წმინდა მოწამეები: კიკილია, ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე (+დაახლ. 230) - 22 (05.12) ნოემბერი
წმინდა მოწამეები: კიკილია, ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე (+დაახლ. 230) - 22 (05.12) ნოემბერი
წმინდა  კიკილია, ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე - III საუკუნის მოწამეები არიან. მათ ეკლესია ძველი სტილით 22 ნოემბერს (ახალი სტილით 5 დეკემბერს) იხსენიებს. წმინდა მოწამე კიკილია სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. ნეტარი ასული წარმართი მდიდრების შვილი იყო. მშობლებმა გადაწყვიტეს იგი დიდებულ წარმართ ვალერიანეზე დაექორწინებინათ. ქალწულმა ვერ გაბედა მშობლების ნებას შეწინააღმდეგებოდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, მისი საქმრო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მან ვალერიანე დაიყოლია ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვრის ქადაგებით ვაჟმა ირწმუნა ქრისტე და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ურჯულო მმართველმა ამაქმა ეს რომ შეიტყო, ძმები შეიპყრო და სამსჯავროზე წარადგინა. მან ჭაბუკებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. მაშინ სასტიკად გვემეს ვალერიანე და ტრიბურტი. მმართველმა ბრძანა, წმინდა მოწამეები ქალაქგარეთ დაესაჯათ სიკვდილით. მეომართა რაზმს, რომელსაც უკანასკნელ გზაზე მიმავალ ძმების დაცვა დაევალა, მაქსიმე წინამძღვრობდა. მან იხილა რა ძმების საოცარი სიმტკიცე, გაოცდა და დაინტერესდა, რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. მარტვილებმა აუხსნეს მეომარს, რომ ისინი დროებით ამქვეყნიურ ცხოვრებას მარადიული ცხოვრებისთვის თმობდნენ. მაქსიმე კიდევ მეტად დაინტერესდა ქრისტიანობით. ის ძმების ქადაგების შემდეგ გულით შეუდგა ქრისტეს და მთელი სახლეულით მოინათლა.

მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტს თავები მოჰკვეთეს, მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, ქრისტეს აღმსარებელი, რომ იყო. ამისთვის ის სიკვდილამდე გვემეს.

მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა, მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმინდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით უამრავი ადამიანი მოექცია ქრისტიანობაზე, განრისხებულმა ისიც სიკვდილით დასაჯა.

ბეჭდვა
1კ1