წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა - წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღედ 6 დეკემბერი დადგინდა.

წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისეულ არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახურმა ტრადიციამ, რომლის თანახმად, ოჯახის ერთ-ერთი წევრი სასულიერო პირი უნდა გამხდარიყო. "ჩემი წინაპრები იყვნენ მწყემსები, წლიდან წლამდე რამდენიმე თვით ისინი იმყოფებოდნენ ოჯახიდან შორს, მწყემსავდნენ თავიანთ საქონელს უდაბნოში (ალბათ გარეჯი უნდა იგულისხმებოდეს, - რ. ფ.), რომელიც მწვანდებოდა მხოლოდ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. ერთ საღამოს მათ მოვლენიათ ზეციური სასწაული, რომელმაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანის ბედი. შესაძლებელია, ეს მოხდა შობის ღამეს. ამ დროს უდაბნოში, ზამთრის საღამოები ძალიან წყნარი იცის. ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, მწყემსები კოცონის მოელვარე ენის ცქერისას საუბრობდნენ თავიანთ დიდებულ წინამორბედებზე, რომელთაც ოდესღაც, სხვა შორეულ უდაბნოში, ვარსკვლავიან ღამეს გამოეცხადათ ანგელოზები. მათ ამცნეს უდიდესი საკვირველება - მხსნელის დაბადება და ადამიანური მოდგმის ახალი ცხოვრების დაწყება.

მწყემსები იმ ღამეს აღვსილნი იყვნენ მორჩილებით. გამთენიისას, იმ დროს, როდესაც ეკლესიის ზარები ჩვეულებრივ აღვიძებენ დაღლილ ბერებს და მოუწოდებენ მათ დილის ლოცვისაკენ, უეცრად გაისმა ზარების სასწაული მელოდია. მწყემსები ადამიანთა საცხოვრებლებისაგან შორს იმყოფებოდნენ. უახლოესი ეკლესია მათგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო. ეს კი ანგელოზთა ზარები რეკდნენ. ისინი მორწმუნეებს მოუწოდებდნენ დილის ლოცვაზე. ხოლო მას, ვინც მამაზეციერმა მუდმივი ცხოვრების ღირსად მოავლინა, შეუძლია გაიგონოს ანგელოზთა ზარების ხმები.

ზებუნებრივმა სიხარულმა აღავსო ორივე მწყემსის გული, ციური ნიშანსვეტი მოასწავებდა სანუკვარი სიზმრების ასრულებას, მათი ოცნების განხორციელებას, დედამიწაზე ხეტია¬ლის დასასრულს ერთ-ერთი მათგანი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს და გაემართა იმავე უდაბნოს მონასტრის ნანგრევებისკენ, რათა მიწიერი ამაოების ხმაურს არ ჩაეხშო მასში ანგელოზთა ზარების სასწაულებრივი მელოდიები. ხოლო მეორემ - ვისაც სოფელში დარჩა ცოლი და ვაჟი, სასწაულებრივი მელოდიის ბგერებში შეიმეცნა ნიშანი თავისი შთამომავლობისთვის, რომ ისინი ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად. მან, მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა, შეიყვანა თავისი ვაჟი სკოლაში.

ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში, საღამოობით, გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე - ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე, რომელიც გაშორდა მიწიერ ცხოვრებას", - მოგვითხრობს წმინდა გრიგოლი ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "ბედისწერა".

გრიგოლიც მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში 1899 წლის 13 სექტემბერს მოევლინა ამ ქვეყანას. მამას ვაჟისთვის VIII საუკუნის ქართველი მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის მონასტრების მაშენებლისა და ლიტერატურული სკოლის ფუძემდებლის გრიგოლ ხანძთელის პატივსაცემად დაურქმევია გრიგოლი.

მღვდელი რომანოზი 1860 წელს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელიც დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან ერთად. მან მოღვაწეობა დაიწყო გორის მაზრის სოფელ ზემო ჭალის საზოგადოებრივ სასწავლებელში უფროს მასწავლებლად. შვიდი წლის განმავლობაში რომანოზმა ღირსეული მასწავლებლისა და პატიოსანი ადამიანის სახელი დაიმკვიდრა. მისი ნიჭიერება და თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის. 1889 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 3 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და გარე კახეთში, სოფელ უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. უჯარმაში მსახურობის პერიოდში მამა რომანოზი ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით აირჩია დეპუტატად საეპარქიო კრებაზე დასასწრებად. მან აქაც განაგრძო მასწავლებლად მუშაობა და უჯარმის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა პატარებს. 1982 წელს პედაგოგიურ ასპარეზზე ათწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. იმავე წელს გორის მაზრაში, სოფელ საქაშეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს აქაც აირჩიეს დეპუტატად სამი წლის ვადით. ამასთანავე, ქ. გორში იყო საეპარქიო კრების საქმის მწარმოებელი. საქაშეთში მსახურობის პერიოდში მამა რომანოზმა თავისი ხარჯით გახსნა სამრევლო სკოლა, რომელსაც თავად ინახავდა და ბავშვებსაც უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1896 წლის აღდგომას იგი საგვერდულით დაჯილდოვდა.

1898 წლის 1-ელ ოქტომბერს მამა რომანოზი კახეთში, ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მან აქაც დააარსა სამრევლო სკოლა, მაგრამ გაჭირვებულ სოფელში ჭირდა არსებობა, ღარიბი გლეხობა ვერ ყიდულობდა შვილისთვის სასკოლო წიგნებსა და ინვენტარს და პატარებს აუტანელ პირობებში უწევდათ ცოდნის მიღება. მამა რომანოზი ყოველ ღონეს ხმარობდა პრობლემების დასაძლევად და ხშირად პრესის საშუალებითაც ითხოვდა დახმარებას. "მამა რომანოზი ერთგული იყო თავისი მრევლისა, თავის საბადებელს ღარიბებს უნაწილებდა. მან გახსნა სოფლისათვის სკოლა და კიდევ ბევრი სიკეთე მოუტანა სოფელს", - იგონებდნენ თანასოფლელები.

ახალგაზრდა მოძღვარი არ იშურებდა ძალას და ენერგიას ხალხის რწმენაში განსამტკიცებლად, მათ ჭეშმარიტების გზაზე დასაყენებლად. წირვას ისე არ დაასრულებდა, ქადაგებით რომ არ მიემართა მრევლისათვის, არ განემარტა მათთვის სახარების არსი და დადებითი მნიშვნელობა ქრისტიანის ცხოვრებისათვის. შემორჩენილია მამა რომანოზის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1903 წლის შობის დღესასწაულზე წარმოთქვა. შემოკლებით გთავაზობთ ამ ქადაგებას: "დიდად სასიამოვნოა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, მართლმადიდებელის ეკლესიისათვის დღეს ესოდენი თქვენი შეკრება ღვთის ტაძარში. სასიამოვნოა იმიტომ, რომ თვინიერ მართლმადიდებელის ეკლესიისა ქრისტიანე ვერ ცხონდება, ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. გარეშე ეკლესიისა, ლოცვისა და ღვთის ვედრებისა, ადამიანი ვერ დაიმშვიდებს თავის სინდისს. ვინც ეკლესიაში ხშირად დადის, იმას დაახლოებული ჰყავს ღმერთი. იმის სულს არ ჰქეჯნის ამაოება. იგი ადვილად მოითმენს განსაცდელსაც კი. გარნა, ეკლესიას მოშორებული ქრისტიანე ემსგავსება ვაზის რქას, მოშორებულს ვაზიდან, რომელსაც არავითარი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია თა¬ვის თავად. შორდება მას ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით, განკაცნა და იშვა მარიამ ქალწულისაგან ჩვენის ცხოვნებისათვის; შორდება ის, რომლის შობასაც დღეს დღესასწაულობს წმინდა ეკლესია. ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედა მისსა.

ბედნიერი დღეა დღეს, ძმანო ქრისტიანენო, მთელის კაცობრიობისათვის! დღეს აღსრულდა ძველ აღთქმაში თქმული ღვთისაგან ისაია წინასწარმეტყველის პირით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვას ძე და უწოდონ სახელი მისი ემანუილ, რომელიცა ნიშნავს, ჩვენთან არს ღმერთი" (ისაია 7.14). დღეს ის დღეა, ოდესაც აღსრულდა სიტყვები მთავარანგელოზ გაბრიელისაგან თქმული ღვთისმშობლისა მარიამისა მიმართ: "შვა ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ, და ძე მაღლისა ეწოდოს" (ლკ. 1.32-33).

ვინც ღირსი გავხდით დღეს წირვის მოსმენისა, დაუტეოთ სოფლიური ფიქრი და ვარამი, გონებით წარმოვიდგინოთ ქალაქი ბეთლემი, რომელშიაც იშვა მხსნელი ჩვენი უფალი იესუ ქრისტე.

იშვა ყრმა, დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მაგრამ დაიბადა იგი უკიდურეს სიღარიბეში. იგი ჩვრებში გაახვიეს და ბაგაში ჩააწვინეს. არ ვიცით, რომ მომხდარიყოს სადმე ანუ ვისგანმე, რომ ახლდაბადებული ყრმა ბაგაში ჩაეწვინოთ. ჰოი, უწმინდესო ყრმაო! შენ ჭეშმარიტი ღმერთი იქმენ ჩვრებში გახვეული, პირუტყვთა ბაგაში ჩაწვენილი, რათა გამოიხსნა ცოდვებისაგან, უჩვენო ჭეშმარიტი გზა ცხოვრებისა პირუტყვთა დამსგავსებულს მაშინდელს ერს.

მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე დაბადებიდგანვე შეიქმნა ჩვენთვის ღვთაებრივი მოძღვარი და უდიდესი მასწავლებელი. მან გვაჩვენა ჩვენ თვალსაჩინოთ, რათა კმაყოფილი ვიყვნეთ ჩვენ სიღარიბეში და მწუხარებაში ჩავარდნის დროსაც. ვიყვნეთ მშვიდნი, როცა ხალხი გვამცირებს და კიდეც გვსდევნის. გვასწავლის, რომ მთელის ჩვენის არსებით მივენდოთ ღმერთსა.

მართალია, იესუ დაიბადა უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ ის არის მეუფე და გამგე ცისა და ქვეყნისა: "ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედა მისსა". ციურთა დასთა ანგელოზთა მბრძანებელია; და ესენი ემორჩილებიან მას. მან გამოითხოვა ზეცით ანგელოზნი, რომლებმაც ახარეს მწყემსებს მისი შობა: "აჰა, გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, - უთხრა ანგელოზმა მწყემსებს, - რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელი არს ქრისტე უფალი" (ლკ.10.11). ზეცითგან იესუ გამოითხოვს მთელს დასს ანგელოზთა თვისთა სადიდებლათ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - გალობენ ანგელოზნი. ვინ არის იგი, რომელსაც ემსახურებიან ანგელოზნი? ეჭვს გარეშეა, რომ იგი არის უმაღლესი ანგელოზთა, იგი არის თვით ღმერთი. ჩვრებში გახვეული და ბაგაში ჩაწვენილი იესუ არის ყოვლადშემძლებელი ღმერთი.

შეუვრდეთ, ძმანო, მწყემსთა ბეთლემისათა და სამთა აღმოსავლეთის ბრძენთა თანა ბაგასა მას ღვთაებრივისა ყრმისა! ვადიდოთ იგი დასთა თანა ზეციურ მხედრობათა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". შევწიროთ მას მოგვთა თანა მსხვერპლი სულიერი, განსაკუთრებით წმინდა გული, აღსავსე ცხოველის მხურვალე სარწმუნოებით, სათნო ვეყოთ მას კეთილითა საქმითა ჩვენითა და მით დახმარება აღმოვუჩინოთ ღვთის სასუფევლის სოფლად დამკვიდრებას და გავრცელებას. ამინ".

1905 წელს რომანოზი უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც წმ. გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ, ამასთან დაკავშირებული ხარჯები მამა გრიგოლის ბიძას, ყვარლის მღვდელს გიორგის გაუწევია. მამა რომანოზი ბაკურციხის ეკლესიის ეზოში დაუკრძალავთ. დაქვრივებულ მარიამ სამადაშვილს გასაზრდელად სამი ობოლი ბავშვი - არჩილი, გრიგოლი და ვასილი დარჩა. ამ დროს წმინდა გრიგოლი მხოლოდ ექვსი წლის იყო. მარიამი შვილებთან ერთად თბილისში დასახლდა. ქალაქში ოჯახი უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში ჩავარდა. ამის გამო მცირეწლოვანი გრიგოლი აღსაზრდელად ბიძამ, გიორგი ფერაძემ, ყვარელში წაიყვანა. იქ გიორგი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მოძღვარი იყო. გრიგოლი ყვარელში სასკოლო ასაკის მიღწევამდე დარჩენილა.

ბიძამისი, მღვდელი გიორგი, 1863 წელს დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გიორგის წარმატებით დაუსრულებია ამავე ქალაქის პედაგოგიური სასწავლებელიც. მუშაობდა სოფელ სიმონეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად, ერთხანს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაშიც უმუშავია. 1890 წლის 21 იანვარს გიორგი ფერაძე საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა., ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სოფელ ვალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

მამა გიორგი თურმე უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს ვალეს სამრევლო სკოლაში. 1894 წელს მამა გიორგი ყვარლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ იგი ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წელს მამა გიორგი ფერაძეს სკუფია უბოძეს. წმინდა სინოდ¬მა მადლობის სიგელი გადასცა. მღვდელი გიორგი 1911 წელს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.

