"მეც ვიცი, რომ შეგიძლია ავნო ჩემს ხორცს, მაგრამ სულს ვერაფერს დააკლებ"
"მეც ვიცი, რომ შეგიძლია ავნო ჩემს ხორცს, მაგრამ სულს ვერაფერს დააკლებ"
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 23 (10) ნოემბერს წმინდა დიდმოწამე კონსტანტი კახის ხსენებას აღნიშნავს. ვიდრე წმინდა კონსტანტი კახის შესახებ გიამბობთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ წმინდანის სახელობის დედათა მონასტერი თერჯოლის რაიონში, სოფელ სიმონეთში მდებარეობს. 2006-2008 წლებში უფალმა ინება კოსნტანტი კახის, როგორც მომალული წმინდანის გამოჩინება, და ერთი უპრეტენზიო სათნო და კეთილი ადამიანის, კონსტანტინე ბოგვერაძის სიყვარულით აშენდა წმინდა კონსტანტი კახის სახელობის ტაძარი. ტაძარი 2008 წლის 29 ივლისს თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა, გიორგი შალამბერიძემ აკურთხა. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი მარტინე ლომთაძე. 2009 წლის ივლისიდან კონსტანტი კახის ტაძართან დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც ბინა დაიდო დედა სოფიო ბასილაშვილმა. 2012 წლიდან მონასტერმა დაიწყო აღორძინება. მიტოვებულ მონასტერში ჩამოვიდნენ დედა მარიამნა (ფიფია), მხევალი ღვთისა ნატალია ბოგვერაძე( დღეს უკვე მორჩილია) და მოგვიანებით მხევალი ღვთისა თეონა იაშვილი (ახლა უკვე სამორჩილე).

KARIBCHE

-როგორც ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, კონსტანტი კახის ცხოვრების აღმწერი საბერძნეთში მცხოვრები რომელიმე ბერი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მას კონსტანტიდ იხსენიებს, თუმცა ქართული ფორმა კონსტანტინე უნდა იყოს, ამიტომაც მეუფემ ტაძარი კონსტანტინე კახის სახელზე აკურთხა, - მიამბობს მორჩილი ნატალია ბოგვერაძე - ტაძრის პროექტი არქიტექტორ რეზო ჯანაშიას ეკუთვნის, ქტიტორია რეზო ბოგვერაძე, რომელმაც ტაძარი ერთადერთი გარდაცვლილი ვაჟის, კონსტანტინეს სულის საოხად ააგო მშენებელ რომან ბასილაძესთან და სოფლის მოსახლეობასთან ერთად. მონასტერში უფლის დიდებას დილის 4 საათიდან ვიწყებთ, გვაქვს მცირე მეურნეობა, ვმუშაობთ კანკელის ხატებზე და თექაზე, რესპუბლიკური კონფერენციების - "მამულს გული უპირველეს ყოვლისა", გამარჯვებულ მოსწავლეებს ვაჯილდოებდით მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში, ჩოხოსანთა დასის იუბილეზე, დღეს კი აქ ახალგაზრდა პოეტები იკრიბებიან - თითოეულ თქვენგანს აქ სიყვარულით გელით...

