დიდმოწამე ეკატერინე, წმინდა დედოფალი ავგუსტა და პორფირე სტრატილატი (+305-313) - 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
დიდმოწამე ეკატერინე, წმინდა დედოფალი ავგუსტა და პორფირე სტრატილატი (+305-313) - 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს, მოწამეების ავგუსტა დე¬დოფლის, პორფირე სტრატილატოსისა და 200 მხედრის ხსენებას აღნიშნავს (305-313); ისინი ერთსა და იმავე დროს ევნნენ ქრისტესთვის.
წმინდა ეკატერინე რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა. იგი წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი. ქალწულმოწამე სახელგანთქმული იყო თავისი სიბრძნით. ჯერ კიდევ თვრამეტი წლისამ სრულყოფილად იცოდა ყველა წარმართი მწერლის შემოქმედება, ძველ პოეტთა და ფოლოსოფოსთა - ჰომეროსის, ვერგილიუსის, არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა თხზულებანი. შესწავლილი ჰქონდა გამოჩენილ ექიმთა ნაშრომებიც, მაგალითად: ასკლეპიადესი, ჰიპოკრატესი და გალენიოსისა. გარდა ამისა, იცოდა ყოველგვარი ორატორული და დიალექტიკური ხელოვნება, ასევე მრავალი უცხო ენა. ასე რომ, ყველა გაოცებული იყო მისი ცოდნითა და განსწავლულობით.

ცოდნასთან ერთად არც ღვთივმიმადლებული ფიზიკური მშვენიერება აკლდა. მრავალი ჭაბუკის ტრფიალის საგნად ქცეულიყო მისი სახება. დედა და ნათესავები ხშირად ურჩევდნენ ეკატერინეს, გათხოვილიყო, რათა მისი მამის სამეფო მემკვიდრეობა არ გადასულიყო ვინმე უცხოს ხელში, რათა საბოლოოდ არ დაეკარგათ იგი. მაგრამ ეკატერინეს, როგორც ბრძენ ქალწულს, სულით უმწიკვლოს მტკიცედ გადაეწყვიტა გულში, მთელი ცხოვრება დაეცვა ქალწულობის სიწმინდე. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო გათხოვებისა ("ეკატერინეც" სწორედ უმწიკვლოს ნიშნავს).

ერთხელ, როცა ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს გათხოვებაზე საუბარი, ეკატერინემ მოითხოვა, ეპოვათ მის-თვის შესაფერისი საქმრო, რომელიც გვარიშვილობით, სიმდიდრით, სიბრძნითა და სილამაზით მისი სწორი იქნებოდა. ეს კი მართლაც შეუძლებელი იყო.

შეხვედრა ქრისტიან ბერთან

ალექსანდრიის ახლოს ერთი მეუდაბნოე ბერი ცხოვრობდა, რომელიც მთელ დღეებს ლოცვასა და ღმერთზე ფიქრში ატარებდა. ეს იყო ნათელი გონების მართალი ადამიანი. მას მრავალი ადამიანი ეკითხებოდა რჩევას და ცხოვრების მძიმე პერიოდებში დახმარებას სთხოვდა. მასთან ეკატერინეს დედაც დადიოდა. ის ფარული ქრისტიანი იყო, მაშინ როცა ალექსანდრიის მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმართობას მისდევდა. დედას აზრად მოუვიდა, შვილი მეუდაბნოესთან წაეყვანა. მას ძალზე სწყინდა ეკატერინეს საქციელი და არ იცოდა, რა ექნა. მეუდაბნოე დაელაპარაკა ეკატერინეს და დაინახა, რომ ნამდვილად მშვენიერიც იყო და ჭკვიანიც. ბერმა გადაწყვიტა, ეკატერინესთვის ზეციური სასიძო გაეცნო და უთხრა: "ვიცნობ ერთ მშვენიერ ახალგაზრდას, - უთხრა მან ასულს, - რომელიც მზეზე ლამაზია და რომლის სიბრძნეც მართავს ქვეყნიერებას. მისი სიმდიდრე მთელ სამყაროშია მოფენილი და არასოდეს იკლებს, ხოლო მისი წარმომავლობა გამოუთქმელი და მიუწვდომელია. ამქვეყნად არავინ არის მისი ბადალი". ეკატერინემ ჰკითხა: "ვისი შვილია თქვენი ნაქები ჭაბუკი?" მოძღვარმა მიუგო: "მას მიწაზე მამა არ ჰყავს, არამედ იშვა გამოუთქმელად და ზებუნებრივად ერთი ღირსეული წარმოშობის წმინდა და უბიწო ქალწულისგან, რომელიც უკვდავია სულით და ხორცით, ამაღლებულა ზეცად უმეტეს და თაყვანს სცემენ მას ანგელოზნი, როგორც დედოფალს ყოველი ქმნილისას". ეკატერინემ სთხოვა მოძღვარს, ეს ახალგაზრდა მისთვის ეჩვენებინა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს მისი რჩევისამებრ გააკეთებდა. კაცმა მას მისცა ხატი ღვთისმშობლისა ყრმა იესოთი ხელში და უთხრა: "ეს არის სახე იმ ახალგაზრდა დედისა. წაიღე შინ, ჩაიკეტე შენს ოთახში და მოწიწებით ევედრე ამ ქალწულს, - მას მარიამი ჰქვია, - რათა ინებოს და გაჩვენოს სახე თავისი ძისა, რომლისკენაც მიილტვის სული შენიო".

