ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა, თეოფანე - გამომეტყველნი (IX) - 27 დეკემბერი (9 იანვარი)
ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა, თეოფანე - გამომეტყველნი (IX) - 27 დეკემბერი (9 იანვარი)
ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. ორივე ძმას ჰქონდა ღვთის შეცნობის განსაკუთრებული სურვილი ბავშვობიდანვე. ისინი მშობლებმა წმინდა საბა განწმენდელის ლავრაში ერთ მღვდელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. როცა სრულწლოვნები გახდნენ, ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს.

იმ დროს იმპერატორმა ლეონ V სომეხმა (813-820) კეთილმსახური მეფე მიქაელ I (811-813) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატთა თაყვანისმცემლების ახალი დევნა დაიწყო. ლეონ V-ის მმართველობის წლებს ხატმებრძოლობის მეორე პერიოდს უწოდებენ. მან მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა VII მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებანი. იერუსალიმის პატრიარქმა წმინდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ V. ამით განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივენი გადაასახლა.

იმპერატორი ლეონ V ღალატით მოკლეს მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მხედართმთავრის, მიქაელ ამორეველის მომხრეებმა. 820 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის ღამეს სოფიის ტაძარში მყოფ ლეონს თავს დაესხა ბერების სამოსით მოსილი შეთქმულები. იმპერატორი წმინდა სოფიის ტაძრის საკურთხეველში შეიჭრა და იქ დავანებული ჯვარი აიღო ხელში, რომლითაც მანამ იცავდა თავს, სანამ სული არ განუტევა.

ახალმა იმპერატორმა, მიქაელ II-მ (820-829) ხატთა¬თაყვანისცემისთვის გადასახლებული და დაპატიმრებული ყველა ქრისტიანი გაათავისუფლა. მიქაელ II, რომელიც სრულიად გულგრილი იყო ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ. გათავისუფლებულ ტუსაღებს შორის იყვნენ ძმები თეოდორე და თეოფანეც.

829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829- 842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. მისი მმართველობის დროს დაემხო მონასტრები და განადგურდა უდაბნოს სენაკები, ბოლო არ უჩანდა მონაზვნებისა და ხატმწერთა წამებას. წმინდა ძმები ისევ გადაასახლეს. რამდენიმე ხანში თეოდორე და თეოფანე უკანვე გამოიწვიეს და სასტიკად აწამეს. მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ერთი საღვთისმეტყველო სწავლებებს, მეორე კი წმინდანთა პატივსაცემად კანონებს წერდა. ლეონის ბრძანებით, ისინი საპყრობილეში აშიმშილეს, ხოლო იმპერატორმა თეოფილემ მათ სახეებზე ამოაშანთვინა მკრეხელური სიტყვები. წამების დროს ისინი იმეორებდნენ: "დაწერე, მეფეო! საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს დაწერილს!.." წამების წინ ქალაქის ეპარქმა თეოდორეს სთხოვა, ერთადერთხელ ზიარებულიყო ხატმბრძოლებთან ერთად, და ამისთვის თავისუფლების მინიჭება აღუთქვა, მაგრამ ნეტარმა მოწამემ უპასუხა: "ეს იმას ნიშნავს, რომ მითხრათ: "ჩვენ მხოლოდ თავს მოგჭრით, შემდეგ კი წადი, საითაც გენებოს". წამების შემდგომ წმინდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმინდა თეოდორე გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 840 წელს. ღირსმოწამე თეოდორეს წმინდა ნაწილები პატივით გადაასვენეს ქალაქ ქალკედონში, სადაც მათგან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. წმინდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და დაახლოებით 850 წელს ნიკეის ეპისკოპოსად აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1