წმინდა ქალწულმოწამე ხარიტინა პონტოელი (+304) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა ქალწულმოწამე ხარიტინა პონტოელი (+304) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.

როგორც კი გაიგო, ხარიტინა ქრისტიანი იყო, კომიტმა, სახელად - დომეტიმ მის პატრონს მისწერა, ქალწული დასაკითხად მასთან გაეგზავნა.

ამ უკანაკნელმა, უწყოდა რა მსახურის გარდაუვალი ხვედრის შესახებ, თან მისი დაკარგვა არ სურდა, ჯვალოთი შეიმოსა და მწარედ ატირდა.

სიხარულით აღვსილმა ქალწულმა კი მწუხარე პატრონი ამ სიტყვებით ანუგეშა:

- ჩემო ბატონო, ნუ კი იგლოვ, არამედ იხარებდე, რამეთუ ჩემი და შენი ცოდვების გამო ღვთისთვის სათნო მსხვერპლი ვიქნები!

- ღვთის მონავ, მომიხსენიე უფლის საყდრის წინაშე, - შესთხოვა პასუხად კლავდიუსმა და დომეტის წარუდგინა.

ხარიტინამ უშიშრად აღიარა, - ქრისტიანი ვარო, მის შეურაცხყოფად, ნეტარს თმა წარკვეტეს, მაგრამ, ღვთის ძალით, მყისვე ახალი თმა ამოუვიდა.

მაშინ ჯალათებმა თავის ქალიდან ტყავი ააგლიჯეს და ზედ გავარვარებული ნახშირები დაადეს, შემდეგ - მკერდში გახურებული მახვილები გაუყარეს, გვედრები კი - მაშხლებით ამოუშანთეს, ბოლოს - კისერზე მძიმე ქვაგამობმული ზღვას მისცეს.

მაგრამ, ყველას გასაოცრად, ხარიტინა უვნებელი დაბრუნდა და მსაჯულს წარუდგა, ტირანმა კი ჯერ კბილნი დააცალა, შემდეგ - კვლავ საზარელ ტანჯვას მისცა, ბოლოს - წასაბილწად საროსკიპოში გაგზავნა.

ნეტარმა ღმერთს შესთხოვა, ამ შეურაცხყოფისგან დაეხსნა და იმავე წუთს მიიცვალა.

ხარიტინას წმინდა ნაწილნი, რომელნიც უსჯულოებმა ზღვას მისცეს, სასწაულებრივივად პოვეს, კლავდიუსმა კი გააპატიოსნა და მიწას მიაბარა.

ტროპარი:

ტარიგი შენი, იესუ, ხარიტინა ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა-ჯუარს-ვეცუმი, და თანა-დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთუის, რაითა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათუის, რაითა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხუერპლი უბიწოი, მიმითუალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:

გონიერებითა მტკიცითა, ხარიტინა, სული შენი შეჰზღუდე სარწმუნოებითა, და ბრძოლათა მტერისათა ცხადად არცხუინე, და ქრისტესა წარმოუდეგ, ყოვლადნეტარო, მეწამულითა სისხლთა შენთაითა შემკობილი, და მარადის ანგელოზთა თანა იხარებ, მას ევედრე ჩუენთის, ღუაწლისამძლეო.

ბეჭდვა
1კ1