წმინდა ეკატერინეს პირველი ხილვა

მიაბრძანა შინ ხატი წმინდა ეკატერინემ და დაუწყო ვედრება უცნობ ქალწულს. ამ ლოცვაში მიეძინა და ძილში ღვთისმშობელი იხილა. ყოვლადწმინდა ქალწულს ხელთ თავისი ღვთაებრივი ყრმა ეპყრა. წმინდა ეკატერინემ ყრმის სახის ხილვა მოინდომა, მაგრამ მან პირი იბრუნა. ქალიშვილმა მეორე მხრიდან მოუარა, მაგრამ ყრმა იესომ ისევ მიაბრუნა თავი, მესამედაც ასე მოხდა. ბოლოს ღვთისმშობელმა უთხრა ძეს: "შეხედე, შვილო ჩემო, შენს მხევალს, ეკატერინეს, რარიგ სათნოა და მშვენიერი". ღვთაებრივმა ყრმამ კი უპასუხა: "არა, ეს გოგონა ძალზე კუშტი და ისეთი უსახურია, რომ მისი შეხედვაც არ ძალმიძსო". ღვთისმშობელმა კვლავ უთხრა უფალს: "განა ეს ქალწული ყველა ფილოსოფოსზე ბრძენი არაა? განა ყველას არ აღემატება სიმდიდრითა და გვარიშვილობით?" მაგრამ ქრისტემ უპასუხა: "დედაო ჩემო, კვლავ გეტყვი, რომ იგი უგუნური, ღატაკი და მდაბალი წარმოშობისაა. მე მას მანამდე არ შევხედავ, სანამ ის თავის უწმინდურებას არ დაუტევებსო". ღვთისმშობელმა უთხრა უფალს: "გევედრები, ძეო ჩემო, ჩემო უტკბესო, ნუ მოიძაგებ შენს ქმნილებას, არამედ გულისხმაყავ და ასწავლე, რა გააკეთოს, რათა დატკბეს შენი დიდებით და იხილოს შენი ნათელი და საწადელი სახე, რომლის ხილვასაც ნატრობენ ყოველნი ანგელოზნი". მაშინ უფალმა ბრძანა: "დაე წავიდეს იმ კაცთან, რომელმაც ხატი მისცა და შეასრულოს ყოველივე, რასაც უბრძანებს. მაშინ იგი მიხილავს და პოვებს მადლს ჩემ წინაშე".

გაიღვიძა წმინდა ეკატერინემ და გათენებისთანავე მოძღვარს მიაშურა. მოუთხრო ყოველივე და ცრემლით შეჰღაღადა ესწავლებინა, როგორ ენახა სასურველი სასიძო. ღირსმა მამამ გვერდით მოისვა ქალიშვილი და ქრისტიანობის ყოველი საიდუმლო გაუმხილა, უამბო შესაქმესა და უფლის მეორედ მოსვლაზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, მართალთა გამოუთქმელ ნეტარებასა და ცოდვილთა ტანჯვაზე.