წმინდა გრიგოლის დედა, მარიამიც, მოძღვრის ბესარიონ გრიგოლის ძე სამადაშვილის ქალიშვილი გახლდათ. წმინდა გრიგოლის ბაბუა ბესარიონიც მღვდლის ოჯახში დაბადებულა. ბაბუა ბესარიონს თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაუმთავრებია, შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ნიჭიერი ახალგაზრდა ჩრდილო კავკასიაში, ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ, ბესარიონ სამადაშვილი თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მასწავლებლის მოვალეობიდან. 1849 წელს ცოლად შეირთო სოფიო პეტრესი. მამა ბესარიონსა და სოფიოს ხუთი შვილი ჰყავდათ: ნადეჟდა, ვლადიმერი, მარიამი, დეკანოზი ალექსი და ზაქარია. 1849 წელს გორის ეპისკოპოს ნიკიფორე ჯორჯაძეს ბესარიონი დიაკვნად უკურთხებია. მალე ეგზარქოსმა მამა ბესარიონს მღვდლად დაასხა ხელი და ჩრდილო კავკასიაში, სუოდაკის ოსურ სამრევლოში დანიშნა ღვთისმსახურად. მამა ბესარიონმა მალე დაიმსახურა ოლქის სამღვდელოებისა და მრევლის სიყვარული და პატივისცემა. მას დიგორისა და ალაგირის ოლქების მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაევალა, რასაც ქართველმა ღვთისმსახურმა წარმატებით გაართვა თავი. 1856 წელს მამა ბესარიონს სკუფია უბოძეს. 1859 წლიდან იგი სამშობლოში ბრუნდება და თბილისის მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1862 წლიდან 1864 წლამდე მამა ბესარიონი უსასყიდლოდ ასწავლიდა კუკიის ქალთა სკოლაში საღვთო სჯულს. 1866 წელს მამა ბესარიონს დაევალა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების საეკლესიო მატრიკულების რევიზია, ხოლო ერთი წლის შემდეგ დასავლეთ საქართველოს ეკლესიებისა. ერთხანს თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდლის პროკლე იოსელიანის ავადმყოფობის გამო, ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, მამა ბესარიონს დაევალა წირვა-ლოცვის ჩატარება და საეკლესიო წესების შესრულება ჰოსპიტლის ეკლესიაში. მამა ბესარიონი თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილებაშიც მუშაობდა. მალე ის სამკერდე ოქროს ჯვრითაც დააჯილდოვეს. მამა ბესარიონი თითქმის 40 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიას. სავარაუდოდ, იგი XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლესიაში, საკურთხევლის წინა მარჯვენა მხარეს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა გრიგოლთან (ფერაძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


* * *


სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1913 წელს გრიგოლმა დაამთავრა სასწავლებელი და თურმე მაშინვე ჩაება საოჯახო ფერხულში, მხარში ამოუდგა დედას. განსაკუთრებით ყურადღებით უვლიდა პატარა ვასოს, რომელიც შემდეგში ხშირად იგონებდა, - გიგოს ჩემთვის არა მარტო ძმობა, მამობაც გაუწევიაო.

სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლ ფერაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი, დეკანოზი კორნელი კეკელიძე, შემდეგში თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მასა და ჭაბუკ გრიგოლს შორის იმთავითვე თბილი, მამაშვილური ურთიერთდამოკიდებულება დამყარდა. კორნელი კეკელიძე ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდა ნიჭიერ სტუდენტს. სწორედ კ. კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა საკათალიკოსო საბჭომ გენერალ ფონ კრესს თხოვნით, გაეგზავნათ ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე, როგორც სასულიერო სემინარიის პირველი ხარისხის დიპლომიანი ახალგაზრდა, გერმანიაში რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში თეოლოგიურ ფაკულტეტზე სასწავლებლად. ფონ კრესს აღუთქვამს კიდეც დახმარება, მაგრამ გერმანიის რევოლუციის გამო ეს გეგმა ჩაიშალა. სწორედ კორნელი კეკელიძესთან, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიის უბადლო მცოდნესთან სიახლოვემ განაპირობა გრიგოლის მომავალი ინტერესების სფეროს ფორმირება. იგი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიის საკითხების შესწავლით დაინტერესდა.

სემინარიაში ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდიდარ სასულიერო ლიტერატურას გაეცნო. ეს იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის აქტიური პერიოდი. ამ მიზნის მისაღწევად იღვწოდნენ მომავალი პატრიარქები: კირიონი და ლეონიდე, სემინარიის მაშინდელი რექტორი კორნელი კეკელიძე.

წმინდა გრიგოლი სემინარიის თვალი და გული იყო. ამიტომ, როდესაც გადაწყდა თბილისის მფარველი წმინდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდის შექმნა, მისი თავმჯდომარეობა სწორედ გრიგოლ ფერაძეს ანდეს, მაგრამ 1917 წლის რევოლუციამ ამ საქმის განხორციელებას ხელი შეუშალა.

1918 წელს გრიგოლ ფერაძემ წარჩინებით დაასრულა სემინარიის ექვსივე კურსი, რაც მას რუსეთში და სხვა ნებისმიერი ქვეყნის სასულიერო აკადემიაში გამოცდების ჩაბარების უფლებას აძლევდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გრიგოლის გეგმებს ხორცშესხმა არ ეწერა: ეს იყო დიდი ისტორიული კატაკლიზმების დრო; რუსეთში რევოლუცია მძვინვარებდა, საქართველოს რესპუბლიკამ კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როგორც უკვე მოგახსენეთ, გრიგოლის გერმანიის თეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მცდელობაც კრახით დასრულდა ისევ ისტორიული ვითარების გამო: იმ დროს გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი იყო.

1918 წელს გრიგოლი ახალგახსნილი ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმავდროულად დაიწყო მუშაობა მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ხანდაკში. მომდევნო წელს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა სწავლა (1919-1921). იგი მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. 1921 წლის დასაწყისში გრიგოლ ფერაძე მშობლიურ უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ძალიან მალე, თებერვალში საქართველოში შემოიჭრა წითელი მე-11 არმია, რის შემდეგაც გრიგოლი ორ ძმასთან ერთად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ამის შესახებ თვითონ გრიგოლ ფერაძე იგონებს: "მთელი საქართველო სისხლში ცურავდა. სამივე ძმა ფრონტზე ვიყავით. დედაჩემი თბილისში იყო. არაფერი იცოდა ჩვენ შესახებ. სამი ძმიდან პირველი მე დავბრუნდი სახლში. ბინა გაქურდული დამხვდა. ქალაქი შიმშილობდა. დრო არ მქონდა დასვენებაზე მეფიქრა. უნდა მეჩქარა, რათა უმცროსი ძმა მომეძებნა. სხვადასხვა ცნობა მოდიოდა მის შესახებ. სამი ქალაქი მოვიარე იმ იმედით, იქნებ მეპოვა, უმეტესად ფეხით დავდიოდი - ძლივს მივაგენი დაკარგულ ძმას, რომელსაც ჩემი ჩასვლის დღეს ფეხი მოჰკვეთეს".

ამაო გამოდგა ყველაფერი, ჩვენს ქვეყანას წითლები დაეპატრონნენ. მათ შეუტიეს ყოველივე ქართულს, ყოველივე წმინდას, მათ შორის საქართველოს ეკლესიასაც. შიშმა დაისადგურა ირგვლივ. კომუნისტური ტერორისთვის რომ გაერიდებინა კორნელი კეკელიძემ 1921 წლის მარტში გრიგოლი დროებით კახეთში, სოფელ მანავში მასწავლებლად გაგზავნა. მანავში გატარებული დროის შესახებ წმინდა გრიგოლი ბევრს წერს თავის დღიურებში. მანავი და იქაური ყოფა ასე აქვს აღწერილი: "სოფელი მთის ფერდობიდან დაცილებული იყო, ნაგებობებს ემუქრებოდა ღრმა ნაპრალები და ბზარები, რომლებიც გადაკვეთდნენ ნაკვეთებს, ქუჩებს და ეზოებს. რამდენიმე სახლი უკვე თავზე ენგრეოდათ არხეინ სოფლელებს. ამ მომავალ საფრთხეში ეს ყოვლად გულგრილი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტ ძალებს ჭვრეტდა და არავითარ ღონისძიებას არ მიმართავდა მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად". თავისუფალ დროს გრიგოლი, უსახსრობის გამო, ერთ სომეხს ედგა მოჯამაგირედ. მანავს იგონებს მოთხრობაში "ბედისწერა", რომელიც შემდეგ ლაიტმოტივად დაედო მამა გრიგოლის შესახებ გადაღებულ პოლონურ-ქართულ ფილმს "თეთრი ანგელოზის ძიებაში" (რეჟისორები ეჟი ლუბახი და თამარ დულარიძე). მოთხრობის ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი ხის ჩრდილსაა შეფარებული და წიგნს კითხულობს, ამ დროს მოჯამაგირის ძმა - მწყემსი მიხა მოაკითხავს. წიგნიდან ფურცელი გამოფრიალდება, რომელსაც ანგელოზი ახატია, მწყემსი მიხა აიღებს ფურცელს და გაოცებით ეტყვის: ასეთ ანგელოზს მეც განახვებ, უდაბნოში ერთ-ერთ ტაძარში სახლობსო. დათანხმდება, შემოაჯდება მწყემსი მიხას მეორე სახედარს და უდაბნოსკენ გაეშურებიან. გზად მიხას სახედარს გველი დააფრთხობს, ჩაიმუხლება, მიხა ჩამოვარდება. უხსენებელი დავარდნილს ქუსლზე უკბენს. მისი მეგზური გვიანღა მოისაზრებს ქუსლიდან შხამის გამოწოვას. "ჩემი ბაგე თითქოს რაღაც სიწმინდეს შეეხოო, - ასე წერს გრიგოლი და ბოლოს ამბობს: - რომ მოვიყვანე, სოფლად უკვე მომაკვდავი მიხას თვალებიდან თეთრი ანგელოზი შემომცქეროდაო".

1-ელ მაისს წმინდა გრიგოლი თბილისში ჩამოვიდა, რათა აღდგომის დღესასწაული სხვებთან ერთად ეზეიმა, მაგრამ... ტრაგიკულია ამ დღის მისეული აღწერა: "სიონის საკათედრო ტაძარში მორწმუნეთა სიმცირე იგრძნობოდა. თვით კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე წირავდა რამდენიმე მღვდელთან ერთად... ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას, პატრიარქმა შემამჩნია და მომესალმა - "ქრისტე აღდგა". ავტომატურად ვუპასუხე, როგორც წესი იყო და თან გამოვყევი. ახალი დღე იწყებოდა. პატრიარქის სასახლისკენ მიმავალი, აღდგომის დღეებში ყოველთვის ხალხმრავალი ქუჩა ახლა სრულიად დაცარიელებულიყო, ფანჯრის დარაბებიც მიეხურათ.

პატრიარქი მარტო მიდიოდა. არც ერთი მღვდელი არ აცილებდა მას. მე შორიახლოს მივყვებოდი. ქუჩის კუთხეში ორი წითელარმიელი გამოჩნდა. ზიზღით შეხედეს პატრიარქს და გზა განაგრძეს... სასახლეში შესვლისას პატრიარქი შეჩერდა, თითქოს იგრძნო, რომ უკან მივყვებოდი. ორივე ხელი ჩამავლო და ტკივილით და დარდით სავსეს მამობრივი ხმით მითხრა, - "სულიერად დაცემული ვარ. წადი აქედან, გადაარჩინე შენი ახალგაზრდობა". შევიგრძენი მამაშვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც".

წმინდა გრიგოლმა დაინახა, თუ რა უფსკრულისკენ მიექანებოდა მისი სამშობლო, თუ რას უქადდა ბოლშევიკური იდეოლოგია ყოველივე წმინდას, რაც კი ქართველს გააჩნდა... "სიძულვილს დაუსადგურებია ერებს შორის, მძვინვარებს ომები, ძმა ძმას არ ინდობს, საზოგადოებაში კლასობრივი განსხვავებებია. დღევანდელობის დროშებად მოგვევლინენ ლამაზი ლოზუნგები, რომელთა მიღმაც სიბინძურე და თვალთმაქცობა იფარება".

1921 წლის შემოდგომაზე გარეკახეთის სამღვდელოებამ გრიგოლ ფერაძე თავის წარმომადგენლად გაგზავნა მესამე საეკლესიო კრებაზე გელათში. ამ კრებაზე ხელმეორედ დაისვა საკითხი სხვა ახალგაზრდებთან ერთად გრიგოლ ფერაძის გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ. ამჯერადაც მას კორნელი კეკელიძე და მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) შუამდგომლობდნენ. მისი ბედით დაინტერესდნენ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და ცნობილი გერმანელი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე არტურ ლაისტი.

აი, რა მისწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გერმანიის საელჩოს თბილისში: "საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება.

წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია "ოფიციალურ" საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე, და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.

გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.

მე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას.

ფერაძე გერმანიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელია. ამდენად, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან დავამყაროთ კავშირი.

ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.

გელათის მონასტერი

1921 წ. 6 სექტემბერი

ამბროსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

კათოლიკოს-პატრიარქმა ეს სარეკომენდაციო წერილი კრების დამთავრებისთანავე შეადგინა გელათში და აქედანაც ჩანს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ევროპაში ნიჭიერი ახალგაზრდების გაგზავნას თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად, რათა შემდეგ მათი საშუალებით გაეღრმავებინათ კავშირი ევროპასთან საეკლესიო საკითხებში.

პირველი გერმანელი, რომელმაც ხელი შეუწყო გრიგოლ ფერაძის გერმანიაში გამგზავრებას და რომლის სარეკომენდაციო ბარათიც ახლდა კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის წერილს, იყო არტურ ლაისტი. მან თარგმნა კათოლიკოსის წერილიც, მიწერილი დოქტორი ლეფსიუსისადმი. არტურ ლაისტი წერდა:

"ღრმად პატივცემულო ბატონო,

ამ წერილის მომტანი, ბატონი გრიგოლ ფერაძე, ქართველი ახალგაზრდა, აპირებს ბერლინში ევანგელისტური თეოლოგიის შესწავლას, რათა შემდეგ თავის სამშობლოში ქართული სამღვდელოების სულიერი და მორალური აღმავლობისათვის იზრუნოს. ბატონი ფერაძე ძალიან მონდომებულია და მე იგი ძალიან თბილად წარმომიდგინა ქართული ეკლესიის მწყემსმთავარმა. თუმცა ახალგაზრდა კაცის ფულადი სახსრების სიმცირისა და ქართული ეკლესიის მმართველობის ამჟამინდელი გაჭირვების გამო საკმარისი ფინანსური შესატანის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გერმანიის კულტურული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკლესიის ჩართვა გერმანელი მეცნიერების გავლენის სფეროში და ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდა კაცს ბერლინში ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ.

