წმინდა მღვდელმოწამე იოანე, სინის მთის ეპიკოპოსი (XI) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მღვდელმოწამე იოანე, სინის მთის ეპიკოპოსი (XI) - 12 (25) თებერვალი
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა. არაბებმა მთავარი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ გათხარეს მიწა, შემდეგ თაღის ქვეშ, დასავლეთ ნაწილში და პატარა ეკვდერებში, მათ შორის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკვდერშიც. ავაზაკებმა წმინდა ორმეოცი მოწამის წმინდა ნაწილები ამოჩიჩქნეს. შემდეგ კი შეუწველ მაყვალთან დიდი ორმო ამოთხარეს და მაყვლის ფესვების ქვეშ მარმარილოს სამი ურნა იპოვეს, რომელზეც ეწერა: "წმინდა მოწამეთა ნაწილები". მონა, რომელსაც ეს საქმე დაავალეს, ცუდად მოექცა მაყვლის ბუჩქის მცველ მონაზონს, რისთვისაც ღვთისგან დაისაჯა: იმავე დღეს ერთ-ერთმა ავაზაკმა მას მარჯვენა ხელი მაჯაში გადაასხიპა. როცა დაღამდა, მიწისძვრამ შვიდჯერ შეარყია მონასტერი.

სასურველი განძი რომ ვერ იპოვეს, ავაზაკები ეპისკოპოსსა და მონაზვნებს მივარდნენ და წამება დაუწყეს. მაშინ ეპისკოპოსმა ავაზაკებს მიმართა:

- მათ რატომ აწამებთ?

- რათა განძის ადგილსამყოფელი გაგვიმხილონ!

ეპისკოპოსმა უთხრა:

- არც ერთმა ბერმა ამის შესახებ არაფერი იცის, ჩემ გარდა, მე კი, რაც გინდათ, ის მიქენით.

წმინდანს ფეხები მარწუხებში მოუქციეს და ტყავის ქამრებით იმდენი სცემეს, ვიდრე სისხლისგან ირგვლივ მიწა არ გადააწითლეს. ავაზაკები ეპისკოპოსს ვერაფერს გამორჩნენ და ეგრე დააგდეს. სამი დღის შემდეგ, 12 თებერვალს, თავისი ცხოვართათვის თავის დამდები მწყემსი კეთილი წავიდა უფალთან.

წმინდა იოანემ მონასტერში ორმოცდაცამეტი წელი გაატარა, აქედან ოცი წელი იღუმენის და ეპისკოპოსის მორჩილება იტვირთა.

ბეჭდვა
1კ1