რაც გინდათ, ისა ჰქენით, მე მზად ვარ, ქრისტესთვის ყოველგვარი სატანჯველი დავითმინო
რაც გინდათ, ისა ჰქენით, მე მზად ვარ, ქრისტესთვის ყოველგვარი სატანჯველი დავითმინო
"დიდად კურთხეულია მოწამეობა, - ბრძანებს ღირსი მამა ეფრემ კატუნაკელი, - ჩვენი ეკლესია მათი სისხლითაა აშენებული, წმინდა ტრაპეზნი დამყარებულია მათ წმინდა ნაწილებზე. უდიდესი მამანი არიან მამა ანტონი და ღირსი პახუმი, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი სამსხვერპლო მათ ძვლებზე არ დაუმყარებიათ. ხოლო ეს პატივი უცნობ მოწამეთა წმინდა ნაწილთ რგებია". და რაღა უნდა ითქვას იმ პირველმოწამეებზე, რომელთაც თავიანთი მაგალითით განამხნევეს ქრისტეს სამწყსო და "ექმნენ მიზეზ სხვათაცა ახოვანებისა და სიქველისა". წმინდა სტეფანე და წმინდა თეკლა პირველმოწამეთა სახელებს მოწიწებით აღმოიტყოდნენ ქრისტიანენი და "მობაძავ მათდა იქმებოდნენ". მრავალნი და მრავალნი მიჰყვებოდნენ მათ მიერ გაკვალულ გზას ღვთის სასუფევლისკენ.

არ გაგვაჩნია ცნობები, რომ V საუკუნემდე საქართველოში ვინმე ქრისტესთვის ეწამებინოთ. 457 წელს სოფელ წრომში დაიქცა პირველი სისხლი წმინდა რაჟდენისა და მერე და მერე წამოვიდა სისხლის მდინარეები ქრისტესთვის მოკლულ იბერიელთა. ძველად ქართველნი ხშირად არქმევდნენ შვილებს სახელად რაჟდენს, ამით მათ თითქოს წმინდა პირველმოწამეს სწირავდნენ, მიანდობდნენ და წმინდა რაჟდენიც თავგანწირვის, მოწამეობის სულს შთაბერავდა თავის სეხნიებს. ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებმა, თუ გვინდა, რომ გავუძლოთ მომავალ განსაცდელებს, კიდევ ერთხელ უნდა გავიმხნეოთ სული წმინდა რაჟდენის ცხოვრების გახსენებით.

წმინდა რაჟდენი წარმოშობით სპარსი ყოფილა, დიდებულ მთავართაგანი, უერთგულესი სპარსთა მეფისა, რჯულით - ცეცხლის თაყვანისმცემელი და მსახური მზისა და მთვარისა. მას ანდო სპარსთა მეფე ორმიზდმა თავისი ასულის ბალენდუხტის აღზრდა. რაჟდენს მამამძუძეს (ანუ გამზრდელს) ეძახდნენ და დიდ პატივს მიაგებდნენ ყოველნი. როცა წმინდა ვახტანგ გორგასალმა ბალენდუხტი ცოლად შეირთო, ქალს ქართლში, წესისაებრ, მამამძუძეც მოჰყვა თან. მეფე ვახტანგმა შესაფერისი პატივი მიაგო რაჟდენს, მისცა მას სოფელნი და ყმანი და თავის თანამზრახველადაც კი დაადგინა.

მრავალი სათნოებით იყო შემკული ბალენდუხტის გამზრდელი, სიმშვიდე, თავმდაბლობა, მოწყალება გამოარჩევდა არათუ სპარსთაგან, თვით ქრისტიანებისგანაც კი. ფრთხილი იყო და მახვილი გონებით ნეტარი რაჟდენ. იხილა რა ქრისტიანთა ცხოვრების წესი, სარწმუნოება მტკიცე და რჯული ქართველთა, "იწყლა გული მისი" ქრისტეს სიყვარულით. ხშირად მიდიოდა ტაძარში, ისმენდა საღმრთო სიტყვებს და ქადაგებებს. ასე მხურვალე რწმენით ნათელიღო და კეთილმოკრძალებული ცხოვრებით ყველას წარემატა; ამიტომაც საყვარელი და სასურველი შეიქმნა მეფისა და მთავართათვის. წმინდა რაჟდენი, ახალნერგი ქრისტეს სარწმუნოებაში, დღენიადაგ უფლის სჯულს გამოეძიებდა, განსაკუთრებით წმინდათა მოწამეთა მარტვილობის მოსმენა უყვარდა და ნატრიდა მათ აღსასრულს. ევედრებოდა სახიერ იესოს, ღირს ეყო ისიც მოწამეთა დასთან შეერთებისა.

