ვერ განმაგდებ მე ტაძრიდან, ვიდრე სრულყოფილი ქრისტიანი არ გავხდები
ვერ განმაგდებ მე ტაძრიდან, ვიდრე სრულყოფილი ქრისტიანი არ გავხდები
წმინდა იუსტინამ სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს
წმინდა კვიპრიანე ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნეში. წარმართმა მშობლებმა სიყრმიდანვე "ღმერთ" აპოლონის სამსახურში განაწესეს. შვიდი წლისა მისნებს მიაბარეს ჯადოქრობის შესასწავლად. ათი წლისა ოლიმპოს მთაზე "ღმერთების" სამყოფელში გაგზავნეს, სადაც ქურუმობისთვის გაწვრთნეს. აქ ისწავლა ეშმაკის სიბრძნე: მიწის შეძვრა, მეხის დაცემა, წვიმის მოყვანა, ქარის ატეხა, ვენახისა და ბაღების გაფუჭება, ადამიანებზე სნეულების მოწევა და სხვა. აქ ის პირისპირ ხედავდა ბერძენთა "ღმერთებსა" და "ქალღმერთებს". ისწავლა მათი გამოძახებაც. 15 წლისა შვიდ დიდ ქურუმს მიაბარეს, რომელთაგანაც ეშმაკის მრავალი საიდუმლო შეიტყო. შემდეგ ქალაქ არგოსში ერთხანს ქალღმერთ ჰერას ემსახურა, ჯადოქრობის მრავალი ხერხი ისწავლა ტავროპოლშიც, არტემიდეს ტაძარში მსახურებისას. აქ მან აკლდამებიდან მკვდრების გამოყვანაც კი ისწავლა და აიძულებდა, ელაპარაკათ. 20 წლისა ეგვიპტეში წავიდა, ქალაქ მემფისში, და უფრო განიღრმავა ცოდნა მისნობა-ჯადოქრობაში. 30 წლისა კი ქალდეაში (ბაბილონში) გაემგზავრა ვარსკვლავთმრიცხველობის შესასწავლად. შემდეგ ანტიოქიაში დაბრუნდა და შეუდგა თავის ბნელ საქმიანობას. მას თვით სატანა ეცხადებოდა, დიდ პატივს მიაგებდა სხვა ეშმაკთა წინაშე და ჰპირდებოდა, ჩემს შემდეგ ეშმაკთა მთავრად გაგხდი, ხოლო ამ ცხოვრებაში ყველაფრით დაგეხმარებიო. დასტურად ამისა ეშმაკთა ლეგიონი მისცა მსახურად. ამას თვითონ ჰყვებოდა წმინდა კვიპრიანე მოქცევის მერე.

ანტიოქიაში ცხოვრებისას მან მრავალი ადამიანი დააყენა უსჯულოების გზაზე. მრავალი დაღუპა საწამლავებითა და ჯადოქრობით. მრავალს ასწავლა ჯადოქრობა: ზოგს ჰაერში ფრენა, ზოგსაც ღრუბლებში სეირნობა, წყალზე სიარულიც კი. მოკლედ, ცოცხლადვე ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო შთავარდნილი და იქიდან ამოიყვანა უფალმა თავისი გულმოწყალებით.

ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, იუსტინა. მამამისი, ედესი, ქურუმი იყო რომელიღაც კერპისა. ერთხელ იუსტინამ ყური მოჰკრა, დიაკვანი პრაილი ქრისტეს განკაცებაზე, ჯვარცმაზე, მკვდრეთით აღდგომასა და ზეცით ამაღლებაზე საუბრობდა. თესლი კეთილი დაეცა მის გულს - კეთილ ნიადაგს. იუსტინამ მალულად დაიწყო ეკლესიაში სიარული. დროთა განმავლობაში ქრისტეს რწმენაში განმტკიცდა თვითონაც, დააჯერა დედაც და მოხუცებული მამაც. ედესი ფიქრობდა: - ადამიანის ხელით ნაკეთი კერპები ღმერთები როგორ შეიძლება იყვნენო და იმავე ღამეს ძილში იხილა: გუნდი და გუნდი ნათლით შემოსილი ანგელოზებისა, მათ შორის იდგა ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც უთხრა: "მოდი ჩემთან და გიბოძებ ზეციურ სასუფეველსო". ედესი მეორე დღეს, დილითვე მივიდა ქრისტიანთა ეპისკოპოსთან, მონათვლა სთხოვა და ნათელი იღო ოჯახთან ერთად. ხოლო როცა სულიერად მოძლიერდა, ეპისკოპოსმა მას ხუცად დაასხა ხელი. წელიწადნახევრის შემდეგ ედესი გარდაიცვალა.

