წმინდა მოწამე რაიკო-იოანე შუმენელი (+დაახლ. 1802) - 14 (27) მაისი
წმინდა მოწამე რაიკო-იოანე შუმენელი (+დაახლ. 1802) - 14 (27) მაისი
წმინდა რაიკო იყო ძალზე ლამაზი, წმინდა სულის ყმაწვილი და მთელი გულით სწამდა ქრისტე. როცა მოწამებრივად აღესრულა, 18 წლის გახლდათ. იუველირი იყო და ოსმალეთის იმპერიაში სილისტრიის ვილაეთის ქალაქ შუმენში (დღევანდელი ბულგარეთი) ცხოვრობდა. მისი სახელოსნო ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. ქუჩის მეორე მხარეს ვინმე თურქი ცხოვრობდა, რომლის გაუთხოვარი ქალიშვილი ყმაწვილის სილამაზით მოიხიბლა და ვნებით აინთო. ერთხელაც სახლიდან გამოვიდა და რაიკოს დაუძახა, თითქოს ბეჭდის ზომის აღება სურდა. როცა ყმაწვილი მიუახლოვდა, გოგონა ეცა და რაიკოს სახლში შეთრევა მოისურვა. ყმაწვილი გაუძალიანდა, გაუსხლტა და გოგონას ხელი ჰკრა. ქალი ბეჭებზე დაეცა და ყვირილი მორთო, თავისიანებს საშველად მოუხმო, ჩემს გაუპატიურებას აპირებდა ქრისტიანიო.

გამძვინვარებულმა თურქებმა ყმაწვილი შეიპყრეს და მსაჯულთან მიიყვანეს, რომელმაც შესთავაზა, ისლამი მიეღო და გოგონა ცოლად შეერთო, თუ არადა ცემით მოკლავდნენ. წმინდანმა განუცხადა, რომ ქრისტეს ღალატს სიკვდილი ერჩივნა. მსაჯული და იქ მყოფნი მის დაყოლიებას ცდილობდნენ, ქალიშვილის მამა რაიკოს ჰპირდებოდა: თუ ისლამს მიიღებ, ყველაფერს გაპატიებ, ჩემი სიძე და ჩემი ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდებიო. მაგრამ წმინდანი პასუხობდა: "ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად მოვკვდებიო". მას უმოწყალოდ სცემდნენ, მაგრამ მისი მოდრეკა ვერ შეძლეს. მაშინ ჯალათებმა რაიკო შეკრეს და ჩამოკიდეს. მთელი დღე ასე იყო, საღამოს ისევ მისი მოთვინიერება სცადეს. ვერც მუქარამ და ვერც ალერსმა რომ ვერ გასჭრა, მაშინ ის საპყრობილეში ჩააგდეს და მოსაფიქრებლად ორი დღე მისცეს. ორი დღის შემდეგ ციხიდან გამოიყვანეს და რადგანაც თავის აზრზზე დარჩა, ხელებშეკრული წმინდანი ჩამოკიდეს, მთელი დღე ასე იყო და საღამოს ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. შემდეგ დღესაც იგივე განმეორდა, მაგრამ წმინდანი არც მათ ალერსს იღებდა და არც მუქარის ეშინოდა. მხოლოდ ამას პასუხობდა: "ქრისტიანი ვარ და არასოდეს გავთურქდები!"

მესამედაც ჩამოკიდეს წმინდანი, ქვეშ კი გახურებული მაყალი დაუდგეს, წმინდანს ერთი გვერდი რომ დაეწვა, ამოაბრუნეს და მეორე მხარეც დაუწვეს. ექიმი მიიყვანეს, რომელიც განკურნებას დაჰპირდა თუ ისლამს მიიღებდა. თურქები ჰპირდებოდნენ: "გათურქდი და დიდებულ აღად გაქცევთო!" წმინდანი კი ეტყოდა: "ქრისტესი მწამს, ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად დავრჩები!" თურქებმა წამების ახალი, საშინელი ხერხი მოიგონეს: რაიკოს მუცელსა და ზურგზე ქამრის სახით ტყავი ააჭრეს, ჭრილობაზე მარილს აყრიდნენ და სხეულს სანთლებით უწვავდნენ. მეტი სატანჯველი რაღა მოეგონათ, მუფტიმ ჯალათებს უბრძანა, მისი წამება შეწყვიტეთ და თავი მოჰკვეთეთო. რაიკო 1802 წლის 14 მაისს მოწამებრივად აღესრულა. უცნობია რა დაემართა მის წმინდა სხეულს. მისი მარტვილობის თვითმხილველი გახდა მღვდელ-მონაზონი ნიკიფორე ქიოსელი, რომელმაც აღწერა კიდეც მისი წამება.

რადგანაც ბერძნებმა რაიკოს სახელის ბერძნულად გა¬დათარგმნა ვერ შეძლეს, მას "იოანე ბულგარელი" უწოდეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1