მრავალი წელია, რამდენადაც შემიძლია, ვიღვწი საქართველოში გერმანიისადმი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად და საქართველო-გერმანიის მეგობრობის განსამტკიცებლად. ახლაც ყოველ ღონეს ვხმარობ, რათა ხელი შევუწყო ჩვენს საგარეო კულტურულ პოლიტიკას. მთელი წინა აზია გერმანული ორიენტაციის მატარებელია, გარდა სომხებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დაწყებამდე იდგნენ ჩვენი მტრების მხარეზე, ხოლო ომის დროს კავკასიაში ყოველივე გერმანულის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. როცა ინგლისელებმა დაიკავეს კავკასია, სომხები ისევ ძალიან გამომწვევად გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ - მე ბევრი მიწერია სომხებზე: 1912 წელს ბერლინში გამოვაქვეყნე ერთი ტომი სომხური ლექსების გერმანული თარგმანი, 30 წელი მეგობრულად ვიყავი განწყობილი მათდამი, მაგრამ ახლა საბოლოოდ "განვიკურნე" ამ მეგობრობისგან. ბატონ გენერალ ფონ კრესს (ამჟამად გერმანიის სამხედრო სამინისტროშია, ბერლინში), მისი აქ ყოფნის დროს, 1918 წელს, ბევრი რამ მოვუყევი სომეხთა უმსგავსო საქციელზე. ახლა მან იგივე შეიტყო სხვებისაგანაც და დარწმუნდა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიქცევით, გერმანია-საქართველოს მეგობრობას რომ ვუწყობთ ხელს.

ამიტომ ვანდობ თქვენს კეთილ ზრუნვას ბატონ ფერაძესაც და აქვე გაახლებთ ნაწყვეტს ერთი წერილიდან, რომელიც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა აქაური გერმანელებისათვის გადმომცა.

ღრმა პატივისცემით, არტურ ლაისტი, მწერალი

თბილისი, 1921 წ. 10 ოქტომბერი".

1921 წლის ნოემბრის დამდეგს საკათალიკოსო საბჭომ, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია), კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი, არტურ ლაისტის დახმარებით, ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა "დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსის დოიჩე ორიენტ-მისიონის" სტიპენდია. დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსი ასევე დაეხმარა გრიგოლს ვიზის მიღებას და ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტად გახდომაში. წმინდა გრიგოლი დიდად ემადლიერებოდა თავის მფარველს. იგი ერთ მოგონებაში წერდა: "პატარა წერილი ვერ დაიტევს ყოველივეს, რაც სწავლის ოთხი წლის გან¬მავლობაში შთამაგონა დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსმა. ეს მთელი ცხოვრების პროგრამაა, ცხოვრების, რომელიც აღვსილი იქნება ამ მრავალმხრივი და ღვთისგან უშურველად მომადლებული კაცისაგან მიღებული შთაბეჭდილებებით".

ამრიგად, გრიგოლ ფერაძე გერმანიაში გაიგზავნა და ამის მერე მისი ბედი განუყრელად დაუკავშირდა ევროპას. მრავალგზის ცდის მიუხედავად იგი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

* * *


პირველად გრიგოლ ფერაძე ბერლინში დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსთან ჩავიდა. როგორც უკვე მოგითხრეთ, სწორედ ამ პიროვნებისადმი იყო მიწერილი არტურ ლაისტის წერილიც. იოჰანეს ლეფსიუსი (1858-1926) არის თეოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მე-20 საუკუნის გერმანიაში. იგი თავისი ქრისტიანულ-ჰუმანიტარული მოღვაწეობით უტოლდება ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებას, როგორიცაა ალბერტ შვაიცერი.

ი. ლეფსიუსმა დააარსა სამისიონერო საზოგადოება აღმოსავლეთისათვის, ასევე სომეხთა დამხმარე საზოგადოება ბერლინში, იგი ხსნიდა საავადმყოფოებს, სკოლებს, მანუ¬ფაქტურებს მასობრივ ჟლეტას გადარჩენილთათვის თურქეთში და ლტოლვილებისათვის სპარსეთიდან და ბულგარეთიდან, სადაც დახმარებას უწევდნენ სომხებს, ქრისტიან სირიელებს, ქურთებს და თვით თურქებსაც მკურნალობდნენ და ცდილობდნენ მათ შერიგებას. ი. ლეფსიუსი ეხმარებოდა ასტრახანის ევანგელისტურ ეკლესიას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას არასოდეს უცდია მართლმადიდებელი ეკლესიის (რუსული, სომხური და სირიული) ნაწილის "გაპროტესტანტება". მას სურდა, უპირველეს ყოვლისა, ამ ძველი, ისლამის მიერ დევნილი დასუსტებული ეკლესიების გაძლიერება.

აღმოსავლეთში ჩატარებული ქველმოქმედებისათვის, გაჭირვებულთა მიმართ ზრუნვისა და თეოლოგიური მოღვაწეობისათვის მან ქ. ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. ი. ლეფსიუსი ცნობილი იყო ფრანც ვერფელის წიგნიდან "მუსა დაღის ორმოცი დღე", სადაც იგი, როგორც "სომეხი ხალხის მფარველი ანგელოზი", თანაგრძნობითა და სიყვარულითაა აღსავსე, ღვთაებრივია და ჰუმანურობის გამომხატველი. იგი ზოგჯერ გამოგონილი ლიტერატურული გმირიც კი ეგონათ, სინამდვილეში კი ლეფსიუსის მიერ შეგროვილი აკრძალული დოკუმენტები გახდა ფრანც ვერფელის რომანის ერთ-ერთი მთავარი წყარო.

ი. ლეფსიუსმა დიდი მზრუნველობით მიიღო ახალგაზრდა ქართველი თეოლოგი, სტიპენდია დაუნიშნა მას, ხელი შეუწყო გამხდარიყო ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. გრიგოლ ფერაძეზე ზრუნვა მან ღვთისგან მიღებულ დავალებად ჩათვალა და მთელი ცხოვრების მანძილზე მამობრივ ყურადღებას იჩენდა მისდამი.

აი, რას წერს მეგობარს: "4 იანვარს ახალგაზრდა თეოლოგი სტუდენტი მოვიდა ჩემთან თბილისიდან, ქართველი, საქართველოს ეკლესიის პატრიარქის წერილით. ეს ეკლესია, რომელიც ისევე ძველია, როგორც სომხური და კონსტანტინე დიდამდის დაარსებული, ერთი საუკუნის წინ მთლიანად რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოტყუებით მიიერთა, კათოლიკოსი ექვემდებარებოდა პეტერბურგის წმ. სინოდს. ქართველი ახალგაზრდა თეოლოგები იძულებულნი იყვნენ, კიევში ან მოსკოვში ესწავლათ თეოლოგია. ახლა რუსული კავკასიის გათავისუფლებამ ქართული ეკლესიაც გაათავისუფლა და კათოლიკოსს შეუძლია თავისი სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იქ გაგზავნოს, სადაც მოესურვება. მაგრამ ქართული ეკლესია ბოლშევიკებმა ისე გაძარცვეს, რომ იგი სრულიად გაღატაკდა. მიუხედავად ამისა, კათალიკოსმა ღვთის იმედით გამოგზავნა თავისი სემინარიის ერთი ნიჭიერი მოსწავლე გერმანიაში და რაკი ჩემ შესახებ სმენოდა, მთხოვა, დავეხმარო, რათა აქ თეოლოგია ისწავლოს. ასე ჩამოვიდა ახალგაზრდა ფერაძე როგორც პირველი ქართველი თეოლოგი სტუდენტი გერმანიაში. ვინაიდან საქართველოს ეკლესიას არა აქვს თეოლოგიური სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე და ბიბლიის თარგმანიც კი არ გააჩნია თანამედროვე ქართულზე, ფერაძე აღსავსეა სურვილით, შეავსოს ეს ნაკლი ბერლინის თეოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. რაკი იგი მთლიანად მე მომენდო, რათა ვუხელმძღვანელო, კათალიკოსის სურვილის თანახმად, ე.ი. მე ღვთისგან მივიღე ეს დავალება. ერთი შეიძლება გამრავლდეს, რითაც ევანგელისტური თეოლოგია ღია კარს იპოვის უძველეს ქართულ ეკლესიაში".

ლეფსიუსი მეგობრებსაც სთხოვდა, დახმარებოდნენ მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა სტუდენტს ცხოვრებისა და სწავლისათვის საჭირო სახსრების მოძიებაში, რასაც აღმოსავლეთიდან ჩასული სტუდენტი ღმერთის მიერ გაგზავნილად მიიჩნევდა.

ი. ლეფსიუსის გარდა, მისი მეგობარი - არქიეპისკოპოსი ნათან ზიუდერბლომი და ი. შნაიდერიც ზრუნავდნენ ახალგაზრდა ქართველ სტუდენტზე. იგი გაათავისუფლეს უცხოელების გადასახადისაგან. გრიგოლ ფერაძის წერილები და მოკითხვის ბარათებიც ყოველთვის მადლიერების გრძნობითაა გამსჭვალული. ამავე დროს იგი ყოველთვის თავისი სწავლისა თუ მუშაობის შესახებ აცნობებდა და გარკვეულად ანგარიშს აბარებდა მასწავლებელს.

გრიგოლ ფერაძე გერმანულ ენას სწავლობდა ლეფსიუსის "აღმოსავლეთის მისიის" გენერალური მდივნის რიჰარდ შეფერის ოჯახში. თუმცა ი. ლეფსიუსი გრიგოლ ფერაძის გაცნობის შემდეგ წერდა: "განმეორებით მოსვლის შემდეგ გამოვარკვიე, რომ ბატონი ფერაძე უკვე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა გერმანულ ენას, ასე რომ, უკვე არა მარტო გერმანულ წიგნებს კითხულობდა, არამედ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკში ნავარჯიშევი არ იყო, საკმაოდ კარგად ახერხებდა ჩემთან ურთიერთობას".

ლეფსიუსის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლზე ზრუნავდა ლეფსიუსის ქვრივი ალის ლეფსიუსი, რომელიც ასევე დიდი გულშემატკივარი იყო გრიგოლ ფერაძისა. აი, რას სწერს იგი პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში მისი გადასვლის თაობაზე თავის ერთ-ერთ წერილში რ. შეფერს: "ბატონი ფერაძე ძალიან მახარებს და მაოცებს. რა გატაცებით დაიწყო ახალი საქმე (იგულისხმება სწორედ ქართული ემიგრანტების სულიერი მოძღვრის საქმიანობა პარიზში). ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგად გამოუვა, ყოველ შემთხვევაში პარიზში მუშაობა ცოცხალი საქმე იქნება და უფრო მეტ კმაყოფილებას მოუტანს, ვიდრე ლექტორობა. ჩემი ქმარი დიდი სიხარულით მიესალმებოდა თავისი მოწაფის ამ ახალ წინსვლას."

წმ. გრიგოლი ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტში

ბერლინში ჩასვლის პირველი ხუთი თვე გრიგოლმა გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას მოანდომა, რაშიც როგორც უკვე აღვნიშნე, მას გენერალური მდივნი შაფერი ეხმარებოდა. ამის შემდეგ იგი ცხოვრობდა პოსტდამში. 1922 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ჩააბარა გამოცდები გერმანულ, ბერძნულ, ებრაულ ენებში. ლეფსიუსის დახმარებით სტიპენდიაც დაენიშნა. ბერლინის უნივერსიტეტში იგი ისმენდა აღიარებული სპეციალისტების: ადოლფ ფონ ჰარნაკის, ადოლფ დაისმანის, კ. ჰოლის, კარლ ბროკელმანისა და ბრუნო მაისნერის ლექციებს. "გერმანული მეცნიერების შესწავლა დავიწყე მისი აყვავების პერიოდში. ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან პარნაკი, პოლი, დაისმანი, ბაუდისინი, გრესმანი, გუსენი და ერჰარდი, ყოველ თაობაში როდი იბადებიან. ისინი მრავალი თაობის სწრაფვის და სულიერი ღვწის გვირგვინს წარმოადგენენ. ახლა რომ ვიწყებდე სწავლას, მათ დახმარებას სრულიად სხვაგვარად შევაფასებდი და გამოვიყენებდი, მაგრამ სინანული უკვე გვიანაა", - აღნიშნავდა მეცნიერი თავისი გავლილი ცხოვრების შეფასებისას.

იგი ძირითადად სწავლობდა აღმოსავლურ ენებს: ძველებრაულს, ძველბერძნულს, სირიულს, არაბულს, კოპტურსა და სომხურს. მათთან ერთად შეისწავლა გერმანული, ფრანგული, ინგლისური და ლათინური. გრიგოლმა საფუძვლიანად იცოდა აგრეთვე რუსული და ძველსლავური და, რა თქმა უნდა, ქართული ენა. მოგვიანებით, მან პოლონეთში ყოფნის დროს, შეისწავლა პოლონური ენაც. მრავალი ენის ცოდნა გრიგოლს საშუალებას აძლევდა, მსოფლიო ქრისტიანულ ლიტერატურას ორიგინალში გასცნობოდა. მან საფუძვლიანად შეისწავლა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანობის ჩასახვასა და გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები, იკვლევდა საქართველოს წვლილსა და გავლენას ადრექრისტიანული მწერლობის განვითარებაში. გრიგოლი დიდ დროს უთმობდა პატროლოგიის საკითხების შესწავლასაც. სწორედ პატროლოგია - წმინდა მამათა ცხოვრება, მათი ეპისტოლეებისა და ქადაგებების შესწავლა - გახდა მისი მოწოდების ჭეშმარიტი საგანი.

ბერლინის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძე სამი წლის მანძილზე სწავლობდა თეოლოგიასა და აღმოსავლეთმცოდნეობას. იქ გატარებული წლების განუყრელი თანამგზავრი ფინანსური შეჭირვება იყო. ამას თბილისის უნივერსიტეტის რექტორის - ივანე ჯავახიშვილის სახელზე მოწერილი ბარათი მოწმობს, სადაც გრიგოლი სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას ითხოვს. გრიგოლი გულმოდგინედ სწავლობდა, რათა კარგ სპეციალისტად დაბრუნებულიყო სამშობლოში. სამშობლოდან კი ცუდი ამბები მისდიოდა. იცოდა, თუ როგორ ებრძოდნენ ბოლშევიკები ქართველ პატრიოტებს, ხვრეტდნენ, აწამებდნენ, როგორ ჩაახშვეს სისხლში 1924 წლის აჯანყება. იმ ხანებში იგი დოქტორ ლეფსიუსს სწერდა: "ცუდი ცნობები მომდის ჩემი ქვეყნის შესახებ. არეულობაა, ჩაგვრა, ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარის მკვლელობა - ის ჩემი მეგობარი და მასწავლებელი იყო და ძალიან ბევრი გააკეთა ჩემი გერმანიაში გამოგზავნისათვის. 68 წლის მიტროპოლიტი წელიწადზე მეტ ხანს ციხეში იჯდა. ახლახან გამოუშვეს და ქუთაისში ცხოვრობდა. ბოლშევიკებს, რომლებსაც ეკლესიის გახლეჩა სურთ, უნდოდათ მისთვის პატრიარქობის გადაცემა, რადგან მისი უწმინდესობა პატრიარქი ამბროსი ავადაა და ჯანმრთელობა შერყეული აქვს. მიტროპოლიტმა, რა თქმა უნდა, უარი თქვა ამაზე - მასთან ერთად დავკარგე ყოველივე საუკეთესო, რაც სამშობლოსთან მაკავშირებდა და მახარებდა". 1925 წელს მან თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი.

