წმინდა მოწამე ბენიამინ სპარსი, დიაკვანი (418-424) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა მოწამე ბენიამინ სპარსი, დიაკვანი (418-424) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ბენიამინი ცხოვრობდა სპარსეთში მეფე იეზდიგერდ I-ის (399-420) დროს, და ქრისტეს ეკლესიის დიაკვანი გახლდათ. მეფემ როცა შეამჩნია, რომ ბენიამინის და სხვა მქადაგებლების გავლენით მისი ქვეშევრდომები ცეცხლის და წყლის თაყვანისცემისაგან თავს ანებებდნენ, გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს და სამღვდელო პირნი და იღუმენები დაიჭირეს. ბენიამინი ერთ-ერთი პირველი შეიპყრეს. წმინდანი ჯერ საშინლად გაშოლტეს, შემდეგ კი საპყრობილეში ორი წლით ჩააგდეს.

როცა იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ელჩობა გააგზავნა სპარსეთის მეფესთან, რომაელმა ელჩებმა ბენიამინის გათავისუფლება მოსთხოვეს. სპარსეთის მეფე დათანხმდა იმ პირობით, თუ დიაკვანი მისიონერულ საქმიანობას შეწყვეტდა. განაჩენი რომ მოისმინა წმინდა მოწამემ, შეძრწუნებულმა წამოიძახა: "არ შემიძლია ღვთაებრივი ცოდნის ნათელი არ გავავრცელო ბნელში მყოფთ შორის! მეშინია იმ სასჯელის, რომელიც სახარების მიხედვით, მიეგება მათ, ვინც ბატონის მიცემული ტალანტი მიწაში დაფლა" (შდრ. მათე 25 25, 14-30). მეფე ნათქვამს ვერ მიუხვდა და გაშვება ბრძანა.

ბენიამინმა ქადაგება განაგრძო და რამდენიმე წელიწადში ჭეშმარიტების სიტყვა მთელ სპარსეთში გაავრცელა. განრისხებულმა მეფემ მისი შეპყრობა ბრძანა. წმინდა დიაკვანს უთხრეს, ან ქრისტე და სიკვდილი აერჩია, ანდა თავი გადაერჩინა იესოზე უარის თქმით, რაზეც მან უპასუხა: "მეფეო, ის, ვინც შენს ხელმწიფებას უარყოფს, ანდა შეურაცხყოფს, სიკვდილის ღირსია, ხოლო ვინც უკვდავ მეფესა და ყოვლის შემოქმედს დაუტევებს და თაყვანს სცემს ხრწნად ქმნილებას, მას უფრო საშინელი სასჯელი მოელის, რომელსაც დასასრული არ ექნება". მეფემ ეს რომ მოისმინა, საკუთარი უძლურება იგრძნო წმინდანის სიმტკიცის წინაშე. ბრძანა, ლერწმის ღეროები შეერჭოთ ბენიამინის ხელებსა და ფეხების ფრჩხილებს ქვეშ. მაგრამ წმინდანი ამ ტკივილებს სიხარულით და სიცილით დაითმენდა. ამაზე სულ გადაირია მეფე, მისი ბრძანებით წვრილი ლერწამი შეურჭეს სასქესო ორგანოში და საშინელი ტკივილების დამთმენი დაგრეხილ სარზე დადეს გასვეს. ასე აღესრულა წმინდა ბენიამინი, სხვადასხვა წყაროთი - 418, ან 420 ანდა 424 წელს. წმინდა ბენიამინის მარტვილობა დაწვრილებით აქვს აღწერილი თეოდორიტე კირელ ეპისკოპოსს "საეკლესიო ისტორიაში". წმინდა ბენიამინს 13 ოქტომბრის გარდა ეკლესია 31 მარტსაც მოიხსენიებს წმინდა ეპისკოპოს აბდიასთან ერთად. ბიზანტიურ კალენდრებში მისი ხსენება 5 სექტემბერსა და 10 ივნისსაა.

ბეჭდვა
1კ1