წმინდა მოწამეები - მარკიანე და მარტვირი (+დაახლ. 355) - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები - მარკიანე და მარტვირი (+დაახლ. 355) - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი)
წმინდა მოწამენი - მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდნენ კონსტანტინე დიდის ვაჟის, კონსტანციუსის (337-361 წწ.) ზეობისას. მარკიანეც და მარტირიც არიანელთა მიერ მართლმადიდებელთა დევნას და შევიწროებას შეეწირნენ. იმპერატორი კონსტანციუსი აღმოსავლეთს მართავდა და მუდამ ერეოდა ეკლესიის საქმეებში, ამით გაუთავებელ უთანხმოებასა და მღელვარებას იწვევდა. სუსტი ხასიათის, ამასთან ანჩხლი და სასტიკი ადამიანი იყო და ადვილად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ, რითაც ისარგებლეს არიანელებმა და მისი ნდობა მოიპოვეს. კონსტანციუსის მმართველობის პირველსავე წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა ალექსანდრე. როდესაც სასულიერო დასმა სიკვდილის წინ მას სთხოვა, დაესახელებინა მემკვიდრე, ეპისკოპოსმა უპასუხა: "თუ ყოფით საქმეებში გამოჩენილი და გამოცდილი ადამიანი გინდათ, მაკედონიუსი აირჩიეთ. თუ სწავლაში დამმოძღვრავი და სამაგალითო ცხოვრების კაცი გსურთ, მაშინ პავლე". პავლე, ერთ-ერთი პრესვიტერი, ევსტათი ანტიოქიელთან ერთად დევნილი, გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო. ეკლესიამ არჩევანი პავლეზე შეაჩერა. ამ დროს მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი ახალარჩეული პატრიარქის, პავლეს ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.

პატრიარქ პავლეს არჩევნების დროს იმპერატორი კონსტანციუსი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როდესაც ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთა¬ვარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა და დედაქალაქიდან განდევნა, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომედიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი პოვეს ევსების მიერ განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც.

ორი წლის შემდეგ ევსები გარდაიცვალა, მართლმადიდებლებმა ისევ პავლე, ხოლო არიანელებმა მაკედონიუსი აირჩიეს. პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. კონსტანციუსი ისევ ჩაერია საქმეში და გაგზავნა მეომრები პავლეს დასამხობად და დასაპატიმრებლად. მართლმადიდებლები თავის ეპისკოპოსს გამოექომაგნენ, მოხდა შეტაკება, რაზმის უფროსი მოკლეს, კონსტანტინოპოლის ქუჩები სისხლით შეიღება... ეპისკოპოსად მაკედონიუსი დაადგინეს, პავლე კი განდევნეს.

ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანტინეს დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა.

იმპერატორმა კონსტანსმა (337-350) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმინდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადაასახლეს, სადაც იგი მოწამებრივად აღესრულა: როდესაც პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმინდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. პავლეს კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრის აღსრულებიდან ხუთი წლის შემდეგ არიანელებმა მარკიანესა და მარტვირისთვისაც მოიცალეს. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმინდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. აღსასრულის წინ მარტვილებმა მხურვალედ სთხოვეს უფალს: "უფალო ღმერთო, რომელმან დაჰბადე გულნი ჩვენნი და გულისხმა-ყოფ საქმეთა ჩვენთა, მშვიდობით შეივედრე სულნი მონათა შენთანი, რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე, შევირაცხენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი" (ფს. 32,15; 43,23). გვიხარის, რამეთუ ესევითარითა სიკვდილითა განვალთ ამა სოფლიდან სახელისა შენისათვის. ღირს გვყავ ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა შენთანა, წყაროო ცხოვრებისაო". ლოცვის შემდეგ მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს. მათი წმინდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმინდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმინდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.

კონდაკი:

სიჩჩოთგან კეთილად მოღუაწეთა მარკიანე ბრძნისა მარტვირის თანა განდგომილი არიოს ძლიერად დააკვეთეს მოუწყვლელად დამცველთა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისათა და თანა შედგომილთა პავლე კეთილ მასწავლელისათა, ვინაიცა მის თანავე პოვეთ ცხორებაჲ, ვითარცა სამებისათვის მბრძოლთა რჩეულთა.

ბეჭდვა
1კ1