კეთილმორწმუნე მიქაელ ტვერელი (+1318) - 22 (05.12) ნოემბერი
კეთილმორწმუნე მიქაელ ტვერელი (+1318) - 22 (05.12) ნოემბერი
კეთილმსახური მთავარი მიქაელ ტვერელი წმინდა ალექსანდრე ნეველის ძმისწული იყო. იგი დაიბადა 1272 წელს. მამის - დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის გარდაცვალების შემდეგ მიქაელის დედამ, ქსენიამ წმინდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს კლიმენტის მიანდო.

მიქაელი ტვერის სამთავროს ტახტზე ძმას, სვიატოსლავს შეენაცვლა. წმინდა მთავრის ღვთივსათნო ცხოვრების მოშურნე და საკუთარი ამბიციებით გონებადაბინდულმა მოსკოვის მთავარმა იურიმ ჯერ ომი დაუწყო ტვერის სამთავროს, შემდეგ კი, დამარცხებით გაბოროტებულმა, ცილისმწამებლური ბრალდებებით ოქროს ურდოში დაასმინა წმინდა მიქაელი. განრისხებულმა ხანმა თავისთან იხმო წმინდანი. უფლის რჩეულმა არ ისურვა, ხანთან უთანასწორო ბრძოლაში რუსი მეომრების სისხლი დაეღვარა და მორჩილებით გაემართა ოქროს ურდოში, სადაც სიკვდილი ელოდა. გამგზავრების წინ გამოემშვიდობა ოჯახს, ტვერელებს და სულიერი მოძღვრისგან - იღუმენ იოანესგან მოწამებრივ ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. "მამაო, - თქვა წმინდანმა, - ბევრი ვიზრუნე ქრისტიანთა შორის სიმშვიდის დასამყარებლად, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, შინაომებს ბოლო ვერ მოვუღე. ახლა მაკურთხე, რომ თუ ხალხისთვის სისხლის დათხევა მომიხდა, მათ ოდნავ მაინც ამოისუნთქონ, მე კი ცოდვები მომიტევოს უფალმა".

ურდოში წმინდა მთავარს ხანის ურჩობა დააბრალეს და სიკვდილი მიუსაჯეს. საპყრობილეში მიქაელი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამებრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმინდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარმა გაბედულად უპასუხა: "სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურე¬ბა ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!" წმინდა მიქაელს ხშირად აკითხავდნენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები. ნეტარი ყოველ კვირას ამბობდა აღსარებას და ეზიარებოდა. ერთ საღამოს დატყვევებულ წმინდანთან მკვლელები შეიჭრნენ. მახვილით განგმირეს და გული ამოაჭრეს (+1318). იმავე ღამეს ბევრმა ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ნათლის ორი ღრუბელი იმ ადგილს, სადაც მარტვილი ესვენა. ურდოდან წმინდა მიქაელის ნეშტი მოსკოვში გადაასვენეს და კრემლის მაცხოვრის ტაძარში დაკრძალეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1319 წელს შეიტყვეს ტვერელებმა, თუ რა ბედი ეწია მათ მთავარს. წმინდანის მეუღლის, მთავარი ანას (ხს. 2 ოქტომბერს) სურვილითა და ტვერელთა თხოვნით ნეტარი მიქაელ ტვერელის წმინდა ნაწილები 1320 წლის 6 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში, მის მიერვე აგებულ უფლის ფერისცვალების ტაძარში დაკრძალეს. კეთილმსახური მთავარი 1549 წელს შერაცხეს წმინდანად, 1632 წლის 24 ნოემბერს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

ბეჭდვა
1კ1