"კასპიით პონტოიამდე ქართველთა ძვლების ხიდია"
"კასპიით პონტოიამდე ქართველთა ძვლების ხიდია"
ამაღლება დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე მეორედ აღნიშნავს XVI-XVII საუკუნეებში სპარსეთში სარწმუნოებისთვის მოწყვეტილ ქართველთა ხსენებას. იმავე დღეს ფერეიდანში, ამაღლების მთაზე, იმ ადგილას, სადაც წმიდა გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ქართველნი, მივლენ ფერეიდნელი გურჯები, აანთებენ სანთლებს და უფალს შეავედრებენ დიდ საქართველოს. ამ მისტიკურ წამს უხილავად შეერთდება ზეციური და მიწიერი ქართველობა და მათი წმინდა ლოცვა, როგორც "ზეითგამოქსოილი" მადლის კვართი, ვითარ ჯაჭვის პერანგი, შემოერტყმება მთელ საქართველოს. რა მოწყალეა უფალი, რა ახლოს არიან ჩვენთან ჩვენი წინაპრები...

სპარსეთში ძალით გადასახლებულ ქართველთა შორის 30 000 ერწო-თიანელი იყო - წმიდანინოსეულ ემბაზში განათლული უმშვენიერესი ქალ-ვაჟნი, "ზოლეიხას სილამაზის მქონე ქალწულები, უწვერული, იოსებ მშვენიერის ღაწვებიანი, ხალებით დამშვენებული ვაჟები და ბავშვები" (ისქანდერ მუნში)... ერი და ბერი, წმიდა გიორგის ყმები - გაუყენეს გზას შორეული ისპაანისკენ. მათგან უმეტესობა სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის მოწყდა, რამეთუ "ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა". ნეტავ სად არის ახლა მათი წმინდა საფლავები, რომ მივიდეთ და "როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღიროთ..."

ისე გავერანდა მაშინ ერწო-თიანეთი, რომ ლამის ერთი საუკუნე ფეხზე ვეღარ წამოდგა. მერე აქ ნელ-ნელა დაიწყეს ჩამოსახლება მთიულებმა, ფშავლებმა, ხევსურებმა. გაქრა ერწო-თიანური დიალექტი, ნაწილობრივ შეიცვალა ტოპონიმიკაც... კიდევ ერთი განსაცდელი ერწოს თავს საბჭოთა პერიოდში დაატყდა. მოსახლეობის ნაწილი აჰყარეს და გარეკახეთში გადაასახლეს, ხოლო მათ ნამოსახლარზე იორი დააგუბეს - ასე წარმოიქმნა სიონის წყალსატევი. წყალსატევმა დაჰფარა სოფლები, საფლავები, ეკლესიები და თვით ერწო-თიანელთა ნათლობის ემბაზი - ჟალეთიც.

თითქოს წარსულს მტვერი მიეყარა, თითქოს დავიწყების წყალსატევმა დაჰფარა ერწო-თიანეთის ისტორია, მამულისათვის მუდამ ერთგულ და თავდადებულ ქართველთა ისტორია...

მაგრამ მოწყალებით მოხედა უფალმა თავის ერს. 2003 წლის 18 აგვისტოს, წმინდა სინოდის განჩინებით, წმინდანებად შეირაცხნენ სპარსეთში სარწმუნოებისთვის მოწყვეტილი ქართველები, მათ შორის ერწო-თიანელნიც. წმიდა მოწამეებმა იმავე დღეს მოახდინეს პირველი სასწაული (ჩვენი აზრით): ღვთისაგან გამოითხოვეს თავის სამშობლო-კუთხისთვის, მონატრებული ფშავ-ხევსურეთისა და ერწო-თიანეთისთვის, საკუთარი საეპისკოპოსო და ეპისკოპოსი, რამეთუ ზეციური საქართველოდან უკეთ ჭვრეტენ ჩვენს სულიერ სიდუხჭირეს, გავერანებულ და განადგურებულ, კაცთაგან ლამის დაცარიელებულ ფშავ-ხევსურეთსა და ერწო-თიანეთს. იმ დროს სპარსეთში მოწყვეტილ ქართველებთან ერთად ახალშექმნილ ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის ეპარქიას თითქოს უხილავად აკურთხებდნენ ძველი ხარჭაშნელი ეპისკოპოსნი, ღირსნი და ღმერთშემოსილნი მღვდელმთავარნი, ადრინდელი სულიერი მწყემსნი ამ მხარისა. თითქოს ზეციდან ნათლის სვეტი დაადგა ხარჭაშნოს ნასაყდრალს, ამ ნათელმა მერე მთელი მხარე მოიცვა... რამდენი საღვაწი დახვდა ახალ ეპარქიაში მის პირველ ეპისკოპოსს მეუფე იეგუდიელს...

ამ მხარეს თავისი მეოხნი ჰყავს: წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა მეფე არჩილი და სპარსეთში მოწყვეტილი ქართველნი. ჩვენც, ამ ეპარქიის შვილნი, წმიდა მოწამეთაგან თითქოს ახალ სასწაულს ველით, ველით დროს, როცა აღორძინდება ჩვენი მხარე, აღდგება და აშენდება ეკლესია-მონასტრები, აწკრიალდება ხახმატის, გუდანის, ლაშარის, წმიდა მეფე არჩილის მონასტრის ზარები, როცა ერი და ბერი ამ კუთხისა ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო იქნება... ნეტავ სულ ასე, ღმერთსა და ჩვენს მოწამე წინაპრებს "ვებარებოდეთ და ვეყვარებოდეთ", დანო და ძმანო, ფშავ-ხევსურნო და ერწო-თიანელნო. დაბოლოს, გვინდა გავიხსენოთ მამა იონა ხელაშვილის მიერ შედგენილი ერთი ლოცვა:

"ეძიე, ადონაი უფალო, სისხლნი ივერიისა,
დანთხეულნი მირიან მეფითგან ვიდრე აქამომდე,
და გამოიყვანე ერი იგი ქართველი
ფერეითგან" (ფერეიდნიდან - კ.კ.)".
ამენ.

ბეჭდვა
1კ1