KARIBCHE

***
დიდმოწამე კონსტანტი კახის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მორჩილმა ნატალია ბოგვერაძემ მიამბო.

დიდი ილია ბრძანებს: "ერი თავის გმირებში ჰპოვებს თავის სულსა და გულს, თვის მწვრთნელსა, თავის დონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა". VIII საუკუნის მიწურილი იყო, - ასე იწყებს ისტორიკოსი - კონსტანტი კახის ეპოქას არაბული მბრძანებლობა მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენს ჩაჰფრენოდა, დანარჩენი უმეტესი საქართველო სარკინოზული ბატონობიდან დამოუკიდებლად იჩემებდა თავს. უკვე ჩამოყალიბებულიყო ოთხი დამოუკიდებელი ქართული სამთავრო: კახეთი, ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი, აფხაზეთი, ანუ დასავლეთ საქართველო. ყოველი მათგანი ერთდროულად იბრძოდა როგორც უცხოური უღლის დასამხობად, აგრეთვე საქართველოს ჰეგემონობისათვის. 852 წელს ხალიფა მუთავაქირმა აჯანყებით ცეცხლმოდებულ ამიერკავკასიაში 30 000-იანი არმია გაგზავნა. არაბულ მხედრობას სათავეში ჩადგომოდა უკიდურესად სისხლმოყვარე და კაცთმოძულე მხედართმთავარი "თურქი მონა" - ბუღა. არაბთა მხედრობამ აჯანყება ჯერ სომხეთში ჩაახშო და 853 წელს ბუღა თურქის უზარმაზარი ლაშქარი საქართველოს მოადგა. თბილისს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაბი ამირა მართავდა - საჰაკ ისმაილის ძე, რომელიც ხალიფას განდგომოდა და მისთვის ხარკის გადახდაც შეეწყვიტა , ამიტომ ბუღამ ჯერ თბილისი აიღო და ამირას თავი გააგდებინა. უმძიმესი იყო ეს დღე ქართველთათვის, 853 წლის 5 აგვისტოს, შაბათ დღეს 50 000 თბილისელი გაწყდა, შემდეგ გამძვინვარებული ბუღა თურქი თბილისიდან სამთავროებისაკენ დაიძრა. ამ დროს ქართლში ცხოვრობდა სათნოებითა და მოწყალებით განთქმული კონსტანტი, რომელსაც კახი მას თავისი "მამულისა მის ქვეყნისა გამო" ეწოდა. იგი იყო დიდი სიმდიდრის და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელი. მას არამარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთის მოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედს. მან დიდი მოწიწებით მოილოცა იურუსალიმის წმინდა ადგილები, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები და ქართლში დაბრუნების შემდეგ ყოველწლიურად ოცდაათ ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმინდა ადგილებისათვის.

KARIBCHE

ისტორიული ცნობების თანახმად 85 წლის კონსტანტი კახი თავის ვაჟ თარსუჯთან ერთად სათავეში ჩაუდგა ქართლის ლაშქარს ბუღა თურქის წინააგმდეგ. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა ქართველები დამარცხდნენ, ხოლო კონსტანტი კახი და მისი ვაჟი, თარსუჯი ტყვედ ჩავარდნენ. ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად მოგვთხრობს ატენის სიონის წარწერა: "თუესა აგუსტოსა ე-სა, შაბათსა დღესა, ქორონიკონსა ოგ-სა, ქალაქი თბილისი დაწვა ბუღამ და შეიპყრა ამირა საჰიკ და მოკლა და დღესა შაბათსვე შეიპყრა კახაი და ძე მისი თარსუჯი". ტყვექმნილი კონსტანტი კახი ბუღა თურქს წარუდგინეს, რომელმაც ჰკითხა - "ნუთუ არ იცოდი, ჩემს ურიცხვ არმიას ვერ მოერეოდი და მაინც ჩემს ხელთ აღმოჩნდებოდით, დღეს ღმერთმა თქვენი თავი ჩვენ მოგვცა გასაჟლეტადო". კონსტანტიმ მშვიდად მიუგო - "მეც ვიცი, რომ ღმერთმა ჩაგვაგდო თქვენს ხელში, მაგრამ არა თქვენი სიყვარულისთვის, არც თქვენი კეთილი საქმეების გამო, არამედ იმიტომ, რომ არ დავიცავით მისი მცნებები - ხოლო ჩემთვის უფფრორიგად სათნოა მოწეული განსაცდელი, რადგან უფალმა დამამდაბლა მისი მცნებების დასაცავადო". წმინდანი მხნედ ითმენდა განსაცდელს და უფლის სიტყვებს იხსენებდა; "ნეტარ იყვნენ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდნენ და თქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის". რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა კონსტანტი კახი მძიმე რკინის ბორკილებით შეკრეს და ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ისმაიტელ მეფე ჯაფართან, რომელმაც უთხრა; "აჰა, ჩემს ხელთ ხარ და მე შემიძლია კეთილი ან ბოროტი გიყო შენ, ამიტომ ისმინე და დამემორჩილე, აღიარე ჩვენი რჯული და უარყავი შენი ცდომილი ქრისტე, გონიერი ადამიანი ჩანხარ და მოიღე ჩემგან კეთილი და უაღრესი დიდება და ჩემს მრჩევლად და შენს მეგობართა შორის უდიდესად გაგხდი. თუ არ დამიჯერებ მახვილით მოკვდები, შენს ხორცს ცის ფრინველებს მივუგდებ საჯიჯგნად, ვერავინ შეძლებს ჩემგან დაგიხსნასო". მაშინ წმინდა კონსტანტიმ უპასუხა; "მეც ვიცი, რომ შეგიძლია ავნო ჩემს ხორცს, მაგრამ სულს ვერაფერს დააკლებ, როგორც იტყვის ამას უფალი ჩემი და ღმერთი, ამიტომ არ მეშინია შენი მახვილის, არამედ მეშინია იმის, ვისაც შეუძლია მოკლას სულიც და ხორციც და კვლავ ხელეწიფება გაცოცხლება, ამიტომ მისი სახელისათვის სიხარულით დავითმენ ყოველივეს, რადგან იგია ჭეშმარიტი ღმერთი, აღასრულე ჩემზედ რაც გსურდეს". მეფემ მოისმინა რა ეს სიტყვები, განრისხებულმა ბრძანა წმინდა კონსტანტის საპყრობილეში ჩასმა და იმ ორი სომეხის მეთვალყურეობა, რომლებიც ქრისტეს რჯულის უარყოფისათვის დიდ პატივში იმყოფებოდნენ სამარაში. მათ უთხრეს: "ჩვენც ქრისტიანები ვიყავით, ჩვენ მივიღეთ ამქვეყნიური დიდება, თუმცა საუკუნო ცხოვრებისათვის ვინ იცის რა არის უმჯობესი". მაშინ კონსტანტი კახმა უპასუხა; ასე გადაეცი თქვენს მეფეს: "ნუ იმედოვნებს, რომ ამ საქმეს აღვასრულებ მე, არამედ აღასრულე ის, რისი აღსრულებაც გსურდეს-თქო, ხოლო თქვენ რაღას მაიძულებთ რომ დაგემსგავსოთ? დამეხსენით ამიერიდან განმეშორენით".