ჭეშმარიტებას მოწყურებულმა ბრძენმა ქალწულმა მთელი გულით იწამა იესო ქრისტე და მოძღვრის ხელითვე მოინათლა. ამის შემდეგ მოძღვარმა ურჩია, კვლავ გულმოდგინედ ელოცა ღვთისმშობლის მიმართ, რათა კიდევ ერთხელ გამოსცხადებოდა მას, როგორც პირველ ღამეს.

მეორე ღვთაებრივი ხილვა და მაცხოვრის მიერ ბოძებული ბეჭედი

დაბრუნდა წმინდა ეკატერინე შინ, ახალნათელღებული, განახლებული, სულიწმიდის მადლით მოსილი. მთელი გულით მიეცა ლოცვას, ევედრებოდა ახლა უკვე არა უცნობ მარიამს, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, განთიადისას ჩაეძინა და აი, კვლავ იხილა ზეციური დედოფალი ღვთაებრივი ყრმით ხელში. იესო მას მოწყალედ და მშვიდად უცქერდა. "რაო, ძეო ჩემო, სასურველია შენთვის ეს ქალწული?" - შეეკითხა მას ღვთისმშობელი. "მეტად სასურველია, - უპასუხა მას იესომ, - ახლა ის მშვენიერი და დიდებულია, მდიდარი და განბრძნობილი, მე შევიყვარე იგი და მსურს დავწინდო ჩემს უხრწნელ სასძლოდ". მაშინ წმინდა ეკატერინე დაემხო მის წინაშე და შეჰღაღადა: "უღირსი ვარ მე შენი სამეფოს ხილვისა, დიდებულო მეუფეო, არამედ ღირს მყავ ვიყო მხოლოდ შენი მხევალთაგანი". ამ დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ხელი მოჰკიდა წმინდა ეკატერინეს მარჯვენა ხელს და თავის ძეს უთხრა: "უბოძე, ძეო ჩემო, ნიშნობის ბეჭედი, დაწინდე იგი და ღირს ყავ შენი სასუფევლისა". მაშინ მაცხოვარმა მშვენიერი ბეჭედი მისცა წმინდა ეკატე¬რინეს და უთხრა: "აი, ახლა მე გირჩევ შენ ჩემს უხრწნელ და მარადიულ სასძლოდ. გულმოდგინედ დაიცავი ეს შეერთება, რათა იყოს დაურღვეველი და ნუ ისურვებ ამიერიდან მიწიერ სიძეს".

ხილვა დასრულდა და სიზმრისგან გამორკვეულმა ეკატერინემ მარჯვენა ხელზე სწორედ ის ულამაზესი ბეჭედი იხილა, მაცხოვარმა რომ უბოძა. ქალიშვილს გული უდიდესი სიხარულით აღევსო და მთლიანად საღმრთო სიყვარულმა მოიცვა. მისი ცხოვრება ერთიანად შეიცვალა, დღედაღამ თავის ზეციურ სასიძოზე ფიქრობდა და მხოლოდ ის სურდა.

