მე მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა მომეთხოვება, ყველაფერს საღმრთო მადლი დაასრულებს
მე მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა მომეთხოვება, ყველაფერს საღმრთო მადლი დაასრულებს
მამებმა აკურთხეს ნექტარიოსი მოწამებრივი აღსასრულისთვის
წმინდა ღირსმოწამე მცირე აზიაში, სოფელ ვურლაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა 1799 წელს. წმინდა ნათლისღებით ნიკოლოზი უწოდეს. 17 წლისა გახლდათ, მამა რომ გარდაეცვალა და დედამ ვინმე ჰუსეინ აღას მიაბარა მეცხვარედ. ამ დროს ეფესოს მხარეში ჭირი მძვინვარებდა. მოსახლეობა სოფლებს გაერიდა. ნიკოლოზიც გახიზნულიყო სხვა ექვს ბერძენ ბიჭთან ერთად. აღამ დრო იხელთა და აცდუნა: "ჭირმა მარტო ქრისტიანები დახოცა; თქვენც ეგ გელით, თუ ალაჰს არ იწამებთო". ერთი სიტყვით, ბიჭები წინადაცვითეს და თურქული სამოსით შემოსეს.

ჭირი შეწყდა და ხალხი სახლებს დაუბრუნდა. დაბრუნდა ჰუსეინ აღაც. ნიკოლოზმა შეიტყო, რომ დედა გადარჩენოდა და გახარებული შინისკენ გაიქცა. თურქულ სამოსში გამოწყობილი რომ დაინახა, დედა ყველაფერს მიხვდა და შვილს მრისხანედ უთხრა: განვედ ჩემგან, ვეღარ გცნობო! ნიკოლოზი თავის მართლებას მოჰყვა, მუსულმანობა მოტყუებით მიმაღებინესო, მაგრამ ქალი ამან უფრო განარისხა: "მე შენ ქრისტიანად გაგაჩინე და არა თურქად, განმეშორე და აღარ დამენახოო!" მისმა სიტყვებმა სულის სიღრმემდე შეძრა ბიჭი, შეიგნო სიმძიმე თავისი ცოდვისა და შერცხვენილი სმირნაში, ბიძასთან გაეშურა. მისი უბედურების ამბავი რომ მოისმინა, ბიძამ ევროპული ტანსაცმელი გადააცვა, ფულიც მისცა და დაარიგა, კონსტანტინოპოლის გავლით რუსეთში წადი და იქ შეინანე შენი საქციელიო. მართლაც გაემგზავრა ნიკოლოზი კონსტანტინოპოლში, იქიდან კი ვალახიაში, მაგრამ რუსეთში რატომღაც აღარ წასულა და უკან, სმირნაში დაბრუნდა. მაშინ კი ბიძამაც გააგდო. მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა მონანული ცოდვილი. საბედნიეროდ, იმ დროს სმირნაში ერთი მთაწმინდელი მოძღვარი ჩამოსულიყო. ქრისტიანებმა ნიკოლოზი მას მიუყვანეს. მოძღვარმა აღსარება ათქმევინა, მერე კი ურჩია, ათონის მთაზე წასულიყო. ისიც სიხარულით დათანხმდა.

ათონზე ნიკოლოზი თანამემამულე ბერს შეხვდა და მასთან დასახლდა. ბერმა ერთ გამოცდილ მოძღვარს ჩააბარა.

გავიდა ხანი და ნიკოლოზს გული საღმრთო სიყვარულით აღევსო. გადაწყვიტა, უარყოფის სანაცვლოდ, ქრისტესთვის სისხლი დაეღვარა. მოძღვარმა უთხრა: ვაითუ ვერ გაუძლო, შვილო, წამებას და ქრისტე მეორედ უარყო. დარჩი ათონზე და სულიერად განძლიერდიო. ნიკოლოზმაც თავის გამოსაცდელად და მეტი სულიერი ღვაწლისთვის წმინდა ანას სკიტს მიაშურა, სადაც მისი თანამემამულე ბერი, მამა სტეფანე მოღვაწეობდა. მანვე აღკვეცა ბერად და ნექტარიოსი უწოდა.

დიდ ღვაწლს მისცა თავი ნექტარიოსმა: ღამისთევას, ლოცვას, მუხლთადრეკას... საკვებად მხოლოდ პური და წყალი ჰქონდა. გავიდა ხანი და ნექტარიოსიც განემზადა მოწამებრივი აღსასრულისთვის. მოძღვარს სთხოვა, ამის ნება მიეცა. მამა სტეფანემ ეს საკითხი მარტომ ვერ გადაწყვიტა და რჩევა გამოცდილ მოძღვრებს ჰკითხა. ნექტარიოსის სიყმაწვილის შემხედვარეთ, ეშინოდათ, ვაითუ წამებას ბოლომდე ვერ გაუძლოსო. ის კი თავმდაბლად მიუგებდა: მე მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა მომეთხოვება, ყველაფერს საღმრთო მადლი დაასრულებსო. როცა მისი მტკიცე სურვილი იხილეს, მამებმა აკურთხეს ნექტარიოსი მოწამებრივი აღსასრულისთვის. მამა სტეფანე კი თან გაჰყვა, რათა განსაცდელის ჟამს სულიერი შვილისთვის ნუგეში ეცა.

