მღვდლად ხელდასხმიდან 4 თვეში, ღამით, ახალგაზრდა მამა ლავრენტი მეუღლითურთ მხეცურად გამოასალმეს წუთისოფელს...
მღვდლად ხელდასხმიდან 4 თვეში, ღამით, ახალგაზრდა მამა ლავრენტი მეუღლითურთ მხეცურად გამოასალმეს წუთისოფელს...
გსმენიათ რამე გასული საუკუნის დასაწყისში ხევსურეთში მოღვაწე ქართველ მამებზე? მატიანეს გადავხედე და მართალია, ბევრი ვერაფერი, მაგრამ მცირედი მაინც შევიტყვე ერთ მართლაც მადლიან, საოცარ კაცზე - მუქოელ მღვდელ მამა ლავრენტი შიოშვილსა და მის არანაკლებ ვაჟკაც მამაზე.

მამა ლავრენტი კომუნისტების გამოჩენამდე ხევსურებით დასახლებულ სოფელ მუქოს სულიერი მწყემსი ყოფილა - მამამისი, ისიც მღვდელი, მართალი და მადლიანი მამა ქრისტესია, 1919 წლისთვის შატილს გადაუყვანიათ სამსახუროდ, მის ადგილას კი, სოფლის სურვილითვე, მისი ვაჟისთვის, მანამდე მედავითნის, ლავრენტი შიოშვილისთვის დაუსხმათ ხელი მღვდლად.

ბოროტის მზაკვრობას ხომ სამანი არ აქვს - არ გასულა ოთხი თვეც და ერთ ღამეს ახალხელდასხმულ მამა ლავრენტის, 26 წლისას, და მის მეუღლეს ვიღაც უღმერთომ საკუთარ სახლში მოუსწრაფა სიცოცხლე...

იმ ღამეს მშობლებთან ერთად მათი ორი პატარა ვაჟი - 5 წლის ნიკოლოზი და 3 წლის გიორგიც ყოფილან, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მკვლელებს ბავშვები დაუნდიათ და ხელი არ უხლიათ.

ამ ამბის მომსწრე ჭარმაგი ხალხი ირწმუნებოდა, - ვინც მამა ლავრენტის უშუალოდ გამოსჭრა ყელი, ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში დაბრმავდა და დარჩენილი 50 წელიწადი საშინელ ტანჯვაში გაატარაო...

მამა ლავრენტი 1893 წელს დაბადებულა და თბილისის სასულიერო სემინარია დაუსრულებია. მღვდლობამდე მამასთან, მუქოში მოღვაწე მამა ქრისტესიასთან, მედავითნედ უმსახურია.

თავად მამა ქრისტესია, როგორც გითხარით, მართალი და უშიშარი, თუმცა ჩია ტანის ვაჟკაცი ყოფილა. მუქოში მისი მსახურებისას იქაურობას ქისტები თურმე ხშირად აწუხებდნენ - გადმოიპარებოდნენ შეგულებული ბილიკებით ხევსურეთის სოფელთა საძარცვად, მაგრამ მანამდე ჩუმად გაიკითხავდნენ, - ის პატარა ტანის მღვდელი მანდა გყავთ თუ ქალაქს არისო. თუ სოფელში არ დახვდებოდათ, ნაკისრ ავკაცობას ჩვეულებისამებრ ბოლომდე მიიყვანდნენ.

ერთხელაც ამდგარან და გადიდგულებულებს გაურისკავთ - მართალია, ქრისტესია მღვდელი იქა ჰყავთ, მაგრამ ვერაფერი დაგვიჭერსო. სოფელს რომ შესევიან, აუკეცია ანაფორის კალთები მამა ქრისტესიას, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად დასდევნებია ურჯულოებს.

რომ დაუნახავთ ამ ყოფაში თავიანთი რისხვა, შეშინებულ ქისტებს იქვე დაუყრიათ ნაპარ-ნაძარცვი და უკანმოუხედავად მოუკურცხლავთ...

გაჰკიდებიათ მათი თავხედობით გულმოსული მამა ქრისტესია და სულ სიბრტყით, ჯოხივით უცია ხანჯალი ქისტების მხრებზე. იქამდე უდევნია, სანამ საიმათოს არ გადაუხიზნავს.

ის დღე ყოფილა და ის დღე - მის სიცოცხლეში ქისტებს აღარც გაუბედავთ იქაურთა შეწუხება.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ
ლუარსაბ ტოგონიძეს.
ბეჭდვა
1კ1