* * *

მალე ალექსანდრიაში მაქსიმიანე ჩავიდა. მას დიდად სწამდა თავისი უსულო ღმერთებისა და მათი "სათნოყოფისთვის" გადაწყვიტა, დიდი ზეიმი მოეწყო. ბრძანება გასცა, ალექსანდრიელებსა და მის შემოგარენში მცხოვრებთ კერპებთან მოეყვანათ სამსხვერპლო ცხოველნი თუ ფრინველნი, რათა ერთად შეეწირათ. უამრავი ხალხი შეიკრიბა, ზოგს ცხვარი მოჰყავდა, ზოგს - ძროხა და ზოგსაც - ფრინველი. როცა დადგა მსხვერპლშეწირვის დღე, დაკლულ ცხოველთა ღაღადისმა მოიცვა ქალაქი. თითქოს კაცთა უღმერთობას შეჰღაღადებდნენ შემოქმედს. სანახაობამ ძალზე დაამწუხრა წმინდა ეკატერინე და საღმრთო შურით ანთებული იმ წარმართულ ტაძარში მივიდა, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ. როდესაც კარში შეჩერდა, მისმა სილამაზემ ყველას ყურადღება მიიპყრო. ქალწულმა ბრძანა, მეფისთვის ეცნობებინათ, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი. მეფემ მიახლოების ნება მისცა. წმინდა ეკატერინემ თაყვანი სცა მეფეს და ამით სათანადო პატივი მიაგო. ამის შემდეგ კი უთხრა: "მეფეო, შეიცანი ის საცთური, რომლითაც გატყუებენ ეშმაკნი. თქვენ ღმერთებს ეძახით ხრწნად და უსულო კერპებს და მათ ემსახურებით, სამარცხვინოა, ამგვარად ბრმა და უგუნური იყო. დაუჯერე თუნდაც ბრძენ დიოდორე სიცილიელს, რომელიც ამბობს, რომ თქვენი ღმერთები ოდესღაც ადამიანები იყვნენ, რომელთაც სიცოცხლეში ჩადენილ საქმეთა გამო ადამიანებმა ძეგლები დაუდგეს. ხოლო მომავალმა თაობებმა, რომელთაც ამ ძეგლების მნიშვნელობა არ იცოდნენ, მათ თაყვანისცემა დაუწყეს, ვითარცა ღმერთებს. თვით პლუტარქეც კი უკადრისობდა მათ. დაუჯერე შენს მასწავლებლებს და ნუ იქცევი ამდენი სულის დაღუპვის მიზეზად. შეიცანი ჭეშმარიტი ღმერთი, ერთადერთი, მარადიული, დაუსაბამო და უკვდავი. ღმერთი, რომელმაც ჩვენი ხსნისთვის ხორცი შეიმოსა. მისით მეფობენ მეფენი და იმართებიან ქვეყანანი, მასვე უპყრია მთელი სამყარო. ის ყოვლადძლიერი და ყოვლადმოწყალეა, არ მოითხოვს ამგვარ მსხვერპლს, მხოლოდ ის სურს, რომ მტკიცედ ვიპყრათ მისი წმინდა მცნებებიო".

მეფე მრისხანებით აავსო ამ სიტყვებმა, მაგრამ საუბარი დღესასწაულის დამთავრებამდე გადადო. ზეიმის შემდეგ კი ეკატერინე თავისთან მიაყვანინა და ჰკითხა: "მითხარი, ვინ ხარ და შენი სათხოვარი გაიმეორეო". "მე წარმოშობით სამეფო გვარისა ვარ, ეკატერინე მქვია. მრავალი მეცნიერება შევისწავლე, მაგრამ ყოველივე არარად მიღირს, რამეთუ უსარგებლონი არიან. მე შევიქენი სასძლო ქრისტესი, რომელიც წინასწარმეტყველ ისაიას პირით ამბობს: "წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმისყოფა გულისხმიერთა დავფარო". მეფე ქალწულის სილამაზემ და გონიერებამ გააოცა, მიხვდა, მასთან კამათით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ ქალაქებიდან ფილოსოფოსნი მიიწვია წმინდა ეკატერინესთან საპაექროდ, ხოლო თვით ქალიშვილი დაატუსაღა და მცველნი დაუდგინა.

პაექრობა ორმოცდაათ ფილოსოფოსთან

მალე ალექსანდრიაში შეიკრიბა ორმოცდაათამდე სახელგანთქმული ფილოსოფოსი, რომელთაც მეფე თავიანთ წარმატებაში დაარწმუნეს. "ნუ შიშობ, მეუფეო, შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგე ძალზე გონიერია, მაგრამ როგორც ქალი, ის არ შეიძლება ფლობდეს სიბრძნეს მთელი სრულყოფილებით და დახელოვნებული იყოს მჭევრმეტყველებაშიო", - განუცხადეს. მათმა ნათქვამმა მაქსიმიანე დაამშვიდა და ეკატერინეს მოყვანა ბრძანა. მანამდე კი მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა ეკატერინეს და გაამხნევა: "ნუ გეშინია, ქალწულო ღვთისაო, უფალი შენს სიბრძნეს კიდევ მეტ სიბრძნეს შემატებს და შენ სძლევ ორმოცდაათივე მოწინააღმდეგეს, და არა მარტო ისინი, მრავალი სხვაც შენ მიერ იწამებს ქრისტეს და მოწამებრივი გვირგვინით შეიმკობა".