სულ მალე დადგა ეს ჟამიც: სპარსთა, რომელნიც დაუძინებელი მტერნი იყვნენ ბერძენთა, სასტიკი ომი გამოუცხადეს მათ და ქართველებს მოსთხოვეს მეგობრული დახმარება, მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ მეფე პეროზმა, რომელიც ორმიზდის გარდაცვალების შემდეგ გამეფებულიყო, ურიცხვი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ბერძნებს თავისი გასჭირვებოდათ და როგორღა მიეხმარებოდნენ ერთმორწმუნეებს. მეფე ვახტანგმა ციხე-ქალაქნი გაამაგრა და ჯარით მცხეთაში დადგა. შემოსეულმა მტერმა მთელი ქართლი აავსო. მცხეთიდან გამოიჭრებოდნენ რჩეული მხედრები და ეკვეთებოდნენ სპარსელებს. ამ ბრძოლაში, ოთხი თვე რომ გასტანა, ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. წმინდა რაჟდენიც, სხვა ქართველებთან ერთად, ქრისტეს სიყვარულისთვის გულმხურვალედ ებრძოდა სპარსელებს. მტერს თანამოძმისთვის მაზდეანობის ღალატი ვერ ეპატიებინა და მარჯვე დროს ეძებდა მის შესაპყრობად. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლისას ჩაუსაფრდნენ და ხელფეხშეკრული მეფე პეროზს მიჰგვარეს. გაიხარა მეფემ. "მშვიდობა შენდა, რაჟდენ, - უთხრა მან, - სად იყავი აქამდე ან რად უარყავ მამა-პაპის რჯული და მსახურებ ჯვარცმულ კაცსა, რომელიც ჰურიებმა მოაკვდინეს და შენ ღმერთად შეგირაცხავსო". წმინდანმა მიუგო: - "მართალს ბრძანებ, მეფეო. მე ნამდვილი ქრისტიანი ვარ. დავგმე მამული უღმრთოება, აღარ ვცემ თაყვანს აღარც ცეცხლს და არც კაცთა სამსახურად გაჩენილ მზეს. მე ვესავ ცხოველ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა, ხილული და უხილავი. უკანასკნელ ჟამს კაცთა ხსნისათვის ხორციელ იქმნა, ევნო ჯვარზე, დაეფლა და მესამე დღეს აღსდგა და ამაღლდა ზეცად და კვლავ მოველით მის დიდებით მოსვლას მორწმუნეთა მაცხოვნებლად, ხოლო დასასჯელად მათდა, რომელთაც მისი სახელი არ სწამთ."

მეფემ ბრაზი ძლივს შეიკავა და უთხრა, - დამორჩილებოდა მის ბრძანებას და მეტ დიდებასა და პატივს მიიღებდა. თუ არა და "მრავალფერი სატანჯველით მოგკლავთო". წმინდანმა მშვიდი ღიმილით მიუგო: "რა ფასი აქვს შენს დანაპირებს? ყველაფერი ეგ ხომ წარმავალია, მტვერია და კვამლი, უმალ რომ განქარდება. ან სიკვდილით რომ მაშინებ, დავიჯერო, შემდგომ არ მოვკვდები, ვითარცა ყოველი კაცი? ხოლო თუ აქ ქრისტესთვის მოვკვდე, საუკუნოდ უკვდავი ვიქმნე და მის თანა ვსუფევდე. ეს არის ჩემი სურვილი და რაც გინდა, მიყავ, შენს ბრძანებას არ დავემორჩილებიო".

