ღირსმოწამე მიქაელ შავსამოსლიანი, ედესელი (IX) - 23 მაისი (5 ივნისი)
ღირსმოწამე მიქაელ შავსამოსლიანი, ედესელი (IX) - 23 მაისი (5 ივნისი)
ღირსი მიქაელი წარმოშობით ქალაქ ედესიდან იყო. იგი IX საუკუნის მოღვაწეა. მიქაელი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. იგი გახლდათ წმინდა თეოდორე ედესელის ერთგული მოწაფე და მიმდევარი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილთა თაყვანსაცემად. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ წმინდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმინდის ლავრაში დასახლდა. იქ მიქაელი ბერად აღიკვეცა და ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა.

ერთხელ წმინდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. ქალაქში ბერს შეხვდა მუსლიმი დედოფლის, სეიდას საჭურისი მსახური. მსახურს ძალიან მოეწონა საბაწმინდის მონასტრის საძმოს ხელობა და წმინდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად თავის დედოფალს წარუდგინა. დედოფალი მოიხიბლა ახლაგაზრდა ბერით. მიქაელი გარეგნობით მშვენიერი იყო, თუმცა ნამარხულევი და გამხდარი. სეიდას სურდა ბერის მოხიბვლა და ასეთი რამ უთხრა:

- დამიჯერე და თუკი ავად ხარ, მე განგკურნავ.

- მე ავად ჩემი ცოდვების გამო ვარ. მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ვემსახურები და არ მსურს შენ მოგისმინო.

როგორც ძველი აღთქმის იოსების ცდუნება სურდა პეტეფრეს ცოლს, ასე მოინდომა სეიდამ ბერი მიქაელის ცდუნება. მუსლიმი დედოფალი მიქაელს თავისთან დაწოლას სთავაზობდა. მიქაელი უარობდა და ამბობდა, რომ ის ბერი იყო და აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ მთელი ცხოვრება დაიცავდა ხორციელ სიწმინდეს.

როდესაც უსირცხვილო დედოფალი დარწმუნდა, რომ ბერს ვერ აცდუნებდა, განრისხდა და სასტიკად აცემინა მიქაელი. შემდეგ კი მეფეს წარუდგინა, როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმინდა მიქაელი, მაგრამ წმინდანმა უპასუხა: "ან სავანეში გამიშვი მოძღვართან, ან მართლმადიდებლურად მოინათლე, ან თავი მომკვეთე", მეფემ ბრძანა, თასით საწამლავი მიერთმიათ წმინდა მიქაელისათვის. წმინდანმა დალია საწამლავი, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. ამ სასწაულის შემდეგ წმინდანს თავი მოჰკვეთეს. ბერებმა მისი ნეშტი გადაასვენეს საბაწმინდის ლავრაში და პატივით დაასაფლავეს.

ხატის წყარო»»
ბეჭდვა
1კ1