ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+838) - 13 (26) ოქტომბერი
ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+838) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ნიკიტა 763 წელს პაფლაგონიაში დაიბადა. მისი მშობლები წმინდა დედოფალ თეოდორას ენათესავებოდნენ. მათ შვილს კარგი განათლება მისცეს. 17 წლის ნიკიტა კონსტანტინოპოლში გააგზავნეს, რათა სამეფო კარზე კარიერა გაეკეთებინა. მისი ნიჭიერება მალევე შეამჩნია იმპერატორმა-რეგენტმა დედოფალმა ირინემ, რომელმაც ნიკიტა პატრიკის ხარისხში აიყვანა და სიცილიაში სარდლად დანიშნა.

თუმცა ნიკიტას სიყრმიდანვე მხოლოდ მოსაგრეობა ჰგვრიდა ჭეშმარიტ სიხარულს. მას მთელი გულით სურდა მონაზონი გამხდარიყო. მან არაერთხელ ითხოვა მოვალეობიდან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ იმპერატორები - ნიკიფორე და სტავრაკი დიდად აფასებდნენ მას და სოფლის დატოვების ნებას არ აძლევდნენ. მხოლოდ იმპერატორ მიქაელ I-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დართეს ნება მონაზვნად აღკვეცილიყო, ოღონდ იმ პირობით, რომ არასოდეს დატოვებდა საიმპერატორო ქალაქს. წმინდა ნიკიტა 50 წლისა მონაზვნად აღიკვეცა და უბრძანა ოქროს კარიბჭესთან მდებარე მონასტრისთვის ეხელმძღვანელა.

ლეონ V სომხის მეფობისას განახლდა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. როგორც მონაზვნების უმეტესობა, ნიკიტაც მოშურნე დამცველი იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, მაგრამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რამდენიმე მონაზონთან ერთად, ქალაქგარეთ თავის აშენებულ მონასტერში გადავიდა (815 წ.).

როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ მის სავანეში ხატებს ეთაყვანებოდნენ, მეომრები გააგზავა, რომელთაც მოძებნეს წმინდა ხატები და ფეხით შედგნენ, გაანადგურეს. მონასტრიდან გასვლისას წმინდა ნიკიტას სავანიდან გასვლა აუკრძალეს. 829 წელს, როცა ქვეყნის სათავეში იმპერატორი თეოფილე მოვიდა, მან გააორმაგა მართლმადიდებლების დევნა. მან ერთი დიდებული გააგზავნა წმინდა ნიკიტასთან და მისგან ხატთაყვანისცემის უარყოფა და ერეტიკოსი პატრიარქის ანტონის აღიარება მოსთხოვა. წმინდა ნიკიტამ უპასუხა:

- არასოდეს შევწყვეტ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ხატის თაყვანისცემას და ანტონს არ დავუძახებ პატრიარქს, არამედ ვიტყვი, რომ ის მრუშია და დამნაშავე... შენ კი როგორც გინდა ისე მოიქეცი.

წმინდა ნიკიტა თავისი აშენებული სავანიდან გააძევეს. მან სამ მონაზონს მოჰკიდა ხელი და სხვა მონასტერში გადავიდა, სადაც დაჰყო დიდი მარხვა. შემდეგ ეს სავანეც დატოვა, რადგანაც ყველას აკრძალული ჰქონდა მისთვის თავშესაფრის მიცემა ის ბევრს მიმომწირობდა ბითინიაში. ბოლოს, ბევრი ხეტიალის და შეჭირვების შემდეგ სამშობლოში, პაფლაგონიაში დაბრუნდა და კატისიელ გლეხებს შეაფარა თავი. იქ მან მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი დააარსა, სადაც მშვიდად განაგრძეს ცხოვრება. წმინდა ნიკიტამ წინასწარ შეიტყო თავისი სიკვდილის ჟამი, მოუხმო ძმებს, უკანასკნელად დამოძღვრა ისინი, მოუწოდა არ ეღალატათ მართლმადიდებელი რწმენისთვის და ღვთის სათნოდ ეცხოვრათ. წმინდა ნიკიტა 838 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავიდან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1