წმინდა მღვდელმოწამე ელეფთერი და დედა მისი ანთია (+დაახლ. 120) - 15 (28) დეკემბერი
წმინდა მღვდელმოწამე ელეფთერი და დედა მისი ანთია (+დაახლ. 120) - 15 (28) დეკემბერი
15 (28) დეკემბერს არის ხსენება წმინდა მღვდელმოწამე ელეფთერისა და დედისა მისისა ანთიასი, ასევე კორივე მხედრისა. წმინდა ელეფთერი დედა¬მისმა სიყრმიდანვე მიუძღვნა უფალს და რომის პაპს, წმინდა ანაკლეტს ჩააბარა. მან იგი 15 წლისა დიაკვნად აკურთხა, სამი წლის მერე მღვდლად დაასხა ხელი, 20 წლისას კი ილირიის ეპისკოპოსობა დააკისრა.

როცა ტახტზე ანდრიანე ავიდა, მან ქრისტიანთა დევნა წამოიწყო. ელეფთერის შესაპყრობად მან მხედართმთავარი ფელიქსი გაგზავნა, სარდალმა იმ ეკლესიას შემოარტყა ალყა, სადაც წმინდანი ლიტურგიას აღასრულებდა, თვითონ კი ბრძანების აღსასრულებლად შიგნით შევიდა. ამ დროს წმინდა ელეფთერი ტაძარში ქადაგებდა. მისმა სიტყვებმა ისე მოინადირა სარდლის გული, რომ წმინდა ელეფთერს დაემოწაფა, მის ხელთაგან ნათელ იღო და უკან, რომში, როგორც ერთი მხლებელი, გამოჰყვა.

ანდრიანეს სამსჯავროს წინაშე წმინდა ელეფთერმა მხნედ აღიარა ქრისტე, მეფემ ხან გახურებულ სპილენძის საწოლზე დააკვრევინა წმინდა ელეფთერი, ხან ქვეშ ცეცხლშენთებულ რკინის ცხაურზე, ხანაც დიდ ტაფაზე, მაგრამ უფლის მიერ გაძლიერებული წმინდანი ყველაფერს დაითმენდა. ბოლოს, გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მას მიაყოლეს ეპარქი კორივე, რომელმაც გაბედა და ელეფთერის დაცვა სცადა. ვერც გახურებულმა ღუმელმა ვერაფერი ავნო წმინდანს. განრისხებულმა მეფემ ბრძანა კორივესთვის, ამ ახალმოქცეულ ქრისტიანისთვის თავი მოეკვეთათ, წმინდანი ელეფთერი კი საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა არ დაივიწყა თავისი მორჩილი და მტრედი უზიდავდა სარკმლიდან საჭმელს. მეფის ბრძანებით, წმინდა ელეფთერი ბუღებს მიაბეს, რათა გაეგლიჯათ. მაგრამ ზეციდან ჩამოსულმა უფლის ანგელოზმა ახსნა იგი და ერთ მთაზე გადაიყვანა, სადაც უამრავი მხეცი ბინადრობდა. ლომები და დათვები მორჩილად მიდიოდნენ მასთან და ეალერსებოდნენ. ერთხელ მას თვალი მოჰკრა მონადირემ და მეფეს შეატყობინა. მხეცები ეცნენ მეფის ჯარისკაცებს, მაგრამ წმინდანმა მათ უდაბნოში წასვლა უბრძანა, თვითონ კი მორჩილად გაჰყვა მეფესთან.

წმინდა ელეფთერი 50 ქრისტიანთან ერთად რომის არენაზე შეუშვეს ლომებთან. მხეცებმა კი მას ფეხები აულოკეს. "დიდი არს ღმერთი ელეფთერისა", - ყვიროდა ხალხი. მეფემ ელეფთერს თავი მოჰკვეთა. ამას უცქერდა დედამისი ანთია. მან შვილის უსულო სხეული გულში ჩაიკრა და ქებას შეასხამდა მოწამეობისათვის. მეფის ბრძანებით, მასაც თავი მოჰკვეთეს. ილირიელმა მორწმუნეებმა წმინდა მოწამენი წაასვენეს სამშობლოში და პატივით დაკრძალეს. ეს დაახლოებით 120 წელს მოხდა. წმინდა ელეფთერის წმინდა ნაწილნი ახლა რომის წმინდა სოსანას ტაძარში ბრძანდება. ტრადიციისამებრ წმინდა ელეფთერს ორსული ქალები მშვიდობიან მოლოგინებას შესთხოვენ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთის საეკლესიო ტრადიციით წმინდა ელეფთერი იტალიაში აპულიის ეპისკოპოსი იყო.

ბეჭდვა
1კ1