იუსტინა კი მოღვაწეობაში განლევდა წლებს და ზეციური სასიძოს გარდა სხვა სასიძო აღარ უნდოდა. მაგრამ კაცთმოძულე ეშმაკს შეშურდა იუსტინას სათნოებებისა და მისი დაღუპვა მოისურვა. იმ დროს ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა, სახელად აგლაიდა, მდიდარი და მაღალი წრისა. მან თვალი მოჰკრა ეკლესიაში მიმავალ მშვენიერ იუსტინას, გულში ჩაუვარდა და ეშმაკისაგან ვნებააღძრულმა მისი დასაკუთრება მოინდომა. ცდილობდა ქალიშვილის მოხიბვლას, მაგრამ გოგონა გაურბოდა. მერე კაცი მიუგზავნა და ხელი სთხოვა. ქალიშვილმა უპასუხა: "ჩემი სასიძო ქრისტეა. მე მას ვმსახურებ და მისთვის ვინახავ უმანკოებას. იგი ჩემს სულსა და სხეულს დაიცავს ყოველგვარი შერყვნისგან". "თუ არ მოვიტაცე, არაფერი მეშველებაო", - გაიფიქრა სასოწარკვეთილმა აგლაიდამ. ეზოში დახვდა ქალიშვილს რამდენიმე კაცით, მოიტაცა და შინ წაიყვანა. ქალიშვილის ყვირილზე მეზობლები მოცვივდნენ და ქრისტეს კრავი გამოსტაცეს მგელს კლანჭებიდან. აგლაიდას სხვა გზა აღარ დარჩენოდა, დიდ მოგვ კვიპრიანეს მიადგა და დიდი ფულის სანაცვლოდ დახმარება სთხოვა.

ისე გავაკეთებ, რომ ქალწულმა შენდამი უფრო დიდი ვნება იგრძნოს, ვიდრე შენ მისდამი გაქვსო, - დაამშვიდა კვიპრიანემ.

ვაჟი შინ გაბრუნდა. კვიპრიანემ კი მოუხმო ერთ არაწმინდა სულს და იუსტინას გულის ვნებით ავსება უბრძანა. ეშმაკმა დაიქადნა, ეს ადვილი საქმეაო, მერე კვიპრიანეს ჭურჭლით სითხე მისცა და უთხრა: აგლაიდას უთხარი, ეს სითხე მალულად იუსტინას სახლს მოასხას და მერე მე ვიცი და ჩემმა ეშმაკობამო.

აგლაიდა ასეც მოიქცა. იუსტინას სახლში სიძვის ეშმაკი შევიდა და ქალიშვილს ვნების ისრები დააყარა. იუსტინა ამ დროს ლოცვად იდგა. უეცრად უცნაური რამ იგრძნო: გონებაში აგლაიდა წარმოუდგა და სიძვის ფიქრებმა მოუარა. გაოცდა, უფლისა შერცხვა. იგრძნო, რომ სისხლი აუდუღდა. კეთილგონიერი ქალიშვილი მაშინვე მიხვდა, ეს ეშმაკის ბრძოლა იყო და სიღრმით გულისა მოუწოდა სასურველ უფალს. დიდხანს და გულმოდგინედ ილოცა და სძლია ბოროტს. ცეცხლი ჩაქრა, სისხლი დამშვიდდა, იუსტინამ ღმერთს მადლობა შესწირა, შერცხვენილი ეშმაკი დაღონებული მივიდა კვიპრიანესთან და დამარცხება აუწყა,L "იმიტომ ვერ ვძლიე, რომ მასზე რაღაც ნიშანი დავინახეო".

კვიპრიანემ უფრო მძვინვარე ეშმაკი მიუგზავნა იუსტინას. მანაც პირი შეირცხვინა. მაშინ კვიპრიანემ მოუხმო ეშმაკთა ერთ-ერთ მთავარს. მანაც დედაკაცის სახე მიიღო, იუსტინასთან შევიდა და ისე დაუწყო საუბარი, თითქოს ღვთივსათნო ცხოვრება სურდა. საუბარში სხვათაშორის ჰკითხა: - ადამიანმა სიწმინდისთვის უნდა იზრუნოს, მაგრამ როგორ გამრავლდება კაცთა მოდგმა, თუ ყველამ უმანკოება დაიმარხა. განა ცოლქმრობა - ქორწინება თვით უფლისაგან არ არის დადგენილი?! განა არ არსებობენ წმინდანები, ოჯახი რომ ჰყავთ და ღმერთს განადიდებენო? იცნო მასში იუსტინამ ბოროტი სიძვის დემონი, ჯვარი გამოისახა და დედაბერი უკვალოდ გაქრა.

