წმინდა აღმსარებელი პავლე, კაიუმელი (+766) - 08 ივნისი (21 ივნისი)
წმინდა აღმსარებელი პავლე, კაიუმელი (+766) - 08 ივნისი (21 ივნისი)
წმინდა პავლე VIII საუკუნეში იშვა, განათლება კონსტანტინოპოლს მიიღო და იქვე შემონაზვნდა.

ხატმებრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმოსის (741-775 წლები) წლებში პავლე იმათ შეუერთდა, ვინაც უკეისრესის უსჯულოებას პირში მიახალა სიმართლე.

ცოფქმნილმა კონსტანტინემაც არ დააყოვნა მისი შეპყრობა, ფეხები რკინის ბორკილებით შეუკრა და ჯურღმულში გამოკეტა.

გავიდა რამდენიმე დღე და იმ იმედით, ბნელი საკანი პავლეს მოათვინიერებსო, კვლავ სამსჯავროზე იახლა, თუმცა, ჭაბუკი უწინდელზე თამამად ამხელდა მის უკუღმართობას.

მაშინ კონსტანტინემ მისთვის ცხვირის წარკვეთა ბრძანა, სამი დღის შემდგომ კი კვლავ უხმო და დაეკითხა:

- ისევ ქრისტეს ესავ თუ გონს მოხვედიო?

- არც ხანგრძლივ პატიმრობას, არც ჩემი სხეულის რომელიმე ნაწილის წარკვეთას ან უარეს სატანჯველს არ ძალუძს ჩემი მოდრეკა და წმინდა ხატთა თაყვანისცემის უარყოფა! - მიიღო პასუხად.

მრისხანებით მთლად გონდაბინდულმა ტირანმა პავლეს ჯერ მდუღარე ფისი გადაასხა, შემდეგ - კვლავ ჯურღმულს უკრა თავი, ხოლო ოდეს ახალი დაკითხვისასაც იგივე პასუხი მიიღო, თვალნი დასთხარა, შემდეგ - შებორკილი ფეხებით ქალაქის მოედნამდე მისვლა უბრძანა, რა დროსაც წმინდა მარტვილმა სული უფალს შეჰვედრა.

კონსტანტინეს უსჯულო მსახურებმა ნეტარის სხეული საჯიჯგნად ძაღლებს მიუგდეს, ქრისტიანებმა კი მისი ნაწილნი შეაგროვეს და ასპარის წყალსატევთან ახლოს, კაიუმის მონასტერთან, დიდი ქვის ლოდის ქვეშ გადამალეს.

გავიდა ას თვრამეტი წელი და ანტიოქიის პატრიარქს, ანტონს, სიზმარეულ ჩვენებაში ეუწყა, - კაიუმს წადი და წმინდა პავლეს ნაწილნი აღმოიყვანეო!

აღასრულა რა იქაურ მონასტერში საღვთო ლიტურგია, პატრიარქმა წმინდა ნაწილთა ძიება იწყო და გარკვეული ხნის შემდგომ უზარმაზარ ლოდს წააწყდა.

როდესაც ქვა ადგილიდან დაძრეს, იქიდან უჩვეულო კე-თილსურნელება აღმოვიდა, პატრიარქმა კი წმინდა პავლეს უხრწნელი სხეული იხილა.

ანტონმა დიდი პატივით გადააბრძანა სიწმინდე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა პავლესათვის პატივის მისაგებად მთელი ქალაქი მივიდა და უამრავი სასწაულიც აღსრულდა.

მეოხ გვეყავ ღვთის წინაშე, წმინდა მამაო!

* * *
ღირსი მელანია უფროსი (+410) - 08 ივნისი (21 ივნისი)

ღირსი მელანია წმინდა მელანია რომაელის (+431, ხსენება - 31 დეკემბერს) ბებია გახლავთ.

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ნიკანდროსი, მახვილით განგმირულისა (IV)

ბეჭდვა
1კ1