ახალგაზრდა გრიგოლი ბევრს სწავლობდა და მუშაობდა. როგორც თამარ ჭუმბურიძე მოგვითხრობს, იგი თავიდან აპირებდა პროფესორ ჰოლთან ერთად დაეწერა ნაშრომი გიორგი ათონელის შესახებ, მაგრამ გერმანიაში საჭირო ლიტერატურა ვერ მოიპოვა. პროფ. მეკელაინის რჩევით მას მიუმართავს პროფ. ჰაინრიხ გუსენისათვის. გუსენს იგი ძალიან თავაზიანად მიუღია და გრიგოლსაც დარჩენია შთაბეჭდილება, რომ სწორედ გუსენი იყო ის პიროვნება, რომელიც გამოადგებოდა მას თავის მეცნიერულ მუშაობაში, რადგან პროფ. გუსენს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ყველა დარგში იყო გარკვეული. ამასთანავე გრიგოლისთვის დოქტორ ლეფსიუსსაც ურჩევია ბონში გაეგრძელებინა სწავლა და დაწყებული სამუშაო იქ დაემთავრებინა, ოღონდ იგი თვლიდა, რომ უმჯობესი იქნებოდა დაეწერა გამოკვლევა ბერმონაზვნობის დასაწყისზე საქართველოში და არა ამ ბერმონაზვნობის ერთ რომელიმე წარმომადგენელზე.

პროფ. გუსენი ქრისტიანული აღმოსავლეთის პროფესორი იყო ბონის უნივერსიტეტში. იგი, უპირველესად, თავისი შესანიშნავი ბიბლიოთეკით იყო ცნობილი (ამ წიგნების ნაწილს საქართველოდანაც იღებდა კორნელი კეკელიძისა და სხვა იმდროინდელი მეცნიერებისაგან, და თავადაც აგზავნიდა საპასუხოდ გერმანულ გამოცემებს). ეს წიგნები ახლა ბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. ის ასწავლიდა აღმოსავლურ ენებს და პრაქტიკული მეცადინეობების გარდა მიჰყავდა სალექციო კურსი სხვადასხვა ზოგად თემაზე. გრ. ფერაძე მას მეტად თბილად იგონებს თავის წერილში "ქართული კულტურის სამსახურში": "იგი უაღრესად მშვიდი ბუნების მეცნიერი იყო, ენების გენიოსი - სრულყოფილად ფლობდა არა მხოლოდ ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს, არამედ აღმოსავლურ ენებსაც; სომხურს, ქართულს, კოპტურს, ეთიოპურს, არამეულს, სირიულს, იცოდა აგრეთვე ლათინური და ბერძნულიც. ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც სავსე იყო აღმოსავლური წიგნებით. ოქროს გულის მქონე, უაღრესად კულტურულ ადამიანს, სიკვდილამდე შერჩა სიყვარული და ნდობა ადამიანთა მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა მათგან იმედგაცრუებას. მრავალი სხვა მეცნიერისაგან განსხვავებით იგი არ იყო არც "წიგნის ჭია" და არც მათი გულგაციებული ავტორი. წერაზე მეტად სიცოცხლეს აფასებდა. ამიტომ თავისი ცოდნის ამოუწურავი საგანძურიდან არცთუ ბევრი რამ დაუტოვა შთამომავლობას, მაგრამ რაც დაწერა, საუკუნეებს გაუძლებს".

სწორედ პროფესორ გუსენთან გაემგზავრა 1924 წ. გრიგოლ ფერაძე. მან სთხოვა პროფესორს, დახმარებოდა უნივერსიტეტში მიღებაში. მანაც ძალიან თბილად, ყურადღებით მიიღო იგი და გულმოდგინებით მოეკიდა ახალგაზრდა ქართველ თეოლოგთან მუშაობას.

ბონის უნივერსიტეტში სწავლა გრიგოლ ფერაძემ 1925 წლის 29 აპრილს დაიწყო. ყმაწვილი მოხიბლა გერმანიის ამ პატარა ქალაქმა. მიზეზი მარტივი იყო - ლამაზი, კოპწია ბონი მას თავის სამშობლოს, სათაყვანებელ საქართველოს აგონებდა: "იქ ჩემთვის ყველაფერი ახლობელი და კარგად ნაცნობი იყო. ქალაქის გარეუბნებში მშვენიერი გორაკები, რბილი კლიმატი და ბარაქიანი მიწები უფრო მეტად მომაგონებდა ჩემი სამშობლოს ბუნებას, ვიდრე ბერლინი და მისი შემოგარენი... აქ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ უნივერსიტეტი ყველაზე წინ და ყველაფერზე მაღლა იდგა. ასეთ ადგილას ძალიან მალე შეიძლება იგრძნო თავი რაგორც საკუთარ სახლში. ადამიანი მალე ეჩვევა აქაურობას და შეუძლია მხოლოდ თავისი საქმიანობით შემოიფარგლოს".

გრიგოლ ფერაძეც თავისი საქმიანობით შემოიფარგლა. მან დაიწყო ქართულ თემატიკაზე მუშაობა, რაც ჯერ კიდევ დოქტორმა ლეფსიუსმა ურჩია და გუსენმაც დაუდასტურა. გუსენი ძალიან ეხმარებოდა ახალგაზრდა თეოლოგს, დაუთმო მას ბიბლიოთეკა, ეხმარებოდა თავისი მდიდარი ცოდნა-გამოცდილებითაც.

სწორედ ჰ. გუსენის დახმარებით გაიცნო გრ. ფერაძემ ცნობილი ბელგიელი მეცნიერი, ორიენტალისტთა მეფედ მიჩნეული პაულ პეეტერსი. მისი ნაცნობობით გამოწვეული აღტაცებაც კარგად ჩანს გრიგოლ ფერაძის მიერ მისი მასწავლებლის, კორნელი კეკელიძისადმი მიწერილ წერილებში. ქართველი მეცნიერი მოხიბლული იყო პეეტერსის განათლებითა და ენების ცოდნით. მათი ნაცნობობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა და ეს მეგობრობა და თანამშრომლობა არაერთი სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტიმული გახდა. გრიგოლმა დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოამზადა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქართველ ბერმონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე". მან დისერტაცია ბონის უნივერსიტეტში 1926 წლის 26 მაისს დაიცვა და ბედნიერი იყო, რომ ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო - "ფრიად კარგი". როგორც ჩანს, სადისერტაციო თემის შინაარსმა სამეცნიერო საზოგადოება გააკვირვა - ქართველ ბერთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. რამ განაპირობა მამა გრიგოლის დაინტერესება ქართული მონაზვნობის ფენომენით? ამ კითხვაზე თავადვე პასუხობს 1927 წლით დათარიღებულ საანგარიშო მოხსენებაში: "ჩემი სწავლა-განათლების წლები გერმანიაში": "კითხულობენ და ალბათ არც უსამართლოდ, რატომ მაინცდამაინც ბერობა ქართული ეკლესიისა, რომელიც ასე უცნობია? მართებულია პირველი ნაშრომი ბერობას რომ ეხება?

ამის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ნიშნავს ბერობა აღმოსავლეთის ეკლესიისთვის. არსად აღმოსავლეთში ბერობას ისეთი დიდი როლი არ შეუსრულებია, როგორც საქართველოში. ბერობის ისტორია იმავდროულად ნიშნავს მისიის ისტორიას, რამეთუ ბერები ცნობიერად, თუ შეუცნობლად სახარების მქადაგებლებად გვევლინებიან. ბერობის ისტორია ნიშნავს კულტურის, საერო ლიტერატურისა და ეკლესიის ისტორიასაც.

პარადოქსია, რომ პიროვნებები, რომლებიც ისტორიასა და ადამიანებს ჩამოშორდნენ და სიმარტოვეში დაისადგურეს, რომლებსაც სურდათ დავიწყებას მისცემოდნენ, ღვთივკურთხეულნი და ცნობილნი გახდნენ". 1927 წლის 17 დეკემბერს მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

* * *

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ გრიგოლ ფერაძეს სურდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და ეკლესიაში ან უნივერსიტეტში ემსახურა. თხოვნაც გაუგზავნია საბჭოთა საელჩოში, რათა მისთვის საქართველოში დასაბრუნებელი ვიზა მიეცათ, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ჯერ კიდევ 1921 წელს, როდესაც ბერლინში მიემგზავრებოდა, გრიგოლს იმედი ჰქონდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ საბჭოთა საკონსულოში მას პასპორტი წაართვეს. შექმნილ ექსტრემალურ ვითარებაში დოქტორმა ლეფსიუსმა და მისმა მეგობარმა ფრიტიოფ ნანსენმა გრიგოლს დევნილისათვის განკუთვნილი პასპორტი გაუკეთეს, როგორც გამოირკვა, თურმე სამუდამოდ. გრიგოლს იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნების, რომ სტალინსაც კი მისწერა წერილი, სადაც მას სთხოვდა, მიეცა საქართველოში დაბრუნების უფლება. ეს წერილიც უპასუხოდ დარჩა. ამიტომ იგი აღმოსავლეთის მისიის დირექტორის წინადადებით სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა ბელგიაში. მას სურდა კათოლიკური თეოლოგია შეესწავლა ლუვენის ცნობილ უნივერსიტეტში. 1926-1927 წლებში იგი ლუვენის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, სწავლობდა ძველ ქართულ წიგნებს ბოლანდისტების მდიდარ ბიბლიოთეკაში და საუბრობდა პაულ პეეტერსთან ქართული ჰაგიოგრაფიისა და ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. 1927 წ. აპრილში გრიგოლ ფერაძე ბელგიიდან ინგლისში გაემგზავრა და დაიწყო ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების შესწავლა. დაუახლოვდა ცნობილ ორიენტალისტს - პ.ვ. კოდრინგტონს, რომლის თხოვნით რამდენიმე წლის შემდეგ მამა გრიგოლს ფრანგულად უთარგმნია წმინდა პეტრე მოციქულის ლიტურგიის ქართული ვერსია. მაგრამ გრიგოლი ინგლისში დიდხანს ვერ დარჩა. 1927 წ. აპრილში ბონში გარდაიცვალა პროფ. ჰ. გუსენი და გრიგოლ ფერაძეს მისი ადგილი შესთავაზეს. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. "ვფიქრობ, მთელ გერმანიაში ვერ მოიძებნებოდა ერთი მეცნიერიც კი, რომელიც მას თუნდაც ნაწილობრივ შეცვლიდა. პეეტერსის გარდა არ მეგულებოდა სხვა ვინმე, ვინც მასავით იქნებოდა დაუფლებული ყველა აღმოსავლურ ქრისტიანულ ენას. მე ლექციები უნდა წამეკითხა მხოლოდ ძველი სომხური და ძველი ქართული ენების შესახებ. ისევ არ ჩანდა ჩემი განცხადების პასუხი საბჭოთა საელჩოდან, მე კი მსურდა, რაიმე მოკრძალებული სამეცნიერო თანამდებობა მაინც დამეჭირა, სადაც ჩემთვის საინტერესო პრობლემებზე დამოუკიდებელ მუშაობას შევძლებდი. მივხვდი იმასაც, რომ სულიერად და მეცნიერულად თავის სამშობლოსთან დაკავშირებულ ადამიანს მისი კულტურის პოპულარიზაციისათვის უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, თუ ის საზღვარგარეთ იმუშავებდა". ამგვარად, გრიგოლი დათანხმდა წინადადებას, დატოვა ინგლისი და ბონში ჩავიდა, სადაც ჯერ ქართული და სომხური ენების ლე-ქტორად, ხოლო შემდეგ ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრივატ-დოცენტად მუშაობდა.

გრიგოლ ფერაძე მუდამ აქტიური სამეცნიერო ცხოვრებით ცხოვრობდა, მონაწილეობდა ბონსა და ვენაში გამართულ ორიენტალისტთა კონფერენციებში. 1928 წ. გრიგოლ ფერაძემ ბონში ორიენტალისტთა კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს პრებიზანტიური ლიტურგიკის შესახებ. ყრილობის ბოლო დღეს, 25 აგვისტოს V სექციის (ქრისტიანული აღმოსავლეთის) მონაწილეებმა მიიღეს დადგენილება: "ძველი ქართულის, მისი ჯერ კიდევ წინარებიზანტიური ლიტერატურის ძეგლებისა და ლიტურგიკული ტექსტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გერმანელ ორიენტალისტთა კონფერენციის სექცია ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებული მზრუნველობით მოვეკიდოთ ქართული კულტურის შესწავლის საქმეს".

რეზოლუცია პრუსიის კულტურის მინისტრს, ორიენტალისტ ბეკერს გადაეგზავნა. გრიგოლ ფერაძე, ბუნებრივია, აღტაცებული შეხვდა ამ ფაქტს, ეს ქართული კულტურის შესწავლის საქმეში დიდ წარმატებად მიიჩნია. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო, რისი გამოხატულებაც იყო ძველი ქართული ფილოლოგიის კათედრის დაარსება.

გრიგოლი საერთაშორისო კონფერენციებშიც მონაწილეობდა. 1926 წ. 25-27 მაისს ვენაში ჩატარებული კონფერენცია მიეძღვნა რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიების გაერთიანების საკითხს. კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები უნდა გაერთიანებულიყვნენ ათეიზმისა და ურწმუნოების წინააღმდეგ საბრძოლველად. კონფერენციას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ქართული ეკლესიის ხელისუფლებამ სწორედ იმიტომ მოავლინა გერმანიაში სასწავლებლად, რომ იქ მიღებული ცოდნა შემდგომში გამოეყენებინა "აპოლოგეტიკისა და თანამედროვე სასულიერო მიმდინარეობებთან ქრისტიანული კამათისათვის", ყურადღება დაეთმო "ქრისტიანთა კონფრონტაციისათვის სოციალიზმთან და კომუნიზმთან". ამიტომაც იგი აღტაცებული შეხვდა ქრის-ტიანული ეკლესიების გაერთიანების ცდას "ბნელი ძალების" წინააღმდეგ საბრძოლველად. "ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. დადგება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელისტურიც შეუერთდება მათ, რომელიც ვერ ვიტყვით - "ისიც არსებობს", რამეთუ ნამდვილად არსებობს და თავის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს. ქრის-ტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხელზე ეს სამივე ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა", - წერს იგი თავის სტატიაში, რომელიც ვენის კონფერენციის მუშაობის შესახებ გამოაქვეყნა, მაგრამ მშრალი აღწერით არ შემოფარგლულა და თავისი მოსაზრებებიც და დამოკიდებულებაც გადმოსცა.