შეწუხებულმა ეშმაკმა კვიპრიანესთან თავისი უძლურება აღიარა. ნუთუ შენ, ამ საქმეში ძლიერს და გამოცდილს, ქალიშვილის ძლევა გაგიჭირდა? მითხარით, რა იარაღით გებრძვით ის სუსტი გოგონაო, - ჰკითხა. ჩვენ არ ძალგვიძს ზიდვა მისი ჯვრის ნიშისა, რომელიც ცეცხლივით მოგვწვავსო, - მიუგო ეშმაკმა. გაბრაზდა კვიპრიანე, მაგრამ ეშმაკმა დაამშვიდა, სხვა რამეს ვცდიო. იუსტინას სახე მიიღო, წავიდა აგლაიდასთან, - ვაჟი ვნებას დაიცხრობს და ეშმაკი შერცხვენილი აღარ დარჩებაო. გაუხარდა ვაჟს "იუსტინას" დანახვა. გახარებული მიეგება, მოეხვია, კოცნა დაუწყო: "რა კარგია, რომ მოხვედი, ჩემო მშვენიერო იუსტინაო". როგორც კი ქალიშვილის სახელი ახსენა, ეშმაკი უმალ გაქრა, რადგან ვეღარ დაითმინა იუსტინას სახელის ხსენებაც კი. შეშინებული აგლაიდა კვიპრიანესთან მიიჭრა, მაშინ კვიპრიანემ ყმაწვილს ჩიტის სახე და ფრენის უნარი მისცა. ის იუსტინას სახლს მიადგა. მაგრამ ქალწულის დანახვისთანავე ეშმაკის მანქანება გაქრა და ვაჟმა ადამიანის სახე მიიღო, იუსტინას სახლის სახურავს ჩაეჭიდა, როგორღაც ჩამოძვრა და დამტვრევას გადარჩა. მერე კვიპრიანე ჯერ ქალად, მერე ჩიტად გარდაისახა, მაგრამ იუსტინას სახლის კარებთან ჯადოქრულ ძალას კარგავდა.

კვიპრიანემ ათასნაირი სნეულება მოჰგვარა იუსტინას, მის ახლობლებს და მთელ ქალაქს. ხალხი წუხდა, - დიდი ჯადოქარი კვიპრიანე მთელ ქალაქს იუსტინას გამო სჯის, რომელმაც აგლაიდას ცოლობაზე უარი უთხრაო. ქალაქის საპატიო მოქალაქეებმა ქალიშვილს სთხოვეს, აგლაიდას სურვილს დაჰყევი, თორემ კვიპრიანე გაგვანადგურებსო. იუსტინამ ისინი დამშვიდებული გააბრუნა, - მალე ყველაფერი დამთავრდებაო და გულმხურვალედ შესთხოვა ღმერთს შეწევნა. მართლაც, ყველა ანტიოქიელი გამოჯანმრთელდა, ხოლო შერცხვენილი კვიპრიანე ნაცნობებსაც კი ემალებოდა. დარწმუნდა კვიპრიანე ჯვრის ძალაში, გონს მოეგო და სატანას უთხრა: "ჰოი, დამღუპველო და მაცთუნებელო ყოველთა. ახლა შევიტყვე შენი უძლურება - ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და თრთი. რას იზამ მაშინ, როცა თვით იესო ქრისტე მოვა? როგორ გაექცევი ქრისტეს? მე, შენგან ცთუნებულმა, დაგიჯერე. განვედი ჩემგან, წყეულო. მე მივალ ღვთისმოშიშ ხალხთან და ისინი მასწავლიან, როგორ ვიზრუნო ჩემი ცხონებისთვის. განვედ ჩემგან, მტერო ჭეშმარიტებისავ და მოძულევ ყოველგვარი სიკეთისა".

ეს რომ მოესმა, სატანა ეცა და დახრჩობა მოუნდომა. მოაგონდა კვიპრიანეს იუსტინა და ჯვრის ნიში, რომლითაც ის მტრის ისრებს იგერიებდა და წარმოთქვა: - იუსტინას ღმერთო, დამეხმარეო. ეშმაკი გატყორცნილი ისარივით მოშორდა იქაურობას. კვიპრიანე სულით მოძლიერდა, მივიდა ეპისკოპოს ანთიმოზთან, მუხლებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. თავიდან დაეჭვდა მღვდელმთავარი მის გულწრფელობაში. თვალცრემლიანმა კვიპრიანემ აღიარა მის წინაშე ცოდვები და თავისი სამოგვო წიგნები გადასცა დასაწვავად. დამოძღვრა მღვდელმთავარმა ქრისტეს სარწმუნოებაში და ნათლობისთვის მოემზადეო, უთხრა, მისი წიგნები კი მორწმუნეთა წინაშე საჯაროდ დაწვა.