გაწყრა მეფე და მხლებლებს წმინდა რაჟდენის ცემა უბრძანა. მათაც უწყალოდ სცემეს. ყველა კბილი ჩაუმტვრიეს. გახადეს სამოსი და შიშველი ათრიეს "ქვათა მახვილთა ზედა", თან ჯოხებს ურტყამდნენ. ბოლოს, მისი ცემით დაქანცულებმა, ხელ-ფეხი შეუკრეს და ბნელ დილეგში შეაგდეს, არც წყალი მიაწოდეს და არც პური. ხოლო წმინდა რაჟდენი უმეტესად მადლობდა უფალს და ევედრებოდა გაძლიერებას და შეწევნას. ხორცით შეკრული იყო იგი, სულით - თავისუფალი. კარგა ხანს ჰყავდათ საპყრობილეში ჩამწყვდეული, მაგრამ ვერ შეაშინეს. მაშინ მოღალატე ქართველი თავადები, რომელთაც "უყვარდათ" რაჟდენი, მივიდნენ მეფესთან და მისი განთავისუფლება სთხოვეს. ჩვენ მისი თავსმდებნი ვიქნებით. ასეთი დიდი კაცი არ არის სიკვდილის ღირსი. გაუშვი მცირე ხანს თავის მამულში, ნახოს ცოლ-შვილი და ახლობელნი, მათი სიბრალულით და მათივე თხოვნით იქნებ დაგემორჩილოს, თუ არა და, როდესაც გვიბრძანებ, მაშინვე მოგგვრითო". ჭკუაში დაუჯდა მეფეს...

მიხვდა წმინდა რაჟდენი ეშმაკის ხრიკებს და უფრო განმტკიცდა სულიერად. პირველად წმინდა ვახტანგ გორგასალი მოინახულა. სიხარულით მიეგება მეფე-დედოფალი ქრისტეს აღმსარებელს. "მოწლედ ამბორს უყოფდნენ და სიყვარულით მოიკითხვიდეს ამბორისმყოფელნი თვალთა და პირთა მისთანი". უცქერდა მეფე ვახტანგი მის დაწყლულებულ სხეულს და ნატრიდა: ნეტარი ხარ შენ, მხნეო რაჟდენ, და სამგზის სანატრელ არს ღვაწლი შენი, რამეთუ ღვთის სახელისთვის თავს იდევ ესევითარი ვნებანი და "საწერტელნი ქრისტესნი ხორცთა შინა შენთა გიტვირთავს". ამგვარი სიტყვებით განაძლიერებდა მეფე რაჟდენს და ითხოვდა მისგან ღვთის წინაშე მეოხებას.

მეფისგან წამოსულმა თავისი სახლეული მოინახულა. გაიხარეს წმინდა რაჟდენის მოულოდნელი ხილვით, შეიტკბობდნენ და ამბორს უყოფდნენ ხელთა და ფერხთა მისთა და ეტყოდნენ: "ჰოი, სანატრელო რაჟდენ. აღარ ველოდით, ცოცხალს თუ გნახავდით, რამეთუ ყველას განეწირე და ყველა შენს სიკვდილს ვგონებდით. ახლა, რახან ცოცხალი გიხილეთ, ნუღარ დაგვიტევებო". მცირედი ჟამის შემდგომ ეშმაკმა მისი ცოლი აღძრა და ქმარს უთხრა: რად მოგიძულებია სიცოცხლე და ჩვენც გვაობლებ. დაემორჩილე ბრძანებას, რათა ბოროტი სიკვდილით არ მოკვდე და ჩვენც, შენი სიკვდილით დამწუხრებულნი, უფრო მეტ განსაცდელში არ ჩავცვივდეთო". მრავალი ამისთანა გულისმოსალბობი სიტყვა უთხრა დედაკაცმა, რამეთუ ურწმუნო იყო და დაუსრულებელი სიცოცხლისთვის არც ფიქრობდა და არც სურდა იგი. წმინდა რაჟდენი განრისხდა: "რად მაძლევ ამ ბოროტ რჩევას, ჰოი, დედაკაცო, ვითარცა ევა და ვითარცა ცოლი იობისი! შენ რომ დაგიჯერო, ადამივით შევიქმნები: უკვდავებისა წილ - მოკვდავი და უხრწნელებისა წილ - განხრწნილი და მიწად მიქცეული. არაფერია ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბესი, ვინაიდან მანაც სიკვდილის გემო იხილა და ჩვენ უკვდავება მოგვანიჭა. რა დიდი ამბავი იქნება, ჩვენც, მიწანი და მტვერნი, მისთვის რომ მოვკვდეთ და მის თანა ვსუფევდეთ საუკუნოდ? ნუ იყოფინ, შენ გისმინო, დაგიჯერო და წარვწყმდეო". ადგა და განეშორა მათ.

