წმინდა მოწამე არეთა და მასთან ერთად წამებული ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე (+523) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
წმინდა მოწამე არეთა და მასთან ერთად წამებული ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე (+523) - 24 ოქტომბერი (6 ნოემბერი)
არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი VI საუკუნეში. იმ დროს არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდე-ველი დუნაანი მეფობდა. ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი. ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა - ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს.

დუნაანმა პირველ რიგში ქრისტიანებისადმი თავისი ზიზღი ორი წლის წინ გარდაცვლილ ნეგრანის ეპისკოპოს პავლეზე გადმოანთხია, გახსნა მისი სამარხი და მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები ცეცხლში დაწვა. უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური.

კაცთმოძულე დუნაანს არც ქალაქის ქრისტიანი მმართველი გამოპარვია - არეთა ქალაქის სხვა უხუცესებთან ერთად შეიპყრო და საპყრობილეში ჩააგდო.

ერთი ცნობილი ქვრივი ქალბატონი შეიპყრო და ცდილობდა, მუქარითა და შეურაცხყოფით უარი ეთქმევინებინა ქრისტეს რჯულზე. ქვრივი დედაკაცის ქალიშვილმა, რომელმაც ვეღარ გაუძლო დედის წამების და შეურაცხყოფის ყურებას ურჯულო მეფეს სახეში შეანერწყვა. განრისხებულმა დუნაანმა თორმეტი წლის გოგონას თავი მოჰკვეთა, დედა კი აიძულა, მისი სისხლი დაელია. ამ სისასტიკის შემდეგ ქვრივ დედაკაცსაც თავი მოჰკვეთეს. მახვილით გამოასალმეს სიცოცხლეს ქალაქის თავი არეთაც.

"არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი შესაძინელი", - ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოხადეს სული.

ტროპარი:

წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი:

მხიარულებისა ჩუენდა მომატყუებელი ღუაწლით შემოსილთა ნათლით შემოსილი დღესასწაული წარმოდგა დღეს, რომლისა მგალობელნი ვადიდებთ მაღალთა შინა მყოფსა უფალსა.

ბეჭდვა
1კ1