1927 წელს გრიგოლ ფერაძემ მეორე მსოფლიო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. კონფერენციის თემა იყო "რწმენა და საეკლესიო წყობა". კონფერენცია ათი წელი მზადდებოდა. მისი მიზანი იყო გარკვეული თანხმობის მიღწევა რწმენისა და საეკლესიო წყობის საკითხებში. უნდა დასახულიყო სამომავლო გზები, რათა გაყოფილ ეკლესიებს შორის კავშირი აღმდგარიყო. კონფერენცია სამ კვირას გაგრძელდა (3-21 აგვისტო). მასში თითქმის ყველა ეკლესია მონაწილეობდა. მართალია, რომის ეკლესია არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ ესწრებოდა ორი კათოლიკე მღვდელი: მართლმადიდებელი ეკლესიებიდან არ იყვნენ წარმოდგენილი "დიდი მომავლის მქონე რუსეთის ეკლესია და ძველი და საპატივცემულო საქართველოს ეკლესია, რომელიც თავისი ფესვებით ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ისტორიის ყველაზე ადრეულ პერიოდს სწვდება". მაგრამ კონფერენციის გამგეობამ სცადა, რამდენადმე მაინც შეევსო ეს ხარვეზი და წარმომადგენლების სახით მიიწვია კონფერენციაზე არქიეპისკოპოსი ევლოგიოსი და პროფ. ს. ბულგაკოვი პარიზიდან, რომლებიც რუსეთის ეკლესიას წარმოადგენდნენ, და დოქტორი გრიგოლ ფერაძე საქართველოს მხრიდან. გრიგოლ ფერაძე საქართველოს ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი არ იყო ამ კონფერენციაზე, მაგრამ იგი აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში და სიტყვითაც გამოვიდა. "ლოზანაში გატარებული დღეები ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში", - წერდა გრიგოლ ფერაძე, - "აქ წარმოდგენილი იყვნენ ქრისტიანული სამყაროს უდიდესი პიროვნებები". მართლაც, ახალგაზრდა დოქტორმა აქ ბევრი დიდი მეცნიერი და პატივსაცემი სასულიერო პირი გაიცნო, მათ შორის პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი დიონისე.

ქართველი მეცნიერებიდან გრიგოლ ფერაძემ ყველაზე მჭიდრო კონტაქტი თავის მასწავლებელთან, აკად. კორნელი კეკელიძესთან შეინარჩუნა. მათ შორის თავიდანვე თბილი ურთიერთობა დამყარდა. კორნელი კეკელიძე ზრუნავდა ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტის გერმანიაში გაგზავნაზე და მერეც გერმანიაში აძლევდა მას სამშობლოდან რჩევა-დარიგებებს. გრიგოლ ფერაძეც სისტემატურად ატყობინებდა მასწავლებელს თავისი მუშაობის ამბავს, აცნობდა სამეცნიერო გეგმებს თუ, უბრალოდ, ყოფით პრობლემებს. მეორე დიდი ქართველი მეცნიერი, რომელსაც გრიგოლი აცნობდა თავის გეგმებსა და მუშაობის შედეგებს, ივანე ჯავახიშვილი იყო.

პარიზის წმ. ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

1929 წლის იანვარში გრიგოლ ფერაძე მასწავლებელს, კორნელი კეკელიძეს თავის დარდს უზიარებდა: "საშინლად ვიტანჯები, არაფრის ხალისი არ მაქვს, თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ. რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ შინ, რა დავაშავე? შეიძლება სამეცნიერო კარიერას მთლად თავი დავანებო და საეკლესიო სამსახურს შევუდგე. სახლში ხომ მაინც არ მიშვებენ (მიზეზი არ ვიცი!) და აქ ქართველოლოგიას სხვებიც გამოუჩნდებიან და მიუხედავად დიდი სიყვარულისა მეცნიერებისადმი, იგი სრულიად არ მაკმაყოფილებს".

მაგრამ ვინ მისცემდა უნივერსიტეტის პროფესორს მოსწავლისათვის საპასუხო წერილის გაგზავნის უფლებას? გრიგოლს თავად უნდა ეპოვა გზა, რომელსაც იგი დაადგებოდა... და ეს გზაც გამონახა - იმავე 1929 წელს მან პარიზში მართლმორწმუნე ქართველ ემიგრანტებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დააარსა. მანვე დაამუშავა წმ. ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წესდება.

ეკლესიის დაარსებით წმინდა გრიგოლმა წარმატებით შეასრულა მისია, რომელიც მას საქართველოდან გამგზავრებისას პატრიარქმა ამბროსიმ დააკისრა. ამ დროისთვის პარიზი ქართული ემიგრაციის ცენტრი იყო, აქ იმყოფებოდა საქართველოს დევნილი მთავრობა. აქ იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი, ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

პარიზის ქართულ ეკლესიას მუდმივი მღვდელმსახური არ ჰყავდა და 1931 წლამდე წირვა-ლოცვა არარეგულარულად ტარდებოდა. მრევლის წევრებმა ეკლესიის დამაარსებელს, გრიგოლ ფერაძეს შესთავაზეს, ტაძრის მოძღვარი გამხდარიყო; ამ წინადადებას მან თავდაპირველად უარით უპასუხა. გრიგოლს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. როგორც იგი თავის მოგონებებში წერდა, იმ დროს პარიზში მისი სამეცნიერო მუშაობისთვის სათანადო პირობები არ არსებობდა. გრიგოლ ფერაძის სულში მუდმივი ჭიდილი მიმდინარეობდა, მას საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო და აერჩია: ან სამეცნიერო მოღვაწეობა გაეგრძელებინა, ან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიეძღვნა თავისი სიცოცხლე. საბოლოოდ, ამ შინაგანი ბრძოლის განმუხტვის მიზეზი გრიგოლის მძიმე ავადმყოფობა გამხდარა; მისი ავადმყოფობა 1930 წლის შობის დღესასწაულს დაემთხვა. სიკვდილის პირას მყოფ გრიგოლს, თავისი შორეული წინაპრის მსგავსად, ხილვა ჰქონია, რამაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის ყოყმანს. ეს იყო ნიშანი, რომ გრიგოლ ფერაძეს თავი უფლისთვის უნდა მიეძღვნა. მან გადაწყვიტა, მიეღო სასულიერო წოდება და პარიზის ქართული ეკლესიის მრევლზე ეზრუნა. მით უმეტეს, რომ სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურა: მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, დაბრუნებოდა თავის ქვეყანას, საბჭოთა საელჩოდან ყოველთვის უარს იღებდა. ბედის ირონიით, იმ დროს, როდესაც გრიგოლმა ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება მიიღო, მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა: 1931 წელს ცნობილი ქართველოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე, ნიკო მარი ბონში ჩავიდა, ბონის უნივერსიტეტში დაცული ქართულ-სომხური განყოფილების შრომების გასაცნობად. მარმა გრიგოლს ლენინგრადის უნივერსიტეტში თავისი კათედრის ასისტენტობა შესთავაზა. საქართველოდან მიწერილ წერილებში გრიგოლს დედაც სთხოვდა, გადაეფიქრებინა ბერად აღკვეცა. იგი შიშობდა, რომ ეს ნაბიჯი გრიგოლს სამშობლოში დასაბრუნებლად კარს სამუდამოდ გამოუკეტავდა.

მაგრამ გრიგოლი შეუვალი იყო. მან არც დედის თხოვნა გაითვალისწინა და არც ნიკო მარის წინადადებას დათანხმდა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. "ჰოსპიტლის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ყოველდღიური საქმეებით ვიყავი დაკავებული, საოცარი სულიერი აღმაფრენა ვიგრძენი, თითქოს ჰაერში დავლივლივებდი, მხოლოდ პარიზში ჩემს მომავალ მუშაობაზე ვლაპარაკობდი, მოუთმენლად ველოდი აღდგომის არდადეგებს, რათა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი იქ და მღვდლის მოვალეობის შესრულება დამეწყო. ვერც ცნობილმა პროფესორმა კალემ, ვერც ცნობილმა პროფესორმა მარმა ვერ გადამათქმევინეს მიღებული გადაწყვეტილება", - იგონებდა წმინდა გრიგოლი.

ბერად აღკვეცა

"ჩემთვის დაიწყო სრულიად სხვაგვარი, ახალი ცხოვრება, რომელიც ასევე მსურდა შემეწირა ქართული კულტურისათვის. ქართველი ხალხის ისტორიაში კულტურისა და სულიერი ცხოვრების განვითარებას ხომ უპირატესად ბერებმა დაამჩნიეს კვალი", - წერდა ფერაძე.

1931 წლის 18 აპრილს, ლონდონის წმინდა სოფიოს ბერძნულ საკათედრო ტაძარში, 32 წლის გრიგოლ ფერაძე ბერად აღიკვეცა, მეორე დღესვე იგი დიაკვანი გახდა, ხოლო იმავე წლის 25 მაისს, მსოფლიო საპატრიარქო საყდრის ეგზარქოსმა გერმანოზმა, პარიზის წმინდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ საკათედრო ეკლესიაში გრიგოლ ფერაძე მღვდლად აკურთხა.

1931 წლის 31 მაისს მამა გრიგოლი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი მრევლის მღვდელმსახურად დაინიშნა. იმავე დღეს მან ამ ეკლესიაში პირველად წირა. ამ დროიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. 1933 წლამდე მამა გრიგოლი ევროპაში ქართველი მრევლის ერთადერთი ქართველი მღვდელმსახური გახლდათ. როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა. მისი უკანასკნელი ხელმოწერა ქართული ეკლესიის სამეტრიკო წიგნში 1939 წლის 1-ელ იანვარს გვხვდება.

1931-32 წლებში, ყოველი ქადაგებისას მამა გრიგოლი მჭევრმეტყველებით, სიბრძნითა და პათოსით განუმარტავდა მრევლს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ძირითად ლოცვას - "მამაო ჩვენოს". იგი ლოცვის თითოეულ ფრაზას თავისებურ ახსნას უძებნიდა და მიიჩნევდა რომ "მამაო ჩვენო" არის შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა".

* * *

მამა გრიგოლი ცდილობდა, პირნათლად შეესრულებინა თავისი მოვალეობა და სამეცნიერო მუშაობისთვისაც გამოენახა დრო. ბონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გრიგოლს პირობა წაუყენა: ან მხოლოდ უნივერსიტეტში ემუშავა, ან თანამდებობა დაეტოვებინა. უნივერსიტეტის მასწავლებლობაზე უარის თქმა გრიგოლისთვის უსახსროდ დარჩენის ტოლფასი იყო, რადგანაც მას უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. სასულიერო მოღვაწეობიდან კი - ფაქტობრივად არანაირი. ამის მიუხედავად, გრიგოლმა არჩევანი ღვთისმსახურების სასარგებლოდ გააკეთა და სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება არჩია.

ამ პერიოდში მამა გრიგოლმა დედის გარდაცვალების ცნობა მიიღო, რამაც ძლიერ შეაწუხა და ააღელვა. "ახლა უკვე შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, - წერდა იგი, - რომ ბოლო ფიზიკური ძაფი (რადგან სულიერად და კულტურულად სამშობლოსთან ყოველთვის ძალზე მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული) გაწყდა ჩემსა და ჩემს სამშობლოს შორის.

მისი გარდაცვალების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვიღებდი. ოფიციალური განცხადების თანახმად, დედა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ჩემი ძმა კი მწერდა, რომ დეკემბერში დედამ მთელი ღამე პურის რიგში გაატარა, დილით კი უგონოდ მყოფი უცხო ადამიანებმა მიიყვანეს და მალე კიდეც გარდაიცვალა. შენახული მაქვს დედაჩემის ყველა წერილი და მსურს აღვწერო მისი ცხოვრება, როგორც კი საამისო დრო და სიმშვიდე მომეცემა".

სამოძღვრო მსახურებასთან ერთად მამა გრიგოლი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ისევ ეწეოდა ოქსფორდის, სორბონის, დუბლინისა და კრაკოვის უნივერსიტეტებში. ლექციებსა და მოხსენებებს კითხულობდა ძველი ქართული კულტურის, ადრეული ქრისტიანობისა და აღმოსავლეთის ეკლესიების შესახებ. ინგლისის, პარიზისა და ლაიპციგის ბიბლიოთეკებში ეძიებდა და იკვლევდა ქართულ ხელნაწერებს.

ჟურნალი "ჯვარი ვაზისა"

მას შემდეგ, რაც გრიგოლ ფერაძის თაოსნობით შეიქმნა პარიზის წმ. ნინოს ეკლესია და ქართველთა სამრევლო საზოგადოება, დღის წესრიგში დადგა პერიოდული ორგანოს გამოცემის საკითხი. გრიგოლ ფერაძე ამ დროისთვის უკვე გახლდათ ევროპაში სახელგანთქმული მეცნიერი - ქართველოლოგი. მამა გრიგოლის დიდი მცდელობით შეიქმნა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა" და პირველი ნომერი გამოიცა 1931 წელს. ჟურნალის რედაქტორი თავად მამა გრიგოლი იყო. მსგავსი სახელწოდების საზოგადოებრივ-რელიგიური ჟურნალი XX საუკუნის ათიან წლებში გამოდიოდა თბილისშიც, კათოლიკეთა საკრებულოს ეგიდით. მამა გრიგოლს ჟურნალის დაარსების და გამოცემის საქმეში ეხმარებოდნენ: ზურაბ ავალიშვილი, ილემაზ დადეშქელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო წერეთელი და სხვები. ემიგრაციაში გამომავალ ნაირ-ნაირ ქართულ პოლიტიკურ ჟურნალ-გაზეთებს შორის "ჯვარი ვაზისა" ერთადერთი რელიგიურ-ზნეობრივი ხასიათის ჟურნალი იყო. არსებობის მცირე ხნის მიუ¬ხედავად, ჟურნალმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიაში, რაც, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, მისი რედაქტორის დამსახურება იყო.

