წმინდა მღვდელმოწამე დიონისე ალექსანდრიელი (+264-265) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა მღვდელმოწამე დიონისე ალექსანდრიელი (+264-265) - 05 (18) ოქტომბერი
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.

ამავე ქალაქში დაასხეს მღვდლად ხელი, 248 წელს კი - ეგვიპტური მიტროპოლიის ეპისკოპოსად აირჩიეს.

გარკვეული ხნის შემდგომ ალექსანდრიელ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, რომელსაც თან ჯერ ეპიდემია მოჰყვა, შემდეგ კი - სამოქალაქო ომი. ღირსი მამა განმარტოვდა და იქიდან წერილობით ამხნევებდა და განამტკიცებდა სულიერ შვილებს.

249 წლის დეკემბერში ახალმა იმპერატორმა, დეციუსმა, ახალი ედიქტი გამოსცა, რომლის თანახმადაც იმპერიის ყოველ მკვიდრს კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა ევალებოდა.

მღვდელმთავარმა ქალაქი დატოვა და ჯერ მარეოტიდს მიაშურა, შემდეგ კი ლიბანის უდაბნოს შეერთო, ხოლო როგორც კი დევნა შესუსტდა, კვლავ ალექსანდრიას დაუბრუნდა და დევნილი ეკლესიის აღდგენას შეუდგა.

ღირსი მამა მეტად კეთილგონივრულად ეპყრობოდა მათ, ვინაც დევნის სიმძიმეს ვერ გაუძლო და შემდგომ სინანულით მიუბრუნდა დედაეკლესიას.

მადლმოსილი და ოქრონეტარი სიტყვით მრავალი სული იხსნა წარმართული ცრურწმენებისა და მწვალებლობათა შხამისაგან, მტკიცედ აღუდგა წინ ნოვაციანეს ერესს, რომელმაც იმდროინდელი ეკლესიის ნაწილი მოიცვა.

ვალერიანეს მმართველობისას (257-258 წლები) ალექსანდრიის პრეფექტად ემელიანე დაინიშნა, რომელმაც ხელი¬სუფლების გადაბარებისთანავე უხმო ნეტარ დიონისეს, მის მოწაფეთ და მორწმუნეთ და ყოველგვარად აიძულებდა, ქრისტე უარეყოთ, თუმცა, უშედეგოდ.

მაშინ ყველა ლიბანის უდაბნოს განაპირას მდებარე სოფელ კეფროში გადაასახლა და ყოველგვარი შეკრება, სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობა და ერთურთში რამის განხილვაც აუკრძალა.

ტირანმა არც მღვდელმთავრის სნეულება გაითვალისწინა, დაუყოვნებლივ გაუყენა გრძელ გზას.

დევნილნი იქ ყოველგვარ დამცირებას და შეურაცხყოფას დაითმენდნენ, მაგრამ უფალმა მალე ანუგეშა: - ალექსანდრიიდან და სხვა სოფლებიდან უამრავი მორწმუნე გაეშურა მათკენ, წმინდა მღვდელმთავრის სიტყვამ კი - მრავალი იქაური წარმართი გააქრისტიანა, ასე რომ მისმა დევნილობამ სამისიონერო ხასიათი შეიძინა.

როგორც კი ამის შესახებ ემილიანემ შეიტყო, დევნილნი ახლა ავაზაკთა და მძარცველთაგან აოხრებულ მარეოტიდს გადახვეწა და სხვადასხვა სოფლებში დაასახლა, სადაც კვლავ მრავალი ჭირი დაითმინეს.

თუმცა, დიდხანს არც იქ მოასვენეს, - მალე ხორშაკ და ძალზე სახიფათო ადგილას უკრეს თავი, სადაც 12 წელიწადს იცხოვრეს.

სწორედ იქ შეჰვედრა სული უფალს უდიდესმა მამამ, მოკლე ხანში - მისი მოწაფე, გაიოზიც მიიცვალა, მოწაფეთაგან სხვანი კი - დიაკონნი, ევსევიოსი, ფავსტი და პრესვიტერი მაქსიმე კი გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომაც განაგრძობდნენ თავიანთი დიდი მოძღვრის საქმეს.

მოგვიანებით, დიოკლეტიანეს ჟამს, ფავსტი მოწამებრივად აღესრულა, ევსევიოსს - ლავდიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, მაქსიმემ კი 265-282 წლებში ალექსანდრიის კათედრა გადაიბარა.

ბეჭდვა
1კ1