წმინდა მოწამენი: კარპე, პაპილა, აღათოდორე და აღათონიკა (+დაახლ. 251) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი: კარპე, პაპილა, აღათოდორე და აღათონიკა (+დაახლ. 251) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა კარპე და წმინდა პაპილა დაიბადნენ მცირე აზიის ქალაქ პერგამონში, ღვთისმოსავ ოჯახში. ორივე ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით იზრდებოდა. ბავშვობიდანვე საკვების მხოლოდ მცირე ულუფებით კმაყოფილდებოდნენ და უარს ამბობდნენ ყველანაირ ფუფუნებაზე. იმდენად მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და მცირე იყო მათი მოთხოვნილებები, რომ ანგელოზისგან მხოლოდ ხორცშესხმულობით განსხვავდებოდნენ. მეტიც, უდიდესი თავშეკავებულობის გამო უსხეულო არსებებს ჰგავდნენ. როდესაც მორჩილებითა და მოკრძალებით სულიერ სრულყოფილებას მიაღწიეს, კარპე ეპისკოპოსი გახდა და ღვთის სიტყვას ფიატისის მცხოვრებლებში ქადაგებდა. მან პაპილა დიაკვნად აკურთხა, რომელიც თავისი ხარისხის შესაბამისად დიდი მონდომებით იღვწოდა.

წმინდა მამების შესახებ ხმები მალე მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა. მათთან შესახვედრად ყოველდღიურად უამრავი ხალხი ულევ ნაკადად მოედინებოდა, რათა მათი სწავლებები მოესმინათ და ქრისტეს სჯული ეღიარებინათ. სიკეთის დაუძინებელმა მტერმა, ეშმაკმა, ეს რომ იხილა, მოსვენება დაკარგა და თავისი ბოროტი განზრახვის შემსრულებლებს მალევე მიაგნო. სულმოკლე ადამიანებმა წარმართ მეფე დეციუსთან (249-251 წწ.) უჩივლეს წმინდანებს - კარპე და პაპილა არ ეთაყვანებიან ღმერთებს და ქრისტიანულ მოძღვრებას ქადაგებენო. იმპერატორი ძლიერ განრისხდა და თავისი თანაშემწე - ვალერიანე, კაცი მეტად სასტიკი და თავგამოდებული წარმართი, იხმო. მეფემ სრული ძალაუფლება მიანიჭა და ვალერიანეც, ბრძანების მიღებისთანავე, სასწრაფოდ გზას გაუდგა. დანიშნულების ადგილას რომ მივიდა, მოინდომა თავისი ღმერთისთვის მსხვერპლი შეეწირა. მაშინვე განკარგულება გასცა, რომ ქალაქის მცხოვრებნი დაუყოვნებლივ შეკრებილიყვნენ საზორავში, რათა ღმერთებისთვის თაყვანი ეცათ. წარმართი თავადაც დიდი პატივისმცემელი იყო კერპების და სხვებისგანაც ამას მოითხოვდა. როდესაც ხალხი შეიკრიბა, მათ შორის არ იყვნენ კარპე და პაპილა - ისინი სხვა ადგილას განადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. მწვალებელმა მათი მოძებნა ბრძანა. წმინდა მამები სასწრაფოდ იპოვეს და ვალერიანეს მიჰგვარეს, რომელმაც გოროზად ჰკითხა:

- რატომ არ გამოცხადდით სხვებთან ერთად ღმერთების მსხვერპლის შესაწირად? ახლავე ჩემ თვალწინ გამოასწორეთ თქვენი შეცდომა. ამით თავის გამართლებას შეძლებთ და თქვენი ცილისმწამებლები დაისჯებიან.

წმინდანები არ შეშინდნენ და თამამად უპასუხეს:

- მსაჯულო, ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან უმადურებას ვერ გამოვიჩენთ ყოვლადმოწყალე ღმერთის მიმართ. ცრუ ღმერთებს თაყვანს ვერ ვცემთ და ჭეშმარიტ ღმერთს ზურგს ვერ შევაქცევთ.

სანამ ამას ამბობდნენ, მათი სიტყვების დასტურად ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ყველა კერპი გაცამტვერდა. მაგრამ მეფისნაცვლის ბოროტებას ზღვარი არ ჰქონდა. იმის მაგივრად, რომ ჭეშმარიტი ღმერთის ძალა დაეჯერებინა და ცრუ ღმერთების არარაობა ეხილა, უფრო დაკარგა განსჯის უნარი. ბრძანა, წმინდა მამებისთვის კისერზე მძიმე ჯაჭვი დაედოთ და მთელი ქალაქი შემოეტარებინათ. ღირსეულ მამებს უღირსად დაატარებდნენ ქუჩებში და დაცინვასა და ლანძღვა-გინებას არ აკლებდნენ. მსაჯულს ეგონა, რომ ასეთი სამარცხვინო სასჯელის შემდეგ წმინდანები აზრს შეიცვლიდნენ და თქვა:

- თქვენს გონიერებაში ეჭვი რომ მეპარებოდეს, მაშინ კეთილ რჩევას არ მოგცემდით. პირიქით, თქვენს წამებას ვბრძანებდი. მაგრამ ვიცი, რომ სწორად აფასებთ შექმნილ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ცნობილია, რომ უძველესი დროიდან, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბარბაროსებიც კი უკვდავ ღმერთებს ეთაყვანებიან. რომაელმა მეფეებმა და თავადებმა როგორ შეძლეს ქალაქებისა და ქვეყნების დამორჩილება და მტრების დამარცხება? მხოლოდ ჩვენი ღმერთებისადმი პატივისცემისა და მსახურების შედეგად მიაღწიეს ყოველივე ამას. თქვენც ქედი მოიხარეთ და თაყვანი ეცით კერპებს. თუ ზურგს აქცევთ ქრისტიანობას, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაჩნდა, იმას დაუბრუნდებით, რაც ჭეშმარიტია, ღმერთებიც შეგიწყალებენ და უამრავ სიკეთეს მოგაგებენ, ჩვენსავით მეფისგან დიდ წყალობას მიიღებთ. მაგრამ თუ გაჯიუტდებით, ყველაფერს დაკარგავთ და საშინელ ტანჯვაში ჩაცვივდებით.

წმინდანებმა მშვიდად მოუსმინეს, თვალები ზეცას აღაპყრეს, პირჯვარი გადაიწერეს და უპასუხეს:

- გგონია, ხეპრეებივით მოგვექცევი და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უარს გვათქმევინებ. იცოდე, არც ისეთი უგუნურები ვართ. ჩვენ თქვენი სარწმუნოება პატივისცემის ღირსად არ მიგვაჩნია მხოლოდ იმის გამო, რომ უძველესია. ბოროტებაც უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ სიძველის გამო პატივისცემას არ იმსახურებს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, თქვენი სჯული ძველია თუ არა. ჩვენ უარი ვთქვით მასზე და რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენს გარემოცვაში აღმოვფხვრით, რადგან ვინც ცრუ ღმერთებს აღიარებს, ჯოჯოხეთის ცეცხლი ელოდება. თუ ჭეშმარიტების შეცნობა გინდა, გაიაზრე და მიხვდები, რომ თქვენი ღმერთები მხო¬ლოდ კაცის ხელით გამოჩორკნილი კერპებია, ყრუ, მუნჯი, რომლებსაც არც სხვისთვის შეუძლიათ სარგებლის მოტანა და არც თავისთვის. ჭეშმარიტი ღმერთი მიუწვდომელია ჩვენი გონებისთვის, დროში არ იზომება. მან შექმნა ადამიანი, სამოთხეში მიუჩინა ბინა და მორჩილების აღთქმა დაადებინა. ეშმაკის მზაკვრობით ადამიანი ცოდვაში ჩავარდა. ბო¬როტი სული ადამიანის დაცემით არ დაკმაყოფილდა, შეეცადა ღმერთთან საბოლოოდ დაეშორებინა, რათა ადამიანები მომკვდარიყვნენ არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სულიერადაც. სწორედ ამის შემდეგ მიატოვეს ადამიანებმა ღმერთი და კერპთაყვანისმცემლობის უკუნში ჩაცვივდნენ.

ყოვლადმოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ადამიანების გადასარჩენად ზეციდან დედამიწაზე ჩამობრძანდა. მან თავი გასწირა, რათა ცოდვებისგან გავეთავისუფლებინეთ. თავისი სიკვდილით ჩვენი დაუძინებელი მტერი - ეშმაკი დაამარცხა. შემდეგ კი ზეცაში ამაღლდა და ჩვენც იქ გვიხმობს.

- მსაჯულო, შეგიძლია, მსგავსი რამ შენს ღმერთებზეც თქვა? განა სირცხვილი არ არის, მათ ღმერთებს რომ უწოდებ?

მათ რომ უსმენდა, ვალერიანე საშინლად განრისხდა. სახიდან ფარისევლის ნიღაბი ჩამოიხსნა, თავის სისასტიკეს აღარ მალავდა და წმინდანები საწამებლად დამბეზღებლებს გადასცა. შემდეგ ბრძანა, ცხენებზე გამოებათ და წამებით ამოეხადათ სული. მართლაც, წმინდანები ცხენებზე გამოაბეს და ფიატირიდან ქალაქ სარდისამდე სულ ჭენებ-ჭენებით ჩავიდნენ. მათ კვალდაკვალ მიჰყვებოდა ნეტარი აღათოდორე, მონა წმინდათა მოწამეთა, რომელიც მეტად წუხდა და თანაუგრძნობდა თავის ბატონებს. ნაცემ-ნაწამებ წმინდანებს როდესაც ჩაეძინათ, სიზმრად უფლის ანგელოზები ნახეს, რომლებიც მათ ამხნევებდნენ. გამოღვიძებულებმა ერთმანეთს ხილვებზე უამბეს და გახარებულები ღმერთს მადლობდნენ ნუგეშისცემისთვის და გულმხურვალედ სურდათ, ქრისტესთვის მომკვდარიყვნენ.