ჟურნალის მესვეურნი 1934 წლიდან ჟურნალის წელიწადში 2-ჯერ გამოშვებას აპირებდნენ. მისი გამოწერა 5 ფრანკი ჯდებოდა. ჟურნალის უკანასკნელი ნომერი დაიბეჭდა 1934 წელს. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, არათუ წელიწადში ორჯერ, არამედ მისი გამოცემაც კი შეწყდა შემდგომში.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმ. გრიგოლის მოღვაწეობა პოლონეთში

1933 წელს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ გრიგოლ ფერაძეს შესთავაზა ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის კათედრის გამგის მოადგილისა და პატროლოგიის პროფესორის მოადგილის თანამდებობები. მამა გრიგოლმა მოლაპარაკებისას პოლონურ მხარეს ორი პირობა წაუყენა:

1. წელიწადში მინიმუმ ორჯერ პარიზში გამგზავრებისა და პასპორტის მიღების უფლება, რაც მამა გრიგოლს არდადეგების დროს, სამეცნიერო მიზნებით საზღვარგარეთ ხანგრძლივი მოგზაურობის საშუალებას მისცემდა.

2. პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა და ამ ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება.

ორივე პირობა დაკმაყოფილდა და გრიგოლ ფერაძე პოლონეთში გადასახლდა. 1933 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კრაკოვში, ერთ პოლონურ ოჯახში ცხოვრობდა და სწრაფად შეისწავლა პოლონური ენა, აქვე მოამზადა მოხსენება ინაუგურაციიისათვის. 1933 წლის 7 დეკემბერს მან წაიკითხა საინაუგურაციო მოხსენება თემაზე: "პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში". ამის შემდეგ მამა გრიგოლი ძირითადად ცხოვრობდა ვარშავაში, სადაც ეკავა პატარა ოთახი ბრუკოვის ქუჩის 22-ე სახლში. ვარშავაში გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო ცხოვრების მეორე, გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორი და წმინდა მარიამ მაგდალინელის ტაძრის ქვედა სამლოცველოს მსახური იყო. 1934 წლის 5 იანვარს კონს-ტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქმა გრიგოლ ფერაძეს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა, იმავე წლის 8 მაისს კი დუბლინში მიტროპოლიტ დიონისეს დავალებით, ეპისკოპოსმა საბამ მიტრით შეამკო. ისტორიის ბორბალი რომ სხვაგვარად დატრიალებულიყო, შესაძლოა, მამა გრიგოლს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში საპატიო ადგილი დაეკავებინა (როგორც ამას მიტროპოლიტი დიონისე გეგმავდა).

პოლონეთში ცხოვრების პერიოდში, არქიმანდრიტი გრიგოლი უნივერსიტეტის სამეცნიერო და აღმზრდელობით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. მან პატრისტიკაში მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოაქვეყნა, როგორიცაა: დიონისე არეოპაგელის აპოკრიფული წერილის თარგმანი, აპოკრიფული სახარების უცნობი ხელნაწერების თარგმანი, აგრეთვე დოკუმენტები სინას კოდექსის აღმოჩენისა და ტექსტის პრობლემების შესახებ. მამა გრიგოლი ყოველნაირად ეხმარებოდა და მხარში ედგა ხელმოკლე სტუდენტებს. თანამედროვეთა გადმოცემით, მისი ლექციები იყო "არაჩვეულებრივად ცოცხალი, ხშირად მათ საფუძვლად ედო სრულიად უცნობი წყაროები, რის გამოც სხვადასხვა კურსის მრავალრიცხოვან სტუდენტთა ჯგუფებსა და, აგრეთვე, სხვა დარგების მოსწავლეებს იზიდავდა. იგი თავს არ ზოგავდა, რათა ახალგაზრდობისათვის თავისი უდიდესი ცოდნა და შრომის გამოცდილება გადაეცა".

არქიმანდრიტი ბევრ სტუდენტს ეხმარებოდა როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად. იგი სტუდენტთა თეოლოგიის წრეს ხელმძღვანელობდა. სტუდენტებს პირადი მაგალითით სისტემატურ შრომას აჩვევდა, ხშირად უმეორებდა მათ წმინდა მამათა გამონათქვამებს, უნერგავდა სამშობლოს სიყვარულსა და რწმენის პატივისცემას.

ვარშავის უნივერსიტეტში მამა გრიგოლის მოღვაწეობას ასე ახასიათებენ: "უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან, მისი ლექციები კი გამსჭვალული მამების შემოქმედებითი სულით, თავის ფიქრებში ხშირად გადიოდა იქ, სადაც მოღვაწეობდნენ ეკლესიის მამები. ხშირად ფიქრობდა პოლონეთის ეკლესიის კანონიკური სიცოცხლის აღდგენაზე... მზრუნველობას იჩენდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტების მიმართ და მატე-რიალურად ეხმარებოდა ღარიბ სტუდენტებს" (დეკანოზი ლენჩევსკი. მამა გრიგოლის მოწაფე); "კითხულობდა საინტერესო მოხსენებებს პატროლოგიაში, რისთვისაც იყენებდა როგორც ბერძენი, ქართველი, პოლონელი და რუსი თეოლოგების შრომებს, ასევე დასავლელ მეცნიერთა აბსოლუტურად უეჭველ მიღწევებს. უაღრესად ერთგული იყო ეკლესიის მამათა ტრადიციებისა, რაც მრავალგზის დადასტურდა მის პუბლიკაციებში. ცდილობდა გამოემუშავებინა სტუდენტებისთვის ეკლესიის მამათა ტექსტებზე მუშაობის ჩვევები. რჩევითა და საქმით მუდამ მხარში ედგა სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტს, რომელსაც სურდა მამა გრიგოლი ეპისკოპოსის ხარისხში აეყვანა" (დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი).

არქიმანდრიტი გრიგოლი ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო. იგი ხშირად გამოდიოდა ამ საბჭოს სხდომებზე. ფაკულტეტის დეკანი, მიტროპოლიტი დიონისე, დიდად აფასებდა გრიგოლ ფერაძის დამსახურებას თეოლოგიის საკითხების შესწავლის საქმეში. მიტროპოლიტმა პოლონეთის სახალხო განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართა თხოვნით გრიგოლ ფერაძისთვის საპატიო პროფესორის წოდება მინიჭებინათ, მაგრამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას მართლმადიდებელი თეოლოგიის განვითარების საკითხები დიდად არ ადარდებდა.

როგორც მამა გრიგოლი აღნიშნავდა, იგი პოლონეთის ძირითადი სარწმუნოების (კათოლიკეთა) წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ამის მიუხედავად, გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პატროლოგიურ კვლევებში, მუდამ სიახლისა და ახალი მიმართულებების შეტანას ცდილობდა. ადმინისტრაციული სიძნელეების მიუხედავად, მამა გრიგოლი ერთგულად ემსახურებოდა პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. არქიმანდრიტი გრიგოლი იყო პოლონეთში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების დიდი ნუგეში. შობისა და აღდგომის მსახურებას იგი ქართულ ენაზე კითხულობდა, რის გამოც მან რამდენჯერმე პოლონეთის ეკლესიის ხელმძღვანელობის საყვედურიც კი დაიმსახურა. ყველა არდადეგებს, გარდა საზაფხულოსი, იგი ატარებდა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, სადაც თანამემამულეებს სულიერ ზრუნვას არ აკლებდა, ნათლავდა, იღებდა აღსარებებს, ასრულებდა ქორწინების საიდუმლოს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს...

წმ. გრიგოლი ქართველთა ნაკვალევს მიჰყვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1934 წლიდან იწყება მამა გრიგოლის მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართული სიძველეების მოსაძიებლად, და თუკი შესაძლებელი იქნებოდა, შესასყიდადაც. ამ სამეცნიერო მივლინებებს იგი საკუთარი ხელფასიდან დანაზოგი თანხით აფინანსებდა.

"სამეცნიერო საქმიანობისთვის მისაბაძ მაგალითად მიმაჩნდა ცნობილი ქართველი სწავლული ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც პირველმა დაიწყო ქართული ხელნაწერების მოძიება მთელ მსოფლიოში და საფუძველი ჩაუყარა მათ კატალოგიზაციას. ძველქართული ლიტერატურის მეცნიერულად დამუშავების ეს პიონერი დიდი ხნის მანძილზე პროფესორად მუშაობდა პეტერბურგში და გარდაიცვალა ოციოდე წლის წინ თბილისში. მის კვალზე მიმავალი ვოცნებობდი მენახა ის ხელნაწერებიც, რომლებიც მისთვის XIX საუკუნის ბოლოს მიუწვდომელი აღმოჩნდა", - იგონებს გრიგოლ ფერაძე.

1934 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი გერმანიაში გაემგზავრა და აღწერა ლაიფციგის, ბერლინისა და გოეტინგენის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერები.

შემდეგი 1935 წლის არდადეგები მამა გრიგოლმა რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში გაატარა. ქართველი სასულიერო პირი 6 თვე დარჩა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში. "ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე, - აღნიშნავს გრ. ფერაძე, - როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი. ვითარცა საეკლესიო მოღვაწეს, მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემნა იქაური ცხოვრება. ამასთან მსურდა ივერიის მონასტრის ქართული ხელნაწერები დამეთვალიერებინა, ზოგი მათგანი გადამეწერა, ამასთან ერთად შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში აქ მცხოვრები ქართველების შესახებ; დაბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და, თუ შევძლებდი, ქართული ხელნაწერებიც". ათონზე სხვადასხვა დროს მყოფი ბერების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, აი, რას წერს არქიმანდრიტი ფერაძე: "ბოლოს ქართველმა ეპისკოპოსებმა ათონზე დაიმკვიდრეს სენაკი იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე მახარებლის მონასტერი მდებარეობდა. ეს სენაკი ივერიის მონასტრის ახლოს იდგა და მასვე ეკუთვნოდა. სენაკს ქართველები განაგებდნენ 1885 წლიდან 1919 წლამდე. ამ სენაკმაც საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში. სამწუხაროდ, ამ სენაკის შესახებ ჯერ არაფერი დაწერილა".

გრ. ფერაძის ცნობით, თავის დროზე სენაკში ორმოცდაათი ბერი ყოფილა, რომელთაც ჰქონიათ კარგი ბიბლიოთეკა, სადაც წიგნებთან ერთად ინახებოდა ხელნაწერებიც, რომლებიც თვითონ ბერებს გადაუწერიათ ივერიის თუ სხვა ქართული მონასტრებიდან და მუზეუმებიდან. "ბედმა გამიღიმა და თხუთმეტი ხელნაწერი ვიშოვე და წამოვიღე", - გვაუწყებს მკვლევარი.

ათონზე მამა გრიგოლმა აღმოაჩინა უნიკალური ქართული გარდამოხსნა. შემდგომში პოლონეთში ემიგრირებული ქართველი გენერალი შალვა კერესელიძე წერდა: "ამ გარდამოხსნის შეძენა სდომებია სპარსეთის შაჰს, რიზახანს, საკმაოდ დიდ თანხად, მაგრამ მამა გრიგოლმა უთხრა მას, რომ ამ უძველესი გარდამოხსნის ადგილი მხოლოდ საქართველოს მუზეუმშიაო. ვარშავაში მამა გრიგოლს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და ამ გარდამოხსნას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, არ იშორებდა. მართლაც საოცარი კაცი იყო". ათონის მთაზევე აღმოაჩინა მან ლიტველი წმინდანების - ანტონის, იოანეს და ევსტახის წამების ბერძნული ვერსია. მან ასევე ინახულა წმინდა მთაზე შემორჩენილი რამდენიმე ქართველი ბერი. ისინი ჯერ კიდევ შემორჩენილიყვნენ ათონზე მას შემდეგ, რაც თავიანთი სენაკებიდან გამოაძევეს. 1926 წლიდან ხუთ მათგანს ქირით შეუფარებია თავი რუსეთის მონასტრის კუთვნილი ერთი სენაკისათვის. 1935 წელს, როცა მამა გრიგოლი იმყოფებოდა ათონზე, იმ ხუთიდან სამი ყოფილა ცოცხალი: ძმები მათე და ათანასე გვაზავები და ტიხონი, რომლის გვარიც ნაშრომში ნახსენები არ არის, მაგრამ სხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ ის გვარად ფაღავა ყოფილა. ათონელ ქართველ ბერთა შორის ამ დროს ის ყველაზე უმცროსი, თუმცა უკვე 65 წელს გადაცილებული მოხუცი იყო. სამივენი ისევ რუსეთის მონასტრის კუთვნილ სენაკში არიან თავშეფარებულნი და ბაღში მუშაობენო, - გვამცნობს, მათ შესახებ გრ. ფერაძე. კიდევ ორი ბერი - იოანე და მიქელი ცხოვრობენ ღვთისმშობლის ეკლესიის სენაკში, და ერთიც - სიმონ ბაღდავაძე - წმინდა პანტელეიმონის მონასტრის სამზარეულოში მუშაობის საფასურად ცხოვრობს სენაკშიო. "ათონზე მცხოვრები ქართველები (ისინი სულ ხუთნი არიან) ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ, მაგრამ სიღარიბეს ნაკლებად უჩივიან. მათი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონის მთაზე... იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები, ალბათ, ამას აკეთებენ ქრისტიანული კეთილშობილების გამო (რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული). ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე, ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა",- წერს გრიგოლ ფერაძე. ამ სიტყვებში კარგად იგრძნობა ის მწვავე გულისტკივილი, რასაც განიცდიდა თვითონაც სამშობლოს მოწყვეტილი მამა გრიგოლი, როცა ათონის ქართველთა მონასტერზე და იქ შემორჩენილი ორიოდე ხანდაზმული ქართველი ბერის ბედზე ფიქრობდა.

მამა გრიგოლმა ივერთა მონასტერში გადაიწერა უძველესი, 978 წლით დათარიღებული ქართული ბიბლიის ხელნაწერის ნაწილი. აქვე შეისყიდა ათონის მონასტრის X საუკუნის ქართულ ხელნაწერთა XIX საუკუნის ასლები. "განზრახული მქონდა ათონზე უფრო დიდხანს გაჩერება, ხოლო იქიდან თესალიაზე მეტეორის ცნობილ მონასტერში წასვლა, სადაც ასევე მეგულებოდა ქართული ხელნაწერები, მაგრამ ათონის მთაზე მალარია შემეყარა, - იგონებს მამა გრიგოლი, - საბედნიეროდ, ძალა მოვიკრიბე და უკან გამობრუნებულმა ბულგარეთში კიდევ ათი დღე გავატარე". აქ მან მოინახულა პეტრიწონის მონასტერი, სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პეტრიწონის ქართული მონასტრის ტიპიკონის მანამდე უცნობი ხელნაწერი (ასლი).

