ღირსი თეოფანე, მმარხველი და აღმსარებელი (+დაახლ. 300) - 09 (22 ) სექტემბერი
ღირსი თეოფანე, მმარხველი და აღმსარებელი (+დაახლ. 300) - 09 (22 ) სექტემბერი
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.

მისი მშობლები წარმართები იყვნენ, თავად თეოფანე კი ბავშვობიდანვე შეუდგა ქრისტეს.

ერთხელ ყინვისგან გათოშილი ბიჭუნა დაინახა და თავისი სამოსი მისცა. შინ მიბრუნებულმა კი მშობლებს უთხრა:

- ჩემი სამოსი ქრისტეს დავუთმეო.

მამამ გაიოცა:

- ქრისტე ვინ არის? პატივს ჰერმესსა და აპოლონს მივაგებთ, ქრისტეზე კი არა მსმენია რაო!

მაშინ ბავშვმა მშობლები დატოვა და ღვთის ანგელოზის უწყებით, დიავინის მთას მიაშურა, სადაც ვინმე განდეგილს შეხვდა, იმ ადგილას სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში რომ მოსაგრეობდა, დაემოწაფა და მისგან ანგელოზებრივი ცხოვრების წესნი და წმინდა წერილი შეისწავლა.

ასე ცხოვრობდნენ ზეცისა კაცნი, რომელთაც თვით ღვთის ანგელოზი ასაზრდოებდა. ხუთი წლის შემდგომ ხუცესმა ღვთივ განისვენა, თეოფანემ კი იქ მარტომ ორმოცდათვრამეტი წელი იღვაწა.

ერთხელ ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: - დროა, ერში დაბრუნდე და ადამიანებს ღვთის სიტყვა უქადაგოო.

თეოფანე ლომზე შეჯდა და ასე უქადაგებდა იმ მიდამოთა მკვიდრთ სახარებას.

მალე იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს და საზარლად ტანჯეს, თუმცა შედეგად კვლავ წმინდა მამის სიტყვით გაქრისტიანებული მრავალი წარმართი მიიღეს.

მისმა სიმტკიცემ ისე მოხიბლა იმპერატორი, თეოფანეს გათავისუფლება ბრძანა.

ნეტარი მამა კვლავ თავის მღვიმეს დაუბრუნდა, სადაც კიდევ ჩვიდმეტ წელიწადს იგანდეგილა, შემდგომ კი - სული თვისი უფალს შეავედრა.

ბეჭდვა
1კ1