უკან, პეროზ მეფისკენ მიმავალს, მისი გამოგზავნილი მხედრები შეეყარნენ - მეფეს მათთვის რაჟდენის ძალით მიყვანა ებრძანებინა. წმინდანმა მხედრებს უთხრა, - მე ვარ ის, ვისაც ეძებთო. ისინი ჯოხებით ეცნენ წმინდანს, შემდეგ გაკოჭილი მეფეს წარუდგინეს. "როგორა ხარ? - ჰკითხა ურჯულომ, - რა მოიფიქრე? ხომ არ შეიწყალე შენი თავი და უმჯობესი გამოირჩიეო". წმინდა რაჟდენმა მტკიცედ მიუგო: "უცვლელი არის ჩემი განზრახვა. რახან ერთგზის დავუტევე მამა-პაპათა უღმერთობა და ჭეშმარიტება შევიცანი, უკან არ დავუბრუნდები ცეცხლის თაყვანისცემას". მეფე კვლავ "ტკბილი" სიტყვით შეაგონებდა, ხოლო წმინდანი კადნიერად ეტყოდა: - ქრისტეს სიყვარულს ვერანაირი განსაცდელი ვერ განმაშორებს. მზად ვარ, დავითმინო ყველანაირი ტკივილიო. ისევ შეიპყრეს წმინდა რაჟდენი, ისევ უწყალოდ სცემეს. ბოლოს მეფემ შეკრა და სოფელ წრომთან დაბანაკებულ სპარსთა მთავარს გაუგზავნა - იქნებ იმან დააჯეროსო. მთავარმა წმინდანს ქრისტეს რჯულის დატევება ურჩია, მაგრამ უდრეკი იყო წმინდა რაჟდენი: "რაც გინდათ, ისა ჰქენით, მე მზად ვარ ქრისტესთვის ყოველგვარი სატანჯველი დავითმინოო". განრისხებულმა მთავარმა ბრძანა მისი ცემა. უმოწყალოდ ჰგვემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. მწარე ტკივილებით გათანგული მოწამე ყოველივეს მადლობით დაითმენდა. ხოლო უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, საპყრობილეში რამდენიმეჯერ გამოეცხადა თავის ერთგულს, ნუგეში სცა და განაძლიერა.

ვერც ცემამ და ვერც მოფერებამ რომ ვერ გაჭრა, წმინდა რაჟდენის მოკვლა გადაწყვიტეს. "ვინაიდან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქვს სასოება, ჯერ არს, რათა ესეცა ძელითა აღესრულოსო" და აღმართეს ძელი. ზედ დამსჭვალეს ქრისტეს ტარიგი. მერე სხვა ხუთი ძვირისმოქმედი ავაზაკი დაკიდეს ძელებზე და წმინდა რაჟდენის გარშემო აღმართეს. "აღსრულდა" - გაიხსენა ჯვარცმული მაცხოვრის ბოლო სიტყვები წმინდანმა და სული განუზომელი ნეტარებით აღევსო - მცირეც დავითმინო და აღსრულდება ჩემი ოცნებაო. ეშმაკმა კი ბოლო საშუალებაც სცადა: მთავარმა წმინდა რაჟდენის წინ მოისარნი დააყენა და ისრის სროლა უბრძანა. ესროდნენ, ვითარცა მხეცნი გამძვინვარებულნი და არა კაცნი პირმეტყველნი. სროლაც არის და სროლაც, თითქოს არა ჰყოფნიდათ, ამოაძრობდნენ ხოლმე წმინდა რაჟდენს სხეულიდან ისრებს და კვლავ ესროდნენ. ასე მრავალგზის ნაისრალი, დაწყლულებული, სისხლისგან დაწრეტილი იხილვებოდა. ვინაიდან კაციც იყო და მასაც თავს ედვა ბუნებით სიკვდილი, ამოიძახა: "ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა" - და სული თვისი ჩააბარა უფალს.

