წმინდა ლუკა მუხაისძე-იერუსალიმელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი (+1277) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ლუკა მუხაისძე-იერუსალიმელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი (+1277) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო. წმინდა ლუკას დედამ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, დატოვა შვილები - ლუკა და მისი უფროსი ძმები, მონაზვნის სქემა შეიმოსა და იერუსალიმში დაემკვიდრა.

ოცი წლის ლუკამაც დატოვა თავისი მამული, ძმები და იერუსალიმში გაეშურა წმინდა ადგილების თაყვანსაცემად; აგრეთვე იერუსალიმში მცხოვრები, მონაზვნად აღკვეცილი დედის სანახავად. წმინდა მიწაზე ჩასულმა ლუკამ აღარ დატოვა იერუსალიმი და თავისი დედა. იგი ცოტა ხანში ბერად აღიკვეცა, დიაკვნობის პატივის ღირსი შეიქნა და არაბულ ენას დაეუფლა.

ღირსი ლუკას სიბრძნე, მხნეობა და სიწმინდე იხილა ძმათა კრებულმა და არ გაუვლია დიდხანს, რომ იგი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მამად (წინამძღვრად) დაადგინეს.

წმინდა ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში, მაგრამ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველებს, რადგან ისინი იძულებულნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში ეგვიპტის მამლუქთა წინააღმდეგ, იერუსალიმში არასახარბიელო მდგომარეობა შეექმნათ. XIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მამლუქებმა ჯვრის მონასტრის ქართველ ბერებს მონღოლების ჯაშუშობა დასწამეს. მონასტერსა და მის საკრებულოს განსაკუთრებით ემტერებოდა ერთი მაჰმადიანი, შეიხ კიდარი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა სულთნის კარზე. შეიხ კიდარმა სულთნისაგან გამოითხოვა ჯვრის მონასტერი. სულთნისაგან თანხმობის მიღების შემდეგ შეიხ კიდარი უწყალო მხეცივით მიადგა მონასტერს, დაარბია იგი, გაძარცვა და ბერები გარეთ გამოყარა.

წმინდა ლუკა ამ დროს სულთნის კარზე იყო წასული მონასტრის საჭიროების გამო.

ქრისტიანებმა შეატყობინეს მას, რომ შეიხ კიდარი მოსაკლავად დაეძებდა წინამძღვარს და ურჩიეს ლუკას, იქაურობას გასცლოდა.

წმინდა ლუკამ, "უშიშმან გონებითა", მათ რჩევას ყური არ უგდო, ქრისტესთვის სიკვდილი აირჩია წამიერ სიცოცხლეს, არც მონასტერი მიატოვა და არც სულიერი ძმები. იგი თავისი ფეხით მივიდა შეიხ კიდართან და უთხრა, გაეთავისუფლებინა მისი სულიერი ძმები, სანაცვლოდ კი მისგან მოეთხოვა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა.

შეიხ კიდარმა ლუკას ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადიანობის აღიარება მოსთხოვა; თან სანაცვლოდ ამირობასა და ტაძრის თავადობას აღუთქვამდა, მაგრამ ლუკამ არც კი მოუსმინა. ამის შემდეგ შეიხმა ლუკა მონასტრის კართან მიიყვანა და კვლავ სთხოვა ქრისტიანობის უარყოფა. ამის პასუხად ლუკამ ქედი მოიდრიკა, რათა მახვილს შეგებებოდა და თქვა:

- რომ შემეძლოს ერთხელ კი არა, მრავალჯერ მოვკვდებოდი ქრისტეს სახელითო.

შეიხი გულისწყრომით აივსო და თანხმლებ მონას უბრძანა, თავი მოეკვეთა ლუკასათვის. მონამ აასრულა ბატონის ბრძანება და ერთი მოქნევით მოკვეთა თავი ლუკა წინამძღვარს.

მისი სიკვდილისთანავე აღსრულდა სასწაული, წმინდა ლუკას მოკვეთილმა თავმა პირი აღმოსავლეთისაკენ იბრუნა, დიდად გაიცინა და ღმერთს მადლობა შესწირა. ამან ყველა იქ მყოფი განაცვიფრა.

წმინდა ლუკას სხეული შეიხ კიდარის ბრძანებით დაწვეს. ლუკას სხეულის ნაცარს თავად მაჰმადიანები იღებდნენ და ინაწილებდნენ ევლოგიად და განსაკურნებლად.

ლუკა ეწამა 1277 წლის 27 ივნისს. მის ხსენებას ქართული ეკლესია აღნიშნავს 12 თებერვალს (ახ. სტ. 25 თებერვალს), იერუსალიმის ქართველ მოღვაწეთა და მოწამეთა ხსენების დღეს.

აქვე წაიკითხეთ:

ღირსმოწამე ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე, აბაშიძე, +1273) - 27 ივნისი (10 ივლისი)

ბეჭდვა
1კ1