უამრავი ხალხი შეიკრიბა წმინდა ეკატერინეს და ფილოსოფოსთა მოსასმენად. ფილოსოფოსთა თავდაჯერება და ამპარტავნული ტონი ქალიშვილის თავმდაბალმა, ბრძნულმა სიტყვებმა შეარბილა და შეცვალა.

კამათი დიდხანს გაგრძელდა. ეკატერინემ ადვილად დააჯერა ფილოსოფოსნი მათი ღმერთების სიცრუეში, უქადაგა ჭეშმარიტი უფალი. მათ კი ძალი არ შესწევდათ, რამე ეპასუხათ და ბოლოს აღიარეს კიდეც დამარცხება.

ცეცხლით ნათელღებული და მოწამის გვირგვინით შემკობილი ფილოსოფოსები

განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ცეცხლი გაეჩაღებინათ და ყველა დამარცხებული ფილოსოფოსი თუ ორატორი დაეწვათ. მეფის ბრძანება რომ მოისმინეს, სიკვდილმისჯილნი მუხლებში ჩაუვარდნენ წმინდა ეკატერინეს და სთხოვეს, ელოცა ჭეშმარიტი უფლის წინაშე, რათა მას ეპატიებინა მათთვის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვები და ღირსი გაეხადა ნათლისღებისა. წმინდა ეკატერინემ მიუგო: "ნეტარნი და ბედნიერნი ხართ, რამეთუ დაუტევეთ სიბნელე და შეიცანით ნათელი ჭეშმარიტი. მოიძაგეთ მიწიერი მოკვდავი მეფე და შეუდექით ზეციურსა და უკვდავს. მტკიცედ გწამდეთ მისი მოწყალებისა და იცოდეთ, რომ ამ ცეცხლით თქვენ განიწმენდთ სულსა და ხორცს, ვარსკვლავზე უბრწყინვალესნი წარდგებით უფლის წინაშე და იქნებით საკუთარნი მისნი. ცეცხლი გექცევათ ნათლობის წყლად და ზეცად ამყვანებელ კიბედ". შემდეგ სათითაოდ დალოცა ორმოცდაათივე, ჯვარი გამოსახა და ისინიც თამამად შეეგებნენ აღსასრულს, ცეცხლით ნათელღებულნი და მოწამის გვირგვინით შემკობილნი წარვიდნენ უფლის მიმართ.

საღამოს ქრისტიანები მალულად მივიდნენ ჩამქრალ კოცონთან, რათა წმინდა მოწამეთა ნაწილები მიწისთვის მიებარებინათ, მაგრამ საკვირველი რამ ნახეს: წმინდანთა სხეულებს ცეცხლი არ მიჰკარებოდა. ამ ცხადმა სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს რჯულზე.

დედოფალი ავგუსტა და მხედართმთავარი პორფირე

მაქსიმიანემ ახლა მოფერებით სცადა წმინდა ეკატერინეს დაყოლიება. ღმერთების თაყვანისცემის სანაცვლოდ ნახევარ სამეფოს ჰპირდებოდა. "ეშმაკობით ნუ ცდილობ ჩემს შეცდენას, მეფევ, - უთხრა მას წმინდანმა, - ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომე: ქრისტიანი ვარ, იესოს სასძლო, და იგია სამკაული ჩემი ქალწულებისა. ნუ ცდილობ, მომხიბლო სამეფო ძოწეულით; მე მოწამის ფლასი მირჩევნია". "იყოს ნება შენი!" - თქვა მაქსიმიანემ და წმინდა ეკატერინეს გაწკეპვლა ბრძანა.