"აღსრულდა" - პირველმოწამის სისხლი დაიღვარა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე და ამის შემდეგ ქართველთ წმინდა რაჟდენის ღვაწლი ექნებათ მაგალითად ქრისტესთვის თავდადებისა.

უფლის ჯვარცმას მიემსგავსა წმინდა რაჟდენის სიკვდილი. ჯვარცმის დღის მსგავსად, ატყდა სასტიკი ქარი და წვიმა. უკუნი ჩამოწვა გარშემო. შეშინებული მცველნი, მთავარს რომ დაედგინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ წმინდანის ცხედარი, გაიქცნენ. მოვიდნენ ადგილობრივი ქრისტიანენი მღვდელთან ერთად, ჩამოხსნეს მისი წმინდა სხეული და ფარულად დაკრძალეს...

ამის შემდგომ დაზავდნენ ქართველები და სპარსნი. დიდნი პურობანი გარდაიხადეს და ძღვენი სამეუფონი ურთიერთს ანიჭეს. ეს ყოველივე წმინდა რაჟდენის მეოხებით მოხდა, მისმა დანთხეულმა სისხლმა "მშვიდობა ჰყო ქართველთა შორის და დაიცვნა ეკლესიანი ჩვენნი და მოზღუდა მშვიდობითა".

წავიდა სპარსთა მეფეც თავის ქვეყანაში. განიზრახა მეფე ვახტანგმა წმინდა რაჟდენის ნეშტის მოძიება - აღარც წმინდანს სურდა თავისი გვამის დაფარვა, გამოეცხადა ხუცესს და უთხრა: "ნუღარა ჰყოვნი, მამაო, წადი და მოახსენე მეფეს, სადაც არის ნაწილნი ჩემნი დაკრძალულიო". გაიხარა მეფემ, ესმა რა ეს. მოიხმო ეპისკოპოსნი და სამღვდელოთა თანა წარავლინა წმინდა რაჟდენის გადმოსასვენებლად. ფსალმუნთა გალობით და საკმევლის კმევით გათხარეს საფლავი, ამოიღეს წმინდა ნაწილნი. გარემოს მათგან ენით უთქმელი სურნელება გადაეფინა. წააბრძანეს და დაკრძალეს მეფე ვახტანგის მიერ აშენებულ ნიქოზის საეპისკოპოსო ტაძარში. მის სახელზე მეფე ვახტანგმა ტაძრები ააშენა: ერთი - უჯარმის ციხეში და მეორეც - სამგორს.

წელსაც, ძველი სტილით 3 აგვისტოს, ნიქოზის საეპისკოპოსო საყდარში ამ კუთხის მღვდელმთავარ მეუფე ესაიასთან ერთად ყოველი მხრიდან შეიკრიბებიან ქართველნი და წმინდა რაჟდენ პირველმოწამეს შეავედრებენ მთელ საქართველოს. ვინც ვერ მოვახერხებთ ნიქოზში ჩასვლას, შორიდან მაინც შევევედროთ პირველმოწამეს კათალიკოს ლეონიდეს (ოქროპირიძის) სიტყვებით: "წმინდა მთავარმოწამეო რაჟდენ, მუხლთმოდრეკით გევედრებით: აგვინთე დიდსა და პატარას შენებრი ალი ქრისტეს სიყვარულისა მისდა სადიდებლად და თაყვანის საცემლად ქართველთაგან, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა! ამენ".
ბეჭდვა
1კ1