წმინდა მოწამეები: სვინკლიტიკია და მისი ორი ასული (+523) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები: სვინკლიტიკია და მისი ორი ასული (+523) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
წმინდა მოწამე სვინკლიტიკია და მისი ორი ასული არაბთა მეფემ, დუნაანმა აწამა VI საუკუნეში. სვინკლიტიკია (რაც სენატორის მეუღლეს ნიშნავს) დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, რის შემდეგაც კეთილგონივრულად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა და ასულებსაც მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. უსჯულო დუნაანის მიერ ნეგრანელ მართლმორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტის დროს, სხვა აღმსარებლებს შორის მის წინაშე სვინკლიტიკიაც წარადგინეს თავისი ქალიშვილებით. მათი მშვენიერებით გაოცებულმა მტარვალმა კეთილმსახურ დედას მიმართა: "ყოველთვის მესმოდა შენი გონიერების შესახებ. ახლა ამ ხმების ჭეშმარიტებაზე შენი გარეგნობაც მეტყველებს. ასე რომ, როგორც მეფე და მეგობარი, გირჩევ: შენი ღირსების შესაფერისად მოიქეცი. დაუტევე შენგან თაყვანისცემული ნაზარეველი, მაშინ შენ ჩემი მეუღლის, დედოფლის მეგობარი შეიქნები, შენი ასულები კი მეფის ასულებივით აღიზრდებიან. ყველაფერი ხელს გიწყობს დაწინაურებაში, მხოლოდ ქრისტიანული ცრურწმენა - საზიზღარი და უგნური ბრბოს სენი ეღობება წინ თქვენს კეთილდღეობას".

წმინდა სვინკლიტიკიამ, რომელიც უსჯულოს მიერ ყოველი ღვთისმგმობელი სიტყვის წარმოთქმაზე ძრწოლით აღაპყრობდა თვალებს ზეცისკენ, ახოვნად მიუგო ქრისტესმოძულეს: "მეფეო, პატივის მიგება გმართებს მისთვის, ვინც ხელმწიფება, პორფირი და დიადემა გიბოძა, არსებობა და სიცოცხლე მოგმადლა, ყოველთა უწინარეს შენ უნდა სცემდე თაყვანს იესო ქრისტეს, ძე ღვთისას. შენ კი, მადლის უმადურო ჭურო, ასე უტიფრად გმობ შენს კეთილისმყოფელს. გეშინოდეს, მიწამ არ გშთანთქას და თან და აბირონივით. თავად იღუპები, სხვების დაღუპვაც გსურს, და მით უფრო იახლოებ იესოს შურისგებას. ამსოფლიურ პატივს აღმითქვამ, მაგრამ ამაოდ შვრები! მეფეო, ისიც კი არ მსურს, რომ შენი ენა მაქებდეს: ამაზრზენია ღვთისმგმობლის ქება. ჯერ იესო ქრისტეს სახელი განადიდე და ამის შემდეგ შენი მცირეოდენი ქებაც ჩემთვის ჭეშმარიტად მეფური წყალობა იქნება".

უღვთო დუნაანი ამ სიტყვებმა საშინელი რისხვით აღავსო და ბრძანა, დედა, ქალიშვილებითურთ, დამნაშავეებივით ეტარებინათ ქალაქის ქუჩებში. წმინდანის შეურაცხყოფას რომ ხედავდნენ, ქალები ტიროდნენ, სვინკლიტიკია კი ამშვიდებდა მათ - ეს შეურაცხყოფა ჩემთვის ყოველგვარ მიწიერ პატივზე უფრო ძვირფასიაო.

როცა მოწამე კვლავ მიიყვანეს დუნაანთან, უღმრთომ მას მიმართა: "თუ გსურს ცოცხალი დარჩე, უარყავი ქრისტე!" რაზეც ნეტარმა მიუგო: "თუ მას უარვყოფ, ვინ მიხსნის საუკუნო სიკვდილისაგან?!" მაშინ გააფთრებული ხელისუფლის ბრძანებით ჯერ სვინკლიტიკიას ასულები დახოცეს და მათი სისხლი ძალით ჩაასხეს პირში დედას, შემდეგ კი თავად მასაც თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1