ქალწულმოწამენი: თეკლა, მარიამნა, მართა, მარიამი და ენათა, სპარსეთს ვნებულნი (+346) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ქალწულმოწამენი: თეკლა, მარიამნა, მართა, მარიამი და ენათა, სპარსეთს ვნებულნი (+346) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ეს წმინდა ქალწულნი სპარსეთს, სოფელ კაშაზში შაბურ მეორის (დაახლოებით, 347 წელი) დევნის ჟამს ცხოვრობდნენ, მღვდლის, პავლეს სულიერი წინამძღვრობით, თავი უფალს უძღვნეს და რაც ებადათ, სულიერ მოძღვარს გადასცეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დიდი ქონების პატრონი შეიქნა.

გარკვეული ხნის შემდგომ პავლე მისი აღმსარებლობის გამო შეიპყრეს, მასთან ერთად კი - თეკლა, მარიამნა, მართა, მარიამი და ენათაც, ბორკილები დაადეს და არბელთან ახლოს, სოფელ ხაზაში წარიყვანეს.

შაბურის წინაშე პირველი პავლე წარდგა,

- ჭკუას მოუხმე, გადმოჩვენიანდი, მზეს ეც თაყვანი, სამსხვერპლო სისხლი შესვი და სიმდიდრეს ისევ დაგიბრუნებო, - შეჰპირდა შაბური და პავლეც, ქრისტეს მღვდელი, უფალზე მეტად ოქრო რომ შეჰყვარებოდა და დაღუპვის ძედ მოქცეულიყო, დაჰყაბულდა და ყოველივე აღასრულა.

მაშინ უმაღლესმა ქურუმმა, ნერსე - თამშაპურმა, მისი სიმდიდრის ხელში ჩაგდება რომ ჩაედო გულში, სხვა ხერხს მიმართა და პავლეს უთხრა:

- შენს საგანძურს იმ შემთხვევაში მიიღებ, თუ იმ ხუთ ქალწულსაც მოაქცევო!

როდესაც პავლემ ქალწულებს თავისი განაზრახი გაუმხილა და განდგომის შესახებაც აუწყა, ხუთივემ ახალი იუდა უწოდა.

მაშინ წმინდა დედანი ჯალათებს გადასცეს და თითოეულს ასი მათრახი განუჩინეს, რამაც მათი მოშურნეობა გააასმაგა.

შაბურმა ხუთივეს სიკვდილი მიუსაჯა, პავლეს კი უბრძანა:

- თუ მათ სიცოცხლეს საკუთარი ხელით გამოასალმებ, ქონებას დაგიბრუნებო!

ვერცხლისმოყვარეობის დემონს ისე გაესასტიკებინა და ქვაზე უგრძნობელ ექმნა პავლესთვის გული, ქალწულთა სიცოცხლეს არად დაგიდევდათ, ამიტომ, დაუნანებლად აღმართა მახვილი და ქალწულნი სიცოცხლეს გამოასალმა, რომელთაც ამ სიტყვების თქმა მოასწრეს აღსასრულამდე:

- უბედურო მწყემსო, დამღუპველ მგლად რომ უქცევიხარ ვერცხლის სიყვარულს, ნუთუ ეს არის ის მსხვერპლი, ან ის სიცოცხლის მომნიჭებელი სისხლი, შენს ხელთაგან რომ ვეზიარებოდით? შენი მახვილი მარადიულ სიცოცხლეს და ნეტარებას განგვიმზადებს, შენ კი იმ ქონებასაც ვერ ეღირსები, ასე რომ ეძიებ და მალე ღვთის სამსჯავრო გეწევა!

მათი სიტყვა მართლაც აცხადდა: - შაბურმა იმ საღამოსვე ბრძანა პავლეს გაგუდვა, თავად კი მის ქონებას დაეპატრონა.

* * *

ხსენება წმინდა მოწამეთა: ორესტისა, დიომიდესი და როდონასი

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ალექსანდრესი, პრუსიელი ეპისკოპოსისა, მახვილით განგმირულისა

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ანანიასი, მახვილით განგმირულისა

* * *

ხსენება ღირსი კვიროსისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

* * *

ხსენება სამი ქიოსელი ქალწულმოწამისა, მახვილით განგმირულთა

ბეჭდვა
1კ1