ნექტარიოსი სამშობლოში დაბრუნდა, რათა სწორედ იქ დაეთხია სისხლი, სადაც უფალს უღალატა. შინ არც კი მისულა, თურქული სამოსი ჩაიცვა და ბაირამობამდე თავს ჭეშმარიტ მუსულმანად აჩვენებდა. სამი დღის შემდეგ მსაჯულის წინაშე წარდგა: "ეფენდი, შენ ალბათ ფიქრობ, რახან თურქული ტანსაცმელი მაცვია, მუსულმანი ვარ. ცდები, ქრისტიანად დავიბადე და ჭეშმარიტ ქრისტიანად ვრჩები. სიყმაწვილეში ჰუსეინ აღასგან მოტყუებულმა ქრისტიანული რწმენა უარვყავი, ახლა კი მოვედი, რათა საქვეყნოდ ვაღიარო იგი, მსურს, ჩემი დიდი დაცემა სისხლის დათხევით გამოვისყიდო". მოიხადა ფესკა, მიწაზე დააგდო და ფეხით გათელა. მისმა სიმამაცემ განაცვიფრა ყადი: "შვილო, ვხედავ, ახალგაზრდა ხარ და გონივრულად ვერ განსჯი. ნუ უღალატებ ალაჰს". "ჩემი სიყმაწვილე ნუ განაღვლებს, - ღიმილით მიუგო ნექტარიოსმა, - შენ მარტო ბრძანე ჩემი წამება და ნახავ, უფლის მიერ განძლიერებული როგორ დავითმენ სატანჯველს. დიდი ხანია ყველაფერი ავწონ-დავწონე, თორემ აქ არ მოვიდოდი დასაწყევლად მაჰმადისა, ვითარცა ცრუსი და ძისა სატანისა". ყადის ენანებოდა ტანჯვისთვის ყმაწვილი და უკან გაუშვა, - წადი და კიდევ ერთხელ დაფიქრდიო.

მეორე დღეს ნექტარიოსი კვლავ გამოცხადდა ყადის წინაშე და აღიარა ქრისტე მაცხოვარი. მაშინ კი დილეგში ჩააგდეს წმინდა მოწამე, ფეხებზე ხუნდები დაადეს და კისერზე მძიმე ჯაჭვი ჩამოჰკიდეს. მის მოსანადირებლად მდიდარი მუსულმანები მიდიოდნენ, უთვალავ საგანძურს ჰპირდებოდნენ, მაგრამ ნექტარიოსისთვის ამქვეყნად უდიდესი სიმდიდრე ფეხებზე დადებული ხუნდები იყო და მათ არაფერზე გაცვლიდა.

ხუთი დღის შემდეგ წმინდანი კვლავ მიჰგვარეს ყადის, მაგრამ ვერც მისმა ალერსმა და ვერც მუქარამ რწმენა ვერ შეურყია ნექტარიოსს. მაშინ წინანდელზე უფრო დიდი ჯაჭვი დაადეს ქედზე, ფეხებიც შეუბორკეს. მრავალი სატანჯველი მიაყენეს წმინდანს: არგნით სცემდნენ, თავზე გავარვარებულ რკინის ქვაბს ადგამდნენ, აწამებდნენ... და ასე რამდენიმეგზის. წმინდანი გონებას კარგავდა... ჩააგდებდნენ საპყრობილეში, ის კი მეორე დღეს უფლის მიერ განკურნებული საღ-სალამათი წარუდგებოდათ ხოლმე.

ყადი დაიბნა, მიხვდა თავის უძლურებას ამ ყმაწვილის რწმენის წინაშე და მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. წმინდა ნექტარიოსი 1820 წლის 11 ივლისს აღესრულა, მხოლოდ 21 წლისა.

მისი სხეული თურქებმა ამომშრალ ჭაში ჩააგდეს და მიწა მიაყარეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა ჭა გათხარეს, წმინდა ღირსმოწამის ცხედარი ამოასვენეს და დაინაწილეს - ნაწილი მამა სტეფანემ წააბრძანა ათონზე, ნაწილი ადგილობრივ ქრისტიანებს ერგოთ, ნაწილი კი - წმინდა ნექტარიოსის ღვთისმოშიშ დედას.

წმინდა ღირსმოწამე ნექტარიოსის ხსენებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აღნიშნავს. ჩვენც შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!
ბეჭდვა
1კ1