წმინდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კიტიონის ეპისკოპოსი (VII-VIII) - 14 (27) ოქტომბერი
წმინდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კიტიონის ეპისკოპოსი (VII-VIII) - 14 (27) ოქტომბერი
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში სიტყვა წარმოუთქვამს მისი წმინდა ნაწილების წინაშე, სადაც ამბობს, იგი აღმოსავლეთიდან იყოო. აქედან გამომდინარე, წმინდა თერაპონტე 740 წლამდე ცხოვრობდა, ანუ ანდრია კრიტელის გარდაცვალებამდე.

კვიპროსის ეკლესიაში დამკვიდრებული აზრით, წმინდა მღვდელმოწამე თერაპონტე იყო 300 ალამანელ მამათაგანი, რომლებიც სარკინოზთაგან დევნილნი, VII საუკუნეში გამოიქცნენ აღთქმული მიწიდან, მათ შორის იყვნენ ეპისკოპოსები, მღვდლები, მონაზვნები, ერისკაცებიც. მათი გემი პაფოსის ახლოს ჩაიძირა, ამიტომაც ისინი კვიპროსის მიწაზე გადმოვიდნენ და მთელ კუნძულზე, სხვადასხვა ადგილას დასახლდა ორ-ორი, სამ-სამი კაცი.

ანდრია კრიტელის ნათქვამით ვიცით, რომ თერაპონტე ოდესღაც პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის მონაზონი იყო.

მან დაითმინა დევნა ხატთმებრძოლთაგან, მართლმადიდებლურ რწმენას არ უღალატა. დიდხანს ცხოვრობდა იერუსალიმში, სახელი გაუვარდა სასწაულქმედებით, მაგრამ საერო დიდებას გამოექცა და კვიპროსზე ჩამოვიდა, სადაც ქალაქ კიტიონის (თანამედროვე ლარნაკა) ეპისკოპოსად დაადგინეს. წმინდანი განაგრძობდა ქადაგებას და რწმენის სასწაულებით განმტკიცებას. იგი ღრმად მოხუცებული არაბმა მეკობრეებმა ღვთისმსახურებისას ეკლესიის საკურთხეველში მოკლეს.

წმინდანის სხეული ჯერ კვიპროსზე ესვენა და მრავალი სასწაულით განდიდდა. შემდეგ კი სარკინოზთა შიშით იუსტინიანე II-ის ბრძანებით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. სხვა ვერსიით კი გადასვენება თვითონ წმინდანმა ითხოვა. აღსანიშნავია, რომ როცა გემით მიასვენებდნენ წმინდა ნაწილებს, მირონის დენა დაიწყო და მეზღვაურებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ აბობოქრებულ ზღვის ტალღებს. წმინდა ნაწილები ჯერ ელაუსას (მოწყალე) ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაასვენეს. 806 წელს კი ახალაშენებულ წმინდა მღვდელმოწამე თერაპონტეს ტაძარში. წმინდა თერაპონტეს ლოცვით, მრავალი მძიმედ დაავადებული განიკურნა და მრავალი მომაკვდავი სრულიად ჯანმრთელი ფეხზე წამოდგა. წმინდა თერაპონტეს 14 მაისს იხსენიებენ საბერძნეთში, ხოლო კვიპროსში - 14 ოქტომბერს.

ბეჭდვა
1კ1