განძარცვეს ქალწული პორფირისგან და გამეტებით სცემეს ხარის ძარღვით. ჭრილობებიდან სისხლი ღვარად მოედინებოდა და მიწას რწყავდა, მაგრამ ქალწულის სიმტკიცე ვერაფერმა შეარყია.

სისხლისგან დაცლილი ეკატერინე საპყრობილეში ჩააგდეს. მაქსიმიანემ ბრძანა, მისთვის არც საჭმელი, არც სასმელი არ მიეწოდებინათ, მაგრამ უფალმა არ მიატოვა თავისი სასძლო - მის წარმოგზავნილ მტრედს ყოველ დილით მიჰქონდა წმინდანისთვის საზრდო. ბოლოს, ქალწულს თვით ზეციური სიძეც გამოეცხადა და გაამხნევა: "არ შეგეშინდეს, სასძლოო, ჩემო საყვარელო, მე ყოველთვის შენთან ვარ, ვერარა სატანჯველი ვერ შეგეხება, შენი მოთმინებით მრავალს მოაქცევ ჭეშმარიტ რჯულზე და ჯილდოდ უთვალავ უხრწნელ გვირგვინს მოიპოვებო".

წმინდა ეკატერინე მიწიერმა დედოფალმაც მოინახულა. მაქსიმიანეს თანამეცხედრეს, ავგუსტას, სიზმრად ენახა სპეტაკი სამოსლით მოსილი ქალწულებით გარშემორტყმული ეკატერინე. წმინდანს გვერდით მოესვა დედოფალი, თავზე ოქროს გვირგვინი დაედგა და ეთქვა: "ამ გვირგვინს თვით უფალი ქრისტე გიგზავნისო".

გაიღვიძა თუ არა დედოფალმა, მოიხმო თავისი ერთგული მთავარსარდალი პორფირე და ორასი მეომრის თანხლებით ციხისკენ გაეშურა. წმინდანის ხილვით გახარებულმა მადლობა შესწირა ყოვლის შემოქმედს. წმინდა ეკატერინემ დედოფალს აუწყა: "სამი დღის შემდეგ მცირეოდენი ტანჯვის დათმენის საფასურად მოწამის გვირგვინით შეიმოსებიო". "რას აძლევს ქრისტე მის მორწმუნეებს? - ჰკითხა მათ პორფირემ, - მინდა ვიწამო და მისი ერთგული მხედარი ვიყო". ეკატერინემ მიუგო: "კაცის ენა ვერ გამოთქვამს იმ სიკეთეს, რომელიც უფალმა თავის მოყვარულებს განუმზადა". მთავარსარდალმა იწამა ქრისტე და მოინათლა. მასთან ერთად ქრისტიანობა მიიღო მისმა ერთგულმა ორასმა მეომარმაც.

წმინდა ეკატერინეს საწამებლად ჯალათებმა ორ ბორბალზე ალესილი მახვილები დაამაგრეს. მათი ერთი დაბრუნება და ქალიშვილი ალბათ ნაკუწებად იქცეოდა, მაგრამ ზეცით დაშვებულმა ანგელოზმა ბორბლები დაამსხვრია და მიმოფანტა.

ამ სასწაულის შემდეგ დედოფალმა ავგუსტამ მაქსიმიანე ამხილა. იმპერატორის ბრძანებით ისიც დასაჯეს - ჯერ ძუძუნი მოჰკვეთეს, შემდეგ - თავი. წმინდა ავგუსტას, იმავე ბასილისას (ანუ დედოფალს) ეკლესია 24 ნოემბერს (ძველი სტილით) იხსენიებს. ამავე დღეს იხსენიება წმინდა პორფირი იმ ორასი ერთგული მხედრითურთ, რომლებმაც მეორე დღეს აღიარეს ქრისტე, სანაცვლოდ სიკვდილი მიიღეს და მოწამის გვირგვინით შეიმოსნენ.

