ღირსი სილუანე (სილვანე), ღაზელი ხუცესი და მასთან ერთად წამებული 33 მარტვილი (IV) - 14 (27) ოქტომბერი
ღირსი სილუანე (სილვანე), ღაზელი ხუცესი და მასთან ერთად წამებული 33 მარტვილი (IV) - 14 (27) ოქტომბერი
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა და უფალს შეუვრდა, ის ღაზის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს.

როცა დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დიდი დევნა დაიწყო, ღირსი მამა იმგვარი მოშურნეობით შეუდგა ღვაწლს და მადლმოსილი ცხოვრებით და სიტყვით იმდენი სული შესძინა სასუფეველს, რომ კერპთმსახურებმა შეიპყრეს და კესარიის მმართველ ფირმილიანეს სასამართლოს წარუდგინეს, რომელიც თავისი სისასტიკით იყო განთქმული. წმინდანი არ შეეპუა იქ შეკრებილ წარმართებს და ისინი კერპთაყვანისცემაში ამხილა, რისთვისაც ის უმოწყალოდ გვემეს, ნეკნები ჩაუმსხვრიეს, შემდეგ სხეული დაუსერეს, ბოლოს კი ფენოს სპილენძის საბადოში გაგზავნეს სამუშაოდ, რომელიც მკვდარი ზღვის სამხრეთით ორმოც კილომეტრში მდებარეობდა.

მრავალრიცხოვან ქრისტიანთაგან ხეიბრებს და მათ, ვისაც ავადმყოფობის თუ სიბერის გამო მუშაობა აღარ შეეძლოთ, ნება დართეს, ცალკე ეცხოვრათ და გარკვეული თავისუფლებაც უბოძეს. წმინდა სილუანეს ქცევა და სიბრძნე რომ იხილეს, ტყვე ქრისტიანებმა ის თავის ეპისკოპოსად აირჩიეს (ამიტომაც მას ზოგიერთ ხელნაწერში კესარიის ეპისკოპოსსაც ეძახიან). სათავეში მოსულმა იმპერატორმა მაქსიმინმა ვერ დაითმინა, რომ ტყვე ქრისტიანები არ ღალატობდნენ თავიანთ რწმენას, მარხულობდნენ, ლოცულობდნენ და ღვთის სათნოდ ცხოვრობდნენ, და მისი ბრძანებით წმინდა იულიანეს და კიდევ 39 ტყვე ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.

ეს მოხდა 311 წელს. წმინდა სილუანეს 4 მაისსაც იხსენიებენ.

ბეჭდვა
1კ1