სანამ მოხუც დეკანოზს სასაკლაოზე კრავივით წინ გაიგდებდნენ, უთხრეს: - ხალხის და სამშობლოს მტერი, აბა, რა საცოცხლებელი ხარ, შენნაირები მიწას არ უნდა ამძიმებდნენო...
სანამ მოხუც დეკანოზს სასაკლაოზე კრავივით წინ გაიგდებდნენ, უთხრეს: - ხალხის და სამშობლოს მტერი, აბა, რა საცოცხლებელი ხარ, შენნაირები მიწას არ უნდა ამძიმებდნენო...
ერთი წითელი ხის კვერთხი ჰქონდა მამა სიმონს - ლამაზად გათლილი, ოთხწახნაგოვანი... ყველასგან გარიყულმა უკანასკნელ ნავსაყუდელში - ფარღალალა ქოხში რამდენიმე ნივთთან ერთად ისიც წაიღო - მოხუცს მთავრობამ შვილებთან ერთად ცხოვრება აუკრძალა, თავისი დიდი ეზოს ბოლოს მტკაველი მიწა მიუზომა და იმ ფიცრულში შეკუნჭულს თვალს არ აშორებდა...

ამას ხელისუფლებამ შინაპატიმრობა დაარქვა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა მისი პატარა შვილიშვილების გულებიდან ბაბუის სიყვარული, თანაგრძნობა და მზრუნველობის მოთხოვნილება ამოეძირკვა.

მისი ერთ-ერთი შთამომავალი, ქეთევან ბაკურაძე იგონებს, - ბაბუა ძალიან გვიყვარდა, გული გვტკიოდა, ასეთ ყოფაში რომ ვხედავდით, მარტოს, დაჩაგრულს... ქოხში შევიპარებოდით და ვულაგებდითო...

მერე სისხლით გაუმაძღარ ხელისუფლებას "ხალხის მტრისთვის" დარჩენილი სიცოცხლე და ეს უბადრუკი ქოხიც ეზედმეტა და 1937 წელს, შემოდგომის ერთ სისხამ დილით მოხუც დეკანოზს გამოუცხადეს: - ხალხის და სამშობლოს მტერი, აბა, რა საცოცხლებელი ხარ, შენნაირები მიწას არ უნდა ამძიმებდნენო და იმავე წლის 13 დეკემბერს დახვრიტეს კიდეც.

მაგრამ განაჩენი კარგა ხნით ადრე გამოუტანეს: - დამყარდა თუ არა წითელი დიქტატურა, მაშინვე დაიწყეს მისნაირებზე ნადირობა - რაჭაშიც ისევე მძვინვარებდა ტერორი და უსამართლობა, როგორც დანარჩენ საქართველოში - ჯერ შვილი, მიხეილი, მოუკლეს ცემით, ალექსანდრე კი იძულებული შეიქნა, გადახვეწილიყო. ამ სიმწარის მიუხედავად, მამა სიმონს წარბი არ შეუხრია. უსათნოესი, დარბაისელი მოხუცი ყველას მანუგეშებლად და ჭირისუფლად დარჩა.

ქეთევან ბაკურაძე: - "ბაბუა 1862 წელს დაბადებულა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჯვარისაში. 17 წლისას ცოლად ალექსანდრა დალაქიშვილი შეურთავს და 8 შვილი შესძენია - 3 ვაჟი და 5 ქალი.

სასულიერო განათლების მიღების შემდეგ ჯერ ჯვარისა-ქედუბნის ტაძარში იმსახურა დეკანოზის ხარისხში, შემდეგ - ტყიბულის მაზრის სოფელ ძმუისის ტაძარში...

ბაბუა კეთილშობილი, უანგარო, დიდად მოსიყვარულე, ტკბილმგალობელი, ხალხური სიმღერის კარგი მცოდნე და დამფასებელი, უფლის ერთგული და ჭეშმარიტი მსახური იყო.

საოცარი სიმტკიცე და ძალა ჰქონდა. ხომ ამდენი უბედურება და დევნა გამოსცადა, იოტისოდენადაც არ გაბოროტებულა, საყვედურიც არ დასცდენია... ისიც მაოცებდა, სადღაც შეკუნჭული, მუდმივი თვალთვალის პირობებში როგორ ლოცულობდა ან როგორ ემზადებოდა ამისთვის: - მოწესრიგდებოდა, სპეტაკ თმასა და წვერს გაისწორებდა და ასე ევედრებოდა უფალს... არ დაივიწყოთ, ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც რელიგიური რიტუალები კი არა, ბაბუასთანების არსებობაც კი აცოფებდათ კომუნისტებს. ისიც მახსოვს, ოჯახში რომ სუფრა იშლებოდა, როგორ აკურთხებდა ხოლმე ტრაპეზს და ოჯახს როგორ ლოცავდა...

1937 წელს, 13 დეკემბერს დახვრიტეს - ეს მაშინ გავიგეთ, როცა 1989 წლის 16 იანვარს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მისი რეაბილიტაციის ბრძანება გამოსცა...

საშინელი და გულისმომკვლელია ეს ყველაფერი... ამ ფოტოს ხომ ხედავთ? მისი ხსოვნა და სახებაც ჩემს გულს აქედან გამონათებულ სხივად და ტკივილად დააჩნდა"...

დოკუმენტური და ფოტომასალის მოწოდებისთვის
მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მანანა ყიფიანს.


P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისათვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონებია: 899 93-48-40, 899 54-82-29.
წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვა
1კ1