წმინდა ეკატერინეს მოწამებრივი აღსასრული

აღარც ცოლი, აღარც ერთგული მხედართმთავარი... იმპერატორმა თავისი რისხვა "ერთადერთ დამნაშავეს" - წმინდა ეკატერინეს დაატეხა თავს. ჯერ ალერსით სცადა მისი დაყოლიება - აქამდე თუ მამაშვილურად ესაუბრებოდა, ახლა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის სანაცვლოდ ერთგულ ქმრობას დაჰპირდა. მაგრამ ვერაფერმა მოდრიკა წმინდა ქალწული. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, ის ქალაქგარეთ გაეყვანათ და თავი მოეკვეთათ.

უამრავი თანამოქალაქე მიაცილებდა წმინდანს და შეწყალებას სთხოვდა. ქალწულმა თვალნი ზეცად აღაპყრო, მადლი შესწირა უფალს მოთმინების ბოძებისთვის და შესთხოვა, ოდეს აღესრულებოდა, მისი ცხედარი დაფარული ყოფილიყო უკეთურ კაცთა თვალთაგან. შეევედრა იმასაც, რომ ყოველი კეთილი თხოვნა აღესრულებინა კაცთათვის, ოდეს ისინი მეოხად წმინდა ეკატერინეს სახელს მოიხმობდნენ.

ლოცვის დასრულების შემდეგ ქალწული ჯალათს მიუბრუნდა და სთხოვა, ბრძანება აღესრულებინა. წარუპყრა ქედი და... წმინდა ეკატერინეს ტანიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. როგორც ჰყვებოდნენ მორწმუნენი, დიდმოწამის სხეული მყისიერად გაქრა კაცთა თვალთაგან. ანგელოზებმა იგი სინას მთაზე გადააბრძანეს, ალექსანდრიელ მორწმუნეებს კი ნუგეშად დარჩათ მარმარილოს სვეტი, რომელზეც წმინდა ეკატერინეს თავი მოჰკვეთეს.

გავიდა ორასი წელი. VI საუკუნის 30-40-იან წლებში სინას მთაზე, იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებულ მონასტერში, ერთ-ერთ ღირს მამას ეუწყა, რომ უსახელო მთაზე (რომელსაც ახლა წმინდა ეკატერინეს მთას ეძახიან) დიდმოწამე ეკატერინეს უხრწნელი ნაწილი იყო დაბრძანებული. გაუჭირდათ მამებს ამ მაღალ და ციცაბო მწვერვალზე ასვლა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ამასაც გაართვეს თავი და წმინდა ეკატერინეს პატიოსანი თავი და მარცხენა ხელი სი¬ნას მონასტერში გადაასვენეს. ციხესიმაგრესავით მკვიდრ, მტრისგან თავის დასაცავად აგებულ მონასტერს წმინდა ეკატერინეს სახელი ეწოდა და მის გარშემო მრავალი ეკლესია და სენაკი აიგო.

ქართველები უძველესი დროიდან დასახლებულან სინას მთაზე და საკუთარი მონასტრებიც ჰქონიათ. გარდა ამისა, თბილისში სინას მონასტრის მეტოქი წმინდა ეკატერინეს ეკლესია იყო, ხოლო თვით მონასტერს ქართლში, სოფელ მეღვრიკისში, მამულები ჰქონია.


ტროპარი:

სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი და ვითარცა ყოვლადბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივწოდებულო სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედი ზეცისა სასძლოსა, ყოვლადშუენიერსა სიძისა შენისა მიმართ, ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთათვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლადპატიოსანსა სახსენებელსა შენსა.

კონდაკი:

მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ, მარტვილთ მოყუარენო, აწ დაადგინენით მაქებელთა ყოვლადბრძენისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა და გუელი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყუელმან.
..............................

აქვე წაიკითხეთ:

დიდმოწამის სხეული მყისიერად გაქრა კაცთა თვალთაგან, ანგელოზებმა იგი სინას მთაზე გადააბრძანეს

მას შემდეგ, რაც სინას მთაზე მოღვაწე ბერებმა წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილებს მიაკვლიეს და მონასტერს გადასცეს, მონასტერმა სახელი შეიცვალა და წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი ეწოდა

მცხეთის გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას ბერებმა ოდესღაც დააარსეს სავანე წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობაზე

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313)






ბეჭდვა
1კ1