ის ღამე ლოცვასა და სინანულში გაატარა კვიპრიანემ, მეორე დღეს მივიდა ტაძარში და გულშემუსვრილი უსმენდა ღვთის სიტყვას. დიაკონმა წარმოთქვა, - კათაკმეველნო, განვედითო, მაგრამ კვიპრიანეს ტაძრის დატოვება არ უნდოდა: "მე ქრისტეს მონა ვარ და ტაძრიდან ნუ გამაგდებო". დიაკონმა უთხრა: "სანამ არ მოინათლები, ამ დროს ტაძრიდან უნდა გახვიდეო". მაშინ კვიპრიანემ თქვა: "ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, იესო ქრისტე, რომელმაც მე დამიხსნა ეშმაკისაგან და შემიწყალა, ვერ განმაგდებ მე ტაძრიდან, ვიდრე სრულყოფილი ქრისტიანი არ გავხდებიო". დიაკონმა ეს ეპისკოპოსს მოახსენა, მან კი, როცა დაინახა გულმოდგინება კვიპრიანესი, მაშინვე იხმო და მონათლა.

ეპისკოპოსმა ნათლობიდან მერვე დღეს კვიპრიანე წიგნის მკითხველად დაადგინა, მეოცე დღეს იპოდიაკვნად, ოცდამეათე დღეს დიაკვნად, ერთი წლის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი. კვიპრიანემ შეიცვალა ცხოვრების წესი, დღითი დღე წარემატებოდა სულიერად უმკაცრესი ღვაწლით და უდიდესი სინანულით. მალევე წმინდა კვიპრიანე ეპისკოპოსად დაადგინეს და ისეთ წმინდა ცხოვრებას მიჰყო ხელი, რომ მსგავსი გახდა მრავალი დიდი წმინდანისა. წმინდა იუსტინა მან დიაკონისად აკურთხა, შემდეგ კი დედათა მონასტერი ჩააბარა. თავისი წმინდა ცხოვრებით მან მრავალი წარმართი მოაქცია და ქრისტეს სამწყსოს შეერთო.

გულგაქვავებული წარმართები კბილებს აღრჭენდნენ. ისინი მივიდნენ მმართველ ევტოლიმესთან და წმინდა კვიპრიანეს ცილი დასწამეს - მეფის, ხელისუფლების, ღმერთების წინააღმდეგია, იუსტინასთან ერთად ხალხს აცდუნებს და დასაჯეთო.

ევტოლიმემ წმინდა კვიპრიანე და წმინდა იუსტინა შეაპყრობინა. მერე დამასკოში წაიყვანა და იქ მოუწყო სასამართლო.

- რატომ შეიცვალე ცხოვრების წესი, ღმერთების მსახურებაზე უარი რატომ თქვიო? - ჰკითხა მან.

წმინდა კვიპრიანემ ყოველივე დაწვრილებით უამბო, მაგრამ მმართველის გასასტიკებულ გულზე ვერაფერმა იმოქმედა. ბრძანა, - იუსტინას ბაგეზე და თვალებში ურტყით, კვიპრიანეს კი სხეული აათალეთო. დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ მოწამენი ადუღებულ ქვაბში ჩაყარეს, მაგრამ არაფერი ევნოთ. ერთმა ქურუმმა, ათანასემ შესძახა: ღმერთ ესკულაპეს სახელით მეც გადავეშვები ცეცხლში და არაფერი მევნებაო, მაგრამ ცეცხლი შეეხო თუ არა, მაშინვე მოკვდა. ამის მნახველ მმართველს შეეშინდა და მოწამეები ნიკომიდიის მმართველ კლავდიუსს გაუგზავნა, თან წერილი აახლა, სადაც ყველაფერი დაწვრილებით აღუწერა, კლავდიუსმა მათთვის თავების მოკვეთა ბრძანა. დასჯის წინ წმინდა კვიპრიანემ ლოცვა ითხოვა, რადგანაც ეშინოდა, ვაითუ ჩემი სიკვდილის შემხედვარე იუსტინა რწმენაში შეირყესო. წმინდა იუსტინამ სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს და სული თავისი ჩააბარა მაცხოვარს. ამის შემხედვარე ერთი კაცი, თეოქტისტე დაემხო წმინდა კვიპრიანეს წინაშე, ეთაყვანა და საჯაროდ გამოაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო. წმინდა თეოქტისტეს წმინდა კვიპრიანესთან ერთად მოჰკვეთეს თავი. მათი ცხედრები ექვსი დღე დაუმარხავი ეყარა. ქრისტიანებმა წმინდანები მოიპარეს, რომში ჩაასვენეს და დასაკრძალად ერთ კეთილმორწმუნე ქრისტიან დედაკაცს გადასცეს...

წმინდა კვიპრიანეს, წმინდა იუსტინას და წმინდა თეოქტისტეს ლოცვა შეეწიოს საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს.
ბეჭდვა
1კ1