ვალერიანეც ჩავიდა სარდისში. იმედოვნებდა, წამების შემდეგ ადვილად შეძლებდა მათ გადაბირებას. ის კი არ იცოდა, რომ წმინდანები კიდევ უფრო გაძლიერდნენ უფლის შეწევნით. როდესაც მეფის ნაცვალმა მათი გაცისკროვნებული სახეები იხილა და დარწმუნდა, რომ მედგრად და უშიშრად გრძნობდნენ თავს, მიხვდა, მათთან ტანჯვა-წა¬მებით ვერაფერს გახდებოდა. ამიტომ კვლავ მზაკვრობით შეეცადა, ტკბილი სიტყვებითა და ათასგვარი დაპირებით გადმოებირებინა. მალე მიხვდა, ამაოდ გაისარჯა და ბრძანა, კარპესა და პაპილასთვის გუშაგები მიეჩინათ; წმინდანების მსახური აღათოდორე, რომელიც თანამონაწილე გახდა მათი წამებისა, მიწაზე დააწვინეს და უმოწყალოდ სცემდნენ მათრახებით. ერთგვარი ორთაბრძოლა გაიმართა: მსაჯულს სურდა სასტიკი წამებით დაემარცხებინა წამებული, წმინდანი კი სიხარულით იღებდა თითოეულ იარას, თითქოსდა ეშინოდა, რომ ჯალათები არ დაღლილიყვნენ და წამება არ შეეწყვიტათ. საშინელი და ხანგრძლივი ცემის გამო, მოწამის სხეულიდან სისხლი ნაკადად მოედინებოდა, ხორცი ნაფლეთებად ექცა. ასეთი ტანჯვის შემდეგ წამებული სულით უნდა გატეხილიყო, მაგრამ მან ისე მტკიცედ გაუძლო ყველაფერს, თითქოს საერთოდ არ გრძნობდა ტკივილებს. იმის ფიქრით, რომ ქრისტესთვის ეწამებოდა, ყველაფერს უხმოდ იტანდა. ქრისტე ზეციდან დაჰყურებდა მის გმირობას და ჯილდოს უმზადებდა. ტანჯული თავისთან იხმო, რათა საშინელი წამების შემდეგ სიმშვიდე მოეპოვებინა. აღათოდორემ სული უფალს მიაბარა, ნაწამები სხეული კი მწვალებლებს დაუტოვა. ვალერიანეს ბრძანებით, ის დაუმარხავად დატოვეს მხეცების საჯიჯგნად. ღამით რამდენიმე მორწმუნემ წმინდა მოწამის სხეული მოიპარეს და მიწას მიაბარეს.

ამის შემდეგ ვალერიანემ კარპე და პაპილა იხმო და უთხრა:

- თქვენმა უგუნურმა მსახურმა უკვდავი ღმერთების წინაშე არ ისურვა მსხვერპლის გაღება. თქვენ ხომ ბრძენი ადამიანები ხართ და არ ისურვებთ ამ კაცის მსგავსად უაზროდ დაასრულოთ სიცოცხლე.

წმინდანებმა ამის გაგონებაზე ვალერიანეს შეშლილი უწოდეს, აღათოდორეს კი ხოტბა შეასხეს თავდადებისთვის და განაცხადეს, რომ მათაც სურდათ ქრისტესთვის თავი გაეწირათ.

განრისხებულმა მტარვალმა ბრძანა, კარპე და პაპილა ისევ ცხენებზე გამოებათ და სარდისიდან პერგამონამდე ჭენებით ეთრიათ. წმინდანებს კვლავ დიდი ტანჯვა-წამების გადატანა მოუხდათ. თითოეული დავითის სიტყვებს წარმოთქვამდა: "შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისგან" (ფს. 16:4). ღამით დასახიჩრებულ სხეულზე ბორკილები დაადეს და ბნელ დილეგში ჩაყარეს.

მძიმე გზის შემდეგაც არ კარგავდნენ რწმენას და მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ. ღმერთმა კვლავ დალოცა და თავისი ანგელოზი მოუვლინა მხსნელად, რომელ¬მაც ჭრილობები მოუშუშა და გული ღვთიური სიხარულით აუვსო. მტარვალს ეგონა, წმინდანები ფეხზე წამოდგომასაც ვერ შეძლებდნენ და მსახურებს მათი მოყვანა უბრძანა, რათა მათი საცოდაობით დამტკბარიყო. საღ-სალამათნი და სახეგაბრწყინებულნი რომ იხილა, მათ ჯადოსნობას მიაწერა ეს სასწაული და კიდევ უფრო დაუმძიმა სასჯელი. რკინის მძიმე ბორკილები დაადო და გრძელ გზას გაუყენა. ერთ ადგილას შეჩერება ბრძანა, კერპებს მსხვერპლი შესწირა და კარპეს მიყვანა ბრძანა. მან თბილად დაუწყო საუბარი, თითქოს მართლაც ეცოდებოდა:

- ღმერთებმა შეგიბრალეს და დაგეხმარნენ, რომ ადვილად გამოგევლო ