.

1905 წლის 19 ივნისს, თავისივე თხოვნით, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერს შეეფარა, მოდევნო წელს კი გარეჯის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადავიდა. 1907 წლიდან პერიოდულად ასრულებდა ხსენებული მონასტრის ხაზინადარის მოვალეობას. 1914 წლის 9 ივლისს კი რუსეთს გაემგზავრა.

იმ შავბნელ წლებში, როდესაც უწმინდესი ამბროსი გადაასახლეს, მამა მიქაელი ერთხანს მესენაკედ მსახურობდა დევნილ პატრიარქთან და სულიერად განამტკიცებდა.

1915 წელს საქართველოში დაბრუნდა და კვლავ გარეჯის ნათლისმცემლის სავანის წიაღს შეერთო.

1919 წელს ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1923 წელს საგურამოს წმინდა თადეოზ მოციქულის სახელობის ეკლესია მოძღვრის გარეშე დარჩა და, საკათალიკოსო საბჭოს განჩინებით, იქაური მრევლის სულიერი მამობა და წირვა-ლოცვის აღდგენა დაეკისრა.

1925 წელს იღუმენის წოდება ებოძა. არქივს შემორჩა მამა მიქაელის 1929 წლით დათარიღებული ხელით ნაწერი თხოვნა წილკნელ ეპოსკოპოს პავლე ჯაფარიძისადმი:

"თქვენი მეუფების წარდგინებით, საკათალიკოსო სინოდს ნებებია ჩემი არქიმანდრიტობა, რომლისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ჩემი სული და გული იხარებს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით ვეღირსე ასეთ ყურადღებას ჩემი სასულიერო მთავრობისაგან. გთხოვთ მომისმინოთ და მიიღოთ ჩემი მოხსენება.

მე, თქვენი ლოცვა-კურთხევით და ღვთის შემწეობით, ვასრულებ თქვენს მორჩილებას როგორც მონასტერში, ისე მრევლში. თითქმის დღე-მუდამ მიხდება კოკით წყლის ზიდვა, ხურჯინით, ცულით და თოხით მუშაობა, რომ შევინახო მონასტერში არსებული საძმო და პირნათლად შევასრულო ჩემი ვალი მათ წინაშე. ამიტომ ხსენებული ხარისხი არ უდგება ჩემს მდგომარეობას, ამ ხარისხს კეთილად მოწყობილი მონასტრული და ეკლესიური კრებული და ბევრი სხვა რამ სჭირდება, ამიტომ, გთხოვთ, ნუ დამავალებთ, მივიღო ჯერჯერობით ეს ხარისხი და შემავედრეთ ლოცვითა იოანე ზედაზნელსა და ნინო ქართველთა განმანათლებელს, ჩვენს ეკლესიასა და, კერძოდ, მონასტერს შეუქმნას იესო მაცხოვარმა ისეთი პირობები, რომ ღირსეულად და შესაფერისად მოვაწყო ძმათა ცხოვრება და შეურცხვენლად მივიღო თქვენი ხელიდან სანატრელი ხარისხი".

ამ გზავნილის მიუხედავად, იმავე წელიწადს მაინც არგუნეს არქიმანდრიტობა. 1935 წლის 31 მარტს დიდად სათნო წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) წერილობით ასე მიმართავდა უწმინდეს კალისტრატეს (ცინცაძეს):

"თქვენმა უწმინდესობამ უწყის, რომ ჩემს ეპარქიაში მხოლოდ ოთხიოდე მღვდელია, რომლებიც ემსახურებიან მორწმუნეთ მოთხოვნილების დროს.

საგურამოს და მის გარშემო მცხოვრებთ ემსახურება ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია), პიროვნება ყოვლად პატიოსანი, უანგარო და ხალხისგან პატივდებული. ჩემგან მიცემული აქვს მანდატი, რომ ემსახუროს სოფელს.

ამ ორი კვირის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას თუ სხვას, არ ვიცი, აუკრძალავთ მისთვის სოფლად წასვლა და იქ სამსახური.

სოფელ საგურამოს მცხოვრებლებმა გამომიგზავნეს განცხადება და მთხოვენ, ნება მივცე არქიმანდრიტ მიქაელს, ემსახუროს მათ.

წარმოვადგენ რა თქვენს უწმინდესობასთან მორწმუნეთა თხოვნას, უმდაბლესად გთხოვთ, როგორმე გამოარკვიოთ და იშუამდგომლოთ, ვისთანაც ჯერ არს, რომ არქიმანდრიტი მიქაელი ემსახუროს იმ სოფლის მკვიდრთ, რომელიც ჩაბარებული აქვს.

აქვე მოვიყვანთ საგურამოელთა განცხადებას: "ჩვენ, ქვემოთ ამის ხელის მომწერნი, გთხოვთ, ნება მისცეთ ზედაზნის არქიმანდრიტ მიქაელს და მის თანაშემწე იღუმენ ექვთიმე კერესელიძეს მასზედ, რომ გვემსახურონ საჭიროების დროს, მღვდელმოქმედების წესების შესრულებით, ვინაიდან ჩვენ საკუთარი მღვდელი არ გვყავს.

ხელს აწერენ: ისააკ უნდილაშვილი, აბრაამ ქურციკიძე, შაქრო ჩილაური, სვიმონ ჩინაშვილი, გიორგი ბედუკიძე, ივანე ბედუკიძე, სანდრო უნდილაშვილი, ივანე უნდილაშვილი, საბა ბიჩნიგაური, ტატო შონთიშვილი, სოლომონ მოძღვრიშვილი".

სოფელ საგურამოს დღემდე ახსოვს უსათნოესი, უანგარო და დიდად მოწყალე მამა მიქაელი, თავად უპოვარი მუდამ სხვებს რომ შეეწეოდა. იქაურებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ ზედაზნის მონასტერს.

მეორე მსოფლიო ომი იდგა, 1943 წელი... გვიან საღამოს ზედაზნის მოხუც ბერთათვის მცირედი სარჩოს შესაკრებად საგურამოში ჩამოსული მამა მიქაელი იქაურებმა მოკლული იპოვეს. ამბობენ, ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ კომენდანტის საათი დაარღვიაო...

მისი სხეული ზედაზნის წმინდა ალაგმა მიიბარა.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ
ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს.
ბეჭდვა
1კ1