1936 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი იერუსალიმსა და სირიაში გაემგზავრა, მიუხედავად ქვეყნად არსებული სახიფათო მდგომარეობისა, შეისწავლა წმინდანთა ისტორია, მისი მოგზაურობის ადგილებში აღმოაჩინა არაერთი ქართული წარწერა, რომლებიც თავის დროზე გამორჩა ალექსანდრე ცაგარელს XIX საუკუნის 80-იან წლებში. "პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც შეძლო შუა საუკუნეების შემდეგ ენახა წმ. სვიმონ მესვეტე მცირის მონასტრის ნანგრევები. სწორედ ამ მონასტერში დაირწა ქართული კულტურის აკვანი - V თუ VI საუკუნეში საქართველოში წამოვიდნენ მისიონერი ბერები, ხოლო XI-XII საუკუნეების მიჯნაზე აქ ცხოვრობდა ეკლესიის ცნობილი მამა ეფრემ მცირე", - სიამაყით აღნიშნავს მამა გრიგოლი მოგონებებში.

გრიგოლ ფერაძემ ასევე მოინახულა წმ. ვარლაამის მონასტერი კასიუს მთაზე. წმინდა მიწაზე ყოფნისას განსაკუთრებით დაინტერესდა პილიგრიმთა ჩანაწერებით, რომლებიც უკვე პალესტინაში ჩასვლამდე ჰქონდა დამუშავებული საკმაო რაოდენობით, და ვარშავაში დაბრუნების შემდეგ დაწერა მოხსენება პალესტინაში ქართული მონასტრების და ქართველი ბერების შესახებ. სირია-პალესტინაში მოგზაურობისას მამა გრიგოლმა 24 ძველი ქართული ხელნაწერი და V-VI საუკუნეებით დათარიღებული ეტრატი შეიძინა. "ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა", - წერდა ვიქტორ ნოზაძე.

როგორც იმჟამად ევროპაში მცხოვრები ქართველი, ბეჟან გიორგაძე ადასტურებდა, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, იერიქონის მიდამოებში, საქართველოს ეკლესიას სამონასტრო მშენებლობისათვის 1 ჰექტარი მიწა ჰქონია გამოყოფილი. მამა გრიგოლს აღმოსავლელი პატრიარქებისაგან ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთიც მიუღია.

1937 წლის ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული შუხარდტის ქართული კოლექციის გასაცნობად. დაბრუნებულმა დაწერა ნაშრომი ავსტრიაში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ.

1937/38 წლის საშობაო არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე იტალიაში გაემგზავრა, იმოგზაურა ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, პომპეიში. ვარშავაში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა ნაშრომი "დიონისე არეოპაგელის აპოკრიფული წერილი ეფესოელ ეპისკოპოს ტიმოთესადმი".

როგორც წმინდა გრიგოლის ძმისწული, რომანოზ ფერაძე აღნიშნავს ეს მოგზაურობები და სამეცნიერო მუშაობა, სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანისთვის, მასთან მიახლების ერთ-ერთი გზა იყო, თუმცა, კარგად თუ ჩავუკვირდებით, მამა გრიგოლის ფენომენს, ვნახავთ, რომ საქართველო სწორედ იქ მკვიდრდებოდა, სადაც მამა გრიგოლი იმყოფებოდა: კითხულობდა ლექციას, იკვლევდა პალიმფსესტს, წირავდა თუ ქადაგებდა; ეს იმიტომ, რომ უმთავრესი იპოვა - სულიერი მამული და გააცნობიერა, რომ "ქართლის ბედი ჩვენშია და ჩვენშია სამშობლო" ("რომელი ქერუბინთა").

ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი

მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიქაელ თარხნიშვილი, მიქაელ წერე¬თელი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე და ნინო სალიები, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვანი. ბონში ხვდებოდა ნიკო მარს, რომელსაც შემდეგ წე-რილობით უკავშირდებოდა საბჭოეთში, როგორც ამერიკაში აკაკი პაპავასა და ინგლისში ანდრია გუგუშვილს, ჟურნალ "გეორგიკას" გამომცემელს.

ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა.

გერმანელებმა უმალვე მოინდომეს განძის შეძენა და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად "არ შემცდარან". მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: "განძს არავითარი მატერიალური ღირებულება არ გააჩნია, მას მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისათვის". ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა.

ფაშისტებს ამ განძეულის მხოლოდ ერთი ყუთიც რომ გაეხსნათ, გრიგოლ ფერაძეს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. მან ეს შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ისიც კარგად უწყოდა, ამ საგანძურის დაკარგვა როგორი ტრაგედია იქნებოდა ქართველი ერისათვის. ასე გადაარჩინა გრიგოლ ფერაძემ საქართველოს უნიკალური განძი.

საოცარია, როგორ ახერხებდა, ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, სამშობლოსგან ასე მოშორებით მცხოვრები, სიცოცხლის ყოველი წუთი მშობლიური ქვეყნისთვის მიეძღვნა. ცხოვრების განსაკუთრებით მძიმე მომენტებში, გრიგოლი ხშირად იმეორებდა წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: "უფალო, გმადლობ ყველაფრისათვის!"

"ვეფხისტყაოსნის" იუბილე პოლონეთში

1937 წ. შემოდგომაზე ვარშავის მართლმადიდებელი ქართული კოლონიის დახმარებით მამა გრიგოლი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ,ვეფხისტყაოსნის" 750 წლისათვის იუბილის ორგანიზებაში. მან ამ მოვლენას და პოეტს რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია "შოთა რუსთაველის რელიგია", სადაც მოძღვარი ასკვნის, რომ "შოთა რუსთაველი ბიბლიურ სიმართლეს და ანდერძს გადმოგვცემს ისე, როგორც ქრისტემ გააკეთა - მზის, ყვავილებისა და არაჩვეულებრივი ფერების მეშვეობით, ჩვეულებრივი და უბრალო ენით, რომელიც არ საჭიროებს არც განათლებას, არც რაიმე დამატებით ცოდნას მათ გასაგებად.

ეს ქმნილება იპყრობს და აღამაღლებს ყველას, ვისაც იგი წაუკითხავს. ეს პოემა ესმოდა უბრალო ხალხს, უბრალო ქართველ გლეხს, რომელიც მთლიანად ითვისებდა ქმნილებიდან მოწოდებულ შეგონებებს. "ვეფხისტყაოსანი" მისთვის იყო სახარება, რომელიც თითქმის ზეპირად იცოდა და რომლის ციტატებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა. ახლა მაგონდება ერთ-ერთი გლეხის შეკითხვა, რომელიც მოვისმინე 1919 წელს, სოფელში მასწავლებლად ყოფნის დროს: რომელი ქმნილებაა უფრო საინტერესო - სახარება თუ "ვეფხისტყაოსანი"? სახარება, - ვუპასუხე! მან უნდობლად შემომხედა. სხვა პასუხს ელოდა!"

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

მოღვაწეობა მეორე მსოფლიო ომის დროს

მეორე მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი. 1939 წლის ოქტომბერში ალჟირში ბიზანტიოლოგთა კონგრესი უნდა გამართულიყო, სადაც გრიგოლ ფერაძეც იყო მიწვეული. გართულებული საერთაშორისო მდგომარეობის გამო, არქიმანდრიტს პოლონეთში უკან დაბრუნების გარანტიას ვერავინ მისცემდა, ამიტომ მან ალჟირში გამგზავრებაზე უარი თქვა, "რადგანაც ვარშავაში მაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, დაახლოებით ორი ათასი ტომი, მათ შორის იშვიათი ქართული პატრისტიკული წიგნები. ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო ბედის ანაბარა მიმეტოვებინა ევროპაში მთელი ჩემი ცხოვრების ნამოღვაწარი, მთელი ეს სიმდიდრე", - წერდა იგი.

გრიგოლს არც 1939 წლის 8 სექტემბერს დაუტოვებია ალყაშემორტყმული ვარშავა, როდესაც იქ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გერმანელებმა ქალაქის დატოვების უფლება მისცეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე პოლონეთში დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყება მამა გრიგოლისათვის სამეცნიერო სამყაროსთან გამოთხოვებას და სრულ იზოლაციას უდრიდა: "რას ნიშნავს ახლა სამეცნიერო გეგმები, რა ფასი აქვს კაბინეტში გამოკეტვას, რათა თავი შესწირო აბსტრაქტული პრობლემების გაშუქებას, რომელიც კოლეგების შედარებით ვიწრო წრეს აინტერსებს, მაშინ როცა ჩვენს ირგვლივ ცხოვრება, უშავეს საშინელი ისტორიული მოვლენებით, გადამწყვეტ გავლენას ახდენს ცალკეული ხალხების გადარჩენასა თუ გაქრობაზე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პლანეტის მცხოვრებნი პასუხს აგებენ თავიანთი წინაპრების ცოდვებზე, თუმცა საბოლოო ანგარიშსწორების დღე ჯერაც არ დამდგარა. ვფიქრობ, ასეთი ვითარება ხელს არ უწყობს დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას. მეცნიერისთვის ხომ მშვიდი გარემო და შესაფერისი ატმოსფეროა საჭირო".

ვარშავის უნივერსიტეტი დაიხურა. მამა გრიგოლს გერმანელებმა შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ბერლინში, მაგრამ მან უარი განაცხადა.

მის დაწყებისთანავე ვარშავის ქართულ კოლონიას სათავეში გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობის მომხრე ემიგრანტი ქართველები ჩაუდგნენ. თუმცა, ემიგრაციის ბირთვს უმეტესად საქართველოდან 1921 წელს გახიზნული ის ოფიცრები შეადგენდნენ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების იმედით პოლონეთის მოქალაქეობა არ მიუღიათ. ეს ქართველი ოფიცრები პოლონელებთან ერთად ერთგულად იბრძოდნენ ფაშისტების წინააღმდეგ. ბევრი მათგანი ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

პროფაშისტურად განწყობილი ქართველი ემიგრანტების რიცხვი უფრო მცირე იყო. მათ მამა გრიგოლს თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღეს: "არც ერთ სახარებაში არ წერია, რომ ქრისტიანი ადამიანი ფაშისტებს უნდა დაუდგეს სამსახურში", - მიუგო მან. ეს პასუხი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პროფაშისტურად განწყობილ ქართველებს არქიმანდრიტი გაენადგურებინათ. ამ თავდადებულ ადამიანს საშინელი დევნა დაუწყეს, გერმანელ ოკუპანტებთან აბეზღებდნენ, ცილს სწამებდნენ არა მარტო მას, არამედ მისი მრევლის წევრებსაც.

მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, მამა გრიგოლი დაუზოგავად ასრულებდა თავის ქრისტიანულ მოვალეობას.

ეხმარებოდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იხსენებდა, რომ "ვარშავის დაბომბვისას მამა გრიგოლი თავშესაფარში არ იმალებოდა. იგი უშიშრად დადიოდა ქუჩებში, ყველაზე სახიფათო ადგილებშიც კი, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს პირველ დახმარებას უწევდა".

გრიგოლ ფერაძე არც ფაშისტების მიერ ინტერნირებულ მიტროპოლიტ დიონისეს აკლებდა ყურადღებას. იგი ხომ მისი უახლოესი ადამიანი იყო. დაჰქონდა მასთან მედიკამენტები და ყოველნაირ დახმარებას უწევდა. მუდამ ზრუნავდა კავკასიური საზოგადოების ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, ხანში შესულ გენერალ ყაზბეგზე. გრიგოლმა გააცილა უკანასკნელ გზაზე თავისი ქართველი მეგობრები, მათ შორის, ქართველ ოფიცერთა კლუბის ხელმძღვანელი, თავადი, პოლკოვნიკი გრიგოლ ბაგრატიონი. არქიმანდრიტი სხვებთან ერთად ცდილობდა ფაშისტურად განწყობილი ქართველების დასმენის შედეგად დაპატიმრებული თანამემამულეების დაცვას. იმ ქართველებს, რომლებსაც გერმანელები თავის არმიაში შესვლის აგიტაციას უწევდნენ, მამა გრიგოლი უშიშრად მიუთითებდა სწორი გზისკენ.

ქართველი არქიმანდრიტი უპირველესად ებრაელ მოსახლეობას ეხმარებოდა და იცავდა ფაშისტების ჩაგვრისა და შეურაცხყოფისაგან.

მამა გრიგოლის თანამედროვენი იხსენებდნენ: ერთ დღეს ქუჩაში იგი ასეთ ფაქტს შესწრებია: გერმანელი ფაშისტი სახეში უმოწყალოდ ურტყამდა მოხუც ებრაელ ქალს. აღშფოთებული გრიგოლი ხელში სწვდა გერმანელს და ასე მიმართა მას: "ვინ მოგცა მოხუცი ქალის ცემის უფლება, ამით იცავთ გერმანიის ძლიერებას? ასეთი კულტურით აპირებთ მსოფლიოს დაპყრობას?" სწორედ ეს ინციდენტი გამხდარა გრიგოლის პიროვნებით გესტაპოს დაინტერესების მიზეზი.

პირველად მის დაპატიმრებას 1942 წლის იანვარში შეეცადნენ. კავკასიის კომიტეტის პროფაშისტურად განწყობილმა ხელმძღვანელებმა მამა გრიგოლი გესტაპოში იმ მიზნით დაასმინეს, თითქოს იგი ომამდე პოლონეთის დაზვერვის აგენტი ყოფილიყოს. ამჯერად დასმენამ არ გაჭრა. პოლონეთის დაზვერვის არქივები გერმანელების ხელში იყო და მათ სინამდვილის დადგენა არ გაუჭირდებოდათ. რასაკვირველია, გრიგოლის აგენტობის დამადასტურებელი საბუთი ბუნებაში არ არსებობდა.

დაპატიმრება

კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელობაში მოკალათებულმა, პროფაშისტურად განწყობილმა ქართველებმა გრიგოლ ფერაძე კვლავ დაასმინეს გესტაპოში. ეს დასმენა თითქოსდა უტყუარი ფაქტით იყო განმტკიცებული: გრიგოლს თავის ბინაში ებრაელთა გადასარჩენად საიდუმლო სალაროს შენახვა დაბრალდა. დამბეზღებლები იმ ადგილზეც კი უთითებდნენ, სადაც არქიმანდრიტი ამ თანხას ინახავდა. 1942 წლის 15 მაისს მამა გრიგოლის ბინაში საფუძვლიანი ჩხრეკა ჩატარდა. გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფმა, მამა ჰენრიკ პაპროცკიმ, ფაშისტების არქივებში არქიმანდრიტის ბინის ჩხრეკის ოქმს მიაკვლია.

