მღვდელმოწამე იაკობ ჰამატურელი (გარდ. XIII საუკუნის ბოლოს) - 13 (26) ოქტომბერი
მღვდელმოწამე იაკობ ჰამატურელი (გარდ. XIII საუკუნის ბოლოს) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა იაკობი ლიბანში, ჰამატურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მონაზონი იყო. როცა მამლუქებმა მონასტერი დაანგრიეს, მონაზვნური ცხოვრება სავანის განაპირას ააღორძინა. შემდეგ მის გარშემო მონაზვნები შემოიკრიბნენ, წმინდა იაკობმა მონასტერი აღადგინა და წინამძღვარიც გახდა. მისმა სულიერმა სიმამაცემ და სახალხო სიყვარულმა მამლუქი მმართველების ყურადღებაც მიიქცია. მას მუსლიმანობის მიღება შესთავაზეს, მაგრამ წმინდანი მტკიცედ იდგა უარზე. მაშინ იაკობი, რამდენიმე მონაზონთან და ერისკაცთან ერთად, შეიპყრეს და ჰამატურის მთიდან ქალაქ ტრიპოლში ჩაიყვანეს ადგილობრივ მმართველთან (ვალი). ერთი წელი ითმენდა სასტიკ წამებას და მაცდურ შეთავაზებას, მაგრამ არ უღალატა ქრისტეს რწმენას. 13 ოქტომბერს წმინდა იაკობს თავი მოჰკვეთეს, სხეული დაწვეს, რათა ქრისტიანებს თაყვანი არ ეცათ მისი წმინდა ნაწილებისთვის. ეკლესიამ ის მაშინვე წმინდანად შერაცხა და ლოცვით მიმართავდა. მაგრამ მუსლიმი მმართველების სისასტიკის გამო მისი სახელი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. თუმცა ჰამატურის მონასტრის მომლოცველები ხედავნენ მას და სხვა წმინდანებს სასწაულებრივ ხილვებში. მხოლოდ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა ბალამანდის მონასტრის გერონტიკონში ხელნაწერი, სადაც მისი ცხოვრების მცირე აღწერა და საეკლესიო ხსნების დღე - 13 ოქტომბერია მითითებული. ჩვენს დროში პირველი საზეიმო ღვთისმსახურება 2002 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა და მას მერე მრავალი სასწაულებრივი გამოცხადება, კურნება და სხვა მადლმოსილი ამბავი მოხდა წმინდა იაკობის ლოცვით.

ბეჭდვა
1კ1