წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319) - 8 (21) თებერვალს და 8 (21) ივნისს
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319) - 8 (21) თებერვალს და 8 (21) ივნისს
წმინდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა.

წმინდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს.

წმინდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა.

ამ დროს იმპერატორმა ლიცინიუსმა (307-324 წლები) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა.

ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატოსიც. წმინდანმა ლიცინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს.

ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიცინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: წმინდა მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: - მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს, შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს.

მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმინდანი ლოცვას მიეცა, მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: - წყლულები დაუამა და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

ამის შემდეგ, წმინდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიცინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილთაგან ათავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ.

მეფის ბრძანებით წმინდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს, - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა:

- "ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით"!

ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმინდა მოწამემ წარმოთქვა "ამინ!" და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს.

ყოველივე 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე აღსრულდა.

წმინდა თეოდორეს ნეშტი 08 ივნისს გადაასვენეს ჰერაკლიადან ევქიტში, წმინდანის საგვარეულო მამულში.
..............................


ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი: სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.



ბეჭდვა
1კ1