ამ ოქმით დასტურდება, რომ გრიგოლ ფერაძის ბინაში, ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან დიდი რაოდენობის დასავლური ვალუტა უპოვიათ, ომის შემდეგ აღმოჩენილი მასალები კი ცხადყოფენ, რომ არავითარი ვალუტა მამა გრიგოლის ბინაში არ აღმოუჩენიათ. ისტორიკოსი გოჩა საითიძე ფერაძისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს: "ამჟამად თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვალუტა სამალავში გრიგოლ ფერაძეს არ შეუნახავს. არსებობს ზეპირი თუ წერილობითი მასალა, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ მოხვდა ფული წიგნების უკან და ვისი ნახელავი იყო ეს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ კონკრეტულ პირებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და ცნობები ოფიციალური დოკუმენტებით ჯერჯერობით არ დასტურდება, თავს შევიკავებთ მათი გვარების დასახელებისაგან". იგი ეყრდნობა თამარ დულარიძის, შალვა მაღლაკელიძის, ჰენრიკ პაპროცკის, გურამ შარაძის მიერ მოხმობილ მასალას და პოლონეთში ქართული სათვისტომოს თავკაცის, გიორგი ნაკაშიძის სიტყვებიც მოჰყავს: "ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გარეული, მაგრამ არ ვიტყვი. ანდა რას უშველის თქმა? ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და უთარგმნიდნენ გერმანელებს, ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი". ასე იყო თუ ისე, მამა გრიგოლი ცრუ დასმენის მსხვერპლი გახდა.

მამა გრიგოლი დააპატიმრეს, ჩამოართვეს ძვირფასი ქართული ხელნაწერები, რომლებზეც მეცნიერი მუშაობდა. ამის შესახებ თავის მოგონებებში მამა ილია მელია მოგვითხრობს, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლს. გრიგოლ ფერაძის ბინის ჩხრეკის შედეგად დაიკარგა მის მიერ წლების მანძილზე რუდუნებით შეგროვილი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, ძვირფასი ძველი ქართული ხელნაწერები, მისი გამოუქვეყნებელი შრომები და პირადი დღიურებიც. რაც უნდა ყოფილიყო არქიმანდრიტის დაპატიმრების მიზეზი, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: იგი გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს!

"დაბეზღების შედეგად და გესტაპოს ულმობელობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი დაიღუპა. და მასთან ერთად გაქრა მისი ქონებაც. გადარჩენილი მცირე და უმნიშვნელო ნაწილი წიგნთა, რომელიც ბ. თენგიზ დადეშქელიანმა კეთილი ნებით ვარშავიდან ქართულ ეკლესიას პარიზში მიუტანა, იყო მხოლოდ უბადრუკი ნაშთი გრიგოლ ფერაძის ძვირფასი ბიბლიოთეკისა! ამ უბრალო წიგნთა გარდა მთელი ქონება უდროოდ და უსამართლოდ დაღუპული ქართველი მეცნიერისა უკვალოდ გაქრა", - წერს ვიქტორ ნოზაძე.

დაპატიმრებული არქიმანდრიტი პავიაკის ციხეში მოათავსეს. სხვა პატიმრების მსგავსად, მამა გრიგოლმაც პირველი დღეები წინასწარი დაკავების საკანში გაატარა. პირობები მძიმე იყო, საკანი სარდაფში იყო და ძლივს იტევდა უამრავ პატიმარს.

მამა გრიგოლი ჯერ მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, რომელსაც "სატრანსპორტო განყოფილებას" უწოდებდნენ, 1942 წლის ოქტომბერში კი - ე.წ. "მუშა განყოფილებაში". ორივეგან მამა გრიგოლი თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. იგი გესტაპოში მრავალგზის დაჰკითხეს. ყოველი დაკითხვისას არქიმანდრიტს შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ და ამცირებდნენ. პავიაკის ციხეში მამა გრიგოლს ხშირად აკითხავდა მისი მეგობარი, მართლმადიდებელი მღვდელი, ვარშავის სამიტროპოლიტოს დიაკვანი გიორგი ბერკმან-კარენინი. 1942 წელს გრიგოლის მიერ კარენინისადმი გაგზავნილ წერილში, არქიმანდრიტი მეგობარს სთხოვდა, მიეხედა მისი ბინისა და ნივთებისათვის. ათი დღის შემდეგ კი მამა გრიგოლმა ბერკმან-კარენინს თითქმის წინასწარმეტყველური წერილი მისწერა, რომელიც ფაქტობრივად მის ანდერძს წარმოადგენდა: "ბინა და ავეჯი გადაეცით კანცელარიის მუშაკს. ჩემი დაღუპვის შემთხვევაში ბიბლიოთეკას ვუანდერძებ მიტროპოლიას. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე, ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას".

მართლმადიდებელი ეკლესია და პოლონეთში ქართველთა სათვისტომო მისი თავკაცის, გიორგი ნაკაშიძის მეთაურობით, მამა გრიგოლის გასათავისუფლებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მატერიალურადაც ეხმარებოდნენ მას, მაგრამ მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

არქიმანდრიტის დაპატიმრების შესახებ გიორგი ნაკაშიძემ დაუყოვნებლივ აცნობა კავკასიის კომიტეტს. ეს კომიტეტი გერმანელთა საოკუპაციო ჯარების მიერ იყო დაარსებული. ნაკაშიძემ კომიტეტიდან მეორე დღესვე მიიღო პასუხი. მას აცნობეს, რომ კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარეს გესტაპოში გარკვევით ურჩიეს, აღარ ეზრუნა გრიგოლ ფერაძის საქმეზე, რადგანაც არქიმანდრიტის დაპატიმრების ბრძანება უშუალოდ ბერლინიდან მოდიოდა.

უფრო მეტიც, გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო. ამ მომენტიდან მის დაღუპვამდე საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის შესახებ რაიმე ცნობის მოპოვება შეუძლებელი ხდება.

მოწამებრივი სიკვდილი

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ოფიციალური ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე აღესრულა. ესაა მშრალი ცნობა, ხოლო მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოუკლავთ გერმანელი ოფიცერი. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ ყველა ტუსაღი, დიდიან-პატარიანად, მთავარ მოედანზე გამოურეკავს, საშინელ ყინვაში გაუშიშვლებია და უთქვამს, - ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელი არ გამოჩნდებაო. მაშინ პატიმრების მწკრივს გრიგოლ ფერაძე გამოეყო. არქიმანდრიტს მკვლელობა თავის თავზე აუღია. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინ დაწვესო.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად კი, ებრაელთა მორიგ პარტიას გაზის კამერაში დასასჯელად აგზავნიდნენ, ერთ-ერთ ტყვეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყოლია. მამა გრიგოლს მისი ბედი ძალიან ადარდებდა და ნება-ყოფლობით ჩაენაცვლა მას. ეს ვერსია ბანაკიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა, ამ ამბის თვითმხილველმა, აუწყა მიტროპოლიტ დიონისეს და მას მამა გრიგოლის ჯვარიც გადასცა. სამწუხაროდ, მიტროპოლიტს ამ პიროვნების გვარი არ დაუმახსოვრებია, მაგრამ თავად ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ეს ვერსია სარწმუნო უნდა იყოს.

საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტმა, 1942 წლის 11 დეკემბერს, დიაკვან გიორგი ბერკმან-კარენინს ტელეგრამით შეატყობინა არქიმანდრიტ გრიგოლის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ სიკვდილის გარემოების შესახებ არაფერი უცნობებია.

ოთხი დღის შემდეგ, ვარშავის მართლმადიდებელი მიტროპოლიის ხელმძღვანელობამ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გერმანელ კომენდანტს თხოვნით მიმართა, რა გარემოებაში დაიღუპა მამა გრიგოლი და რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი. მიტროპოლიის ხელმძღვანელობა ბანაკის კომენდანტს გრიგოლ ფერაძის ფერფლის გადმოცემასაც სთხოვდა. პასუხად, ოსვენციმის სამოქალაქო მდგომარეობის აღწერის განყოფილებიდან ნამდვილი გერმანული, პედანტური ცნობა მიიღეს: "გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა 1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე ოსვენციმში, კოშაროვეის ქუჩაზე". მოგვიანებით, XX საუკუნის 80- იან წლებში, ქართველმა რეჟისორმა და მოქალაქემ, რევაზ თაბუკაშვილმა წმინდა მოწამე გრიგოლის ხსოვნას მიუძღვნა ფილმი "წმინდა შტო ვაზისა". ფილმის გადაღების პროცესში იგი მოსკოვის სუკის არქივში დაცულ მასალებსაც გაეცნო. ამ არქივში თაბუკაშვილმა ოსვენციმის ტყვეთა ბანაკიდან წამოღებულ ჟურნალს მიაკვლია. ჟურნალში დეტალურად იყო აღწერილი პატიმრების ბანაკში ყოფნის ყოველი დღე და გარდაცვალების გარემოებები. ინფორმაცია მამა გრიგოლის შესახებ 1942 წლის 5 დეკემბერს წყდებოდა. ფურცელი, სადაც მისი გარდაცვალების დღე 6 დეკემბერი უნდა ყოფილიყო ჩანიშნული, ჟურნალიდან საერთოდ ამოხეული აღმოჩნდა. ძნელი სათქმელია, ვის აძლევდა ხელს ამ ღირსეული ადამიანის გმირული სიკვდილის დამადასტურებელი ცნობის უკვალოდ გაქრობა?

გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილი ნათლად ადასტურებს, რომ იგი თავისი ადრე ნათქვამი სიტყვების ერთგული დარჩა: "გამარჯვების გზა ხომ ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის".

"მამა გრიგოლი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სახარების, ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას. ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ეკიდა ტაძარში მისი სამოსელი. ის მოგაგონებდათ ადამიანს, რომელმაც თავის ცხოვრებაში განასახიერა სახარების იდეალი", - ამბობს ჰენრიკ პაპროცკი. 1994 წელს პოლონეთ-ისრაელის მეგობრობის საზოგადოებამ ვარშავის მიტროპოლიას გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია: "გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის გრიგოლ ფერაძის დიდებული სული, რომელიც ნაცისტებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს ებრაული ოჯახების შეფარებისა და დახმარების აღმოჩენისათვის".

მემკვიდრეობა

არქიმანდრიტმა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი სამეცნიერო საგანძური დატოვა, რითაც მსოფლიო მეცნიერებაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე მიჩნეულია მსოფლიო პატროლოგიის კლასიკოსად. მის ნაშრომებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ქრისტიანობასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხში გრიგოლ ფერაძის შრომები ძირითად წყაროდ გამოიყენება. ისინი მრავლადაა გამოცემული საზღვარგარეთ. მისი სახელი ამოტვიფრულია ვარშავის უნივერსიტეტის და მართლმადიდებლური ეკლესიის კედლებზე. ხოლო გერმანიაში ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მისი სახელობის კაბინეტი.

იმის მიუხედავად, რომ არქიმანდრიტი საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა, მან 70 სამეცნიერო ნაშრომი დაგვიტოვა. ეს ნაშრომები ქართულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზეა გამოქვეყნებული. გრიგოლ ფერაძის უპირველესი სურვილი პატროლოგიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნა იყო, რომელიც ამ დარგის პრობლემატიკას მიეძღვნებოდა და იმავდროულად მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების მართლმადიდებელი, კათოლიკე და პროტესტანტი მეცნიერების გამოკვლევებს ერთად მოუყრიდა თავს. იგი ამისთვის მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე ემზადებოდა. სამწუხაროდ, ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა.

"სამეცნიერო მემკვიდრეობა საკმაოდ ვრცელია. მისი ყველა შრომა ერთნაირად მაღალი დონისაა, - წერს დე-კანოზი ჰენრიკი, - მრავალრიცხოვანი რეცენზიები არაჩვეულებრივად ფართო ერუდიციის დადასტურება გახლავთ. მამა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის ისტორიაში, მისი სახელი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ამას მოწმობს სხვადასხვა მეცნიერთა მიერ მისი ნაშრომების ხშირი მითითება; ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი ციტირებას ახდენენ მისი შემოქმედებიდან, როგორც კლასიკური შრომებიდან". მამა გრიგოლის ნაშრომები რეცენზირებულია ა. ბაუმშტარკის, მ. თარხნიშვილის, გ. დეეტერსის, რ. ჟანენის და სხვათა მიერ. ივ. ჯავახიშვილი და კ. კეკელიძე არაერთხელ იმოწმებენ ან ეკამათებიან მას.
......................
წყარო: საისტორიო ჟურნალი "არტანუჯი" მე-11 ნომერი (2003 წ.);
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნი: "გრიგოლ ფერაძე - წმინდა მღვდელმოწამე. მოქალაქე. მეცნიერი", რომელიც დასტამბულია უწინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
......................

წმინდა გრიგოლის ხატი შესრულებულია ლექსო მღებრიშვილის მიერ

ხატი დავანებულია ბაკურციხის წმ. გიორგის ტაძარში
......................
წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი:

უღელი იგი ქრისტესი მოიღე გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვინაცა უცხოთა აღმსარებლობათა შორის მართლმადიდებლობისა სიტყვასა ასწავებდი და უკანასკნელ სულიცა თვისი დასდევ მოყვასისათვის, დაუცხრომელად ევედრე მხოლოსა ღმერთსა ჩვენ ყოველთათვის.

კონდაკი:

რომელმან ღმერთი დაუსაბამო მართლმადიდებლობით ისიბრძნისმეტყველე და მსხვერპლად სუნად სუნნელად თავი თვისი შესწირენ ქრისტესა, და გვირგვინი უხრწნელი მოიგე გრიგოლ, მას ევედრე ჩვენთვის ღვაწლით შემოსილო.
.............................

წმინდა გრიგოლთან (ფერაძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

"გამარჯვების გზა ხომ ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის"

მწკრივს ერთი კაცი გამოეყო - ქართველი არქიმანდრიტი და თქვა: - დამნაშავე მე ვარ!

მისი სული მრავალი ათეული წლის შემდეგ ანგელოზად დაბრუნებოდა მშობლიურ კერას

უკანასკნელ ქართველ ათონელებსა და არა მხოლოდ მათზე

ეს იყო ყველაზე დიდი საბედისწერო ღალატი, რომელსაც დღემდე განიცდის საქართველო

არავინ გაურბის ისტორიას იმგვარად, როგორც ბერი აღმოსავლეთში

წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მრევლი იმ ქართველებისგან შეიქმნა, რომლებიც 1921 წელს ბოლშევიკ დამპყრობლებს გამოექცნენ საქართველოდან

იხილეთ დასაწყისი

ბეჭდვა
1კ1