წმინდა პროხორე ქართველი († 1066 წ.) - 12 (25) თებერვალი
წმინდა პროხორე ქართველი († 1066 წ.) - 12 (25) თებერვალი
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში. ცნობილია ისიც, რომ მას ჰყავდა ძმა, ვისთან ერთადაც აღიზარდა წყაროსთავის მონასტერში.

წმინდა გიორგი-პროხორე

წმინდა პროხორე წარმოშობით შავშეთიდან (საქართველოს ისტორიული პროვინცია, ამჟამად თურქეთის საზღვრებშია) იყო. ჯერ კიდევ ყრმა პროხორე კლარჯეთში მდებარე წყაროსთავის მონასტერში გაეშურა - იქ ძმა ეგულებოდა. განათლება წყაროსთავის მონასტერში მიიღო. აქ უნდა დამოწაფებოდა იგი შესანიშნავ ქართველ მწიგნობარსა და საეკლესიო მოღვაწეს, ეფთვიმე გრძელს (ეფთვიმე იერუსალიმელს). წყაროსთავის მონასტერში აკურთხეს პროხორე დიაკვნად და აქვე აღკვეცა იგი მონაზვნად მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენიმ. მოგვიანებით წმინდა პროხორე მღვდლად აკურთხეს.

ამის შემდეგ იგი წმინდა მიწაზე გაემგზავრა და წმ. საბა განწმენდილის ლავრაში დაიდო ბინა, სადაც მრავალი წელი გაატარა. იგი ხან უდაბნოში იმყოფებოდა ლოცვითა და მარხვით, ხან ლავრაში; ხან მარტო იყო დაყუდებული, ხანაც ემსახურებოდა თავის სულიერ მოძღვარსა და უძლურ ძმებს, რომელთათვის საჭმელ-სასმელი ჩამოჰქონდა იერუსალიმიდან. წმინდა პროხორეს ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული სულთა განკითხვის ნიჭი.

XI საუკუნის 30-იან წლებში წმინდა პროხორემ მონასტრის მშენებლობა წამოიწყო იერუსალიმის დასავლეთით; იმ ადგილზე, სადაც, ლეგენდის თანახმად, იზრდებოდა მართალი ლოთის მიერ დარგული ხე. ამ ხისგან უფლის ჯვარცმის დროს შეკრეს ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი აცვეს. როგორც ირკვევა, პროხორეს ჯვრის მონასტერი აუშენებია "ბრძანებითა და მოღუაწებითა კურთხეულისა კაცისა მამისა ეფთმესითა". საფიქრებელია, რომ ეს უნდა ყოფილიყო ეფთვიმე გრძელი, რომელსაც წყაროსთავის მონასტერში შეხვდა ჯერ კიდევ ყრმა გიორგი-პროხორე.

მონასტერს ჯვრის მონასტერი უწოდეს, მისი ეკლესია მოხატეს და შეამკეს "ყოვლითა სამკაულითა". 1056 წელს იერუსალიმს ეწვია გიორგი ათონელი, რომელმაც იერუსალიმში ჩაიტანა მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დედის, დედოფალ მარიამის მიერ გაგზანილი შეწირულობა. გიორგი ათონელი დიდად შეეწია საფასით ჯვრის მონასტრის მშენებლობას. პროხორე კი, ჩანს, უკვე ფიქრობდა მომავალი მონასტრის წიგნსაცავზეც და როგორც გიორგი ათონელის ბიოგრაფი გვაუწყებს, ევედრებოდა ქართველ მწიგნობარს, ახალდაგებული მონასტრისათვის გამოეგზავნა მის მიერ თარგმნილი წიგნები.

მონასტრის მშენებლობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა: 1038 წელს უკვე შენდებოდა მონასტრის მთავარი ეკლესია, რომელიც 1042 წლისათვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. მონასტრის მშენებლობა გრძელდებოდა 50-იან წლებშიც, გიორგი ათონელის იერუსალიმში ყოფნის დროს (1056 წ.). საფიქრებელია, რომ მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა XI საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ან 60-იანი წლების დამდეგს.

ჯვრის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი გახდა წმინდა პროხორე, რომელმაც მონასტერში ოთხმოცი ძმა შეკრიბა და მათ წმ. საბას ლავრის სამონასტრო კანონი დაუდგინა წესად. ამას გარდა, წმინდა პროხორემ იერუსალიმში ააშენა დიდი და ლამაზი სასტუმრო (ქსენადუქი). წმინდა პროხორე ჩინებული მწიგნობარი იყო. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჯვრის მონასტრის მწიგნობართა საქმიანობაში. ჩვენთვის ცნობილია მისი შეკვეთით დამზადებული ხელნაწერები და მისი ავტოგრაფული ანდერძები, რომლებიც ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ჯვრის ქართველთა მონასტრის ისტორიისა და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა საკითხის შესახებ.

როდესაც წმინდა პროხორე დაუძლურდა, ამოარჩია ერთ-ერთი თავისი მოწაფე, სახელად გიორგი და ის დაადგინა ჯვრის ქართველთა მონასტრის წინამძღვრად.

1061 წელს პროხორე არნონის უდაბნოში (ამჟამად ვა-დი-მუჯიბის ხეობა იორდანიაში) წავიდა და თან წაიყვანა თავისი ორი მოწაფე: ერთი მღვდელი და ერთი მონაზონი. ხუთი წლის შემდეგ, 1066 წლის 12 თებერვალს წმინდა პროხორე გარდაიცვალა.

გიორგი-პროხორეს ცხოვრება ვრცლად ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ ტექსტმა ჩვენამდე არ მოაღწია. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ მოკლე "ცხოვრება",

დაწერილი უნდა იყოს XI საუკუნის 70-იან წლებში, ჯვრის მონასტერში. "პროხორეს ცხოვრების" ჩვენამდე მოღწეულ სვინაქსარულ რედაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიისა და იერუსალიმში მოღვაწე ქართველთა კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესასწავლად. ძეგლი არსებითად ერთადერთი და უსრულესი წყაროა წმინდა პროხორეს ბიოგრაფიისათვის.

ბეჭდვა
1კ1