KARIBCHE

შემდეგ ზეცად აღავლინა ხელები და უფალს შეჰღაღადა ; "გიგალობ შენ უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელმაც მომეცი ძალა წინ აღვდგომოდი ამ უკეთურ მსაჯულს და შენი ნათელის ღირსი გამხადე, რადგან შენდამი მოვილტვი ძეო ღვთისაო, ღმერთო ჩემო, შეიწირე ჩემი მსხვერპლი და მიიბარე სული ჩემი რათა წარმართებმა ვერაფერი მავნონ".

KARIBCHE

სომეხმა ერისთავებმა მეფე ჯაფარს ყველაფერი მოახსენეს, მან კონსტანტი კახისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ლოცვად მდგარ კონსტანტი კახს თვალთაგან ცრემლის ნაკადული გადმოსდიოდა, მას უმოწყალოდ სცემდნენ და აწამებდნენ, ბოლოს ჯალათმა მოჰკვეთა თავი და მახვილზე წამოგებული ურჯულო მეფეს მიართვეს ისე, როგორც იოანე ნათლისმცემელის თავი - ჰეროდეს და ტანი კი გრძელ ძელზე ჩამოკიდეს. და უცნობი ჟამთა აღმწერელი მოგვითხრობს, რომ მრავალი სასწაული აღევლინებოდა იმ დღეებში იქ. მოგვიანებით ქართველებმა წმინდანის სხეული სამშობლოში გადმოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს, მაგრამ სად, ვერც ერთ წყაროში ვერ მივაკვლიეთ, ხოლო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მის ხსენებას წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს, რამეთუ სწორედ ამ დღეს 853 წლის 23 (10) ნეომბერს აღესრულა იგი, წმინდა დიდმოწამე კონსტანტი კახი.

კონსტანტი კახის ლოცვის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.

სიმონეთის დედათა მონასტრის საკონტაქტო ტელეფონია 598 39 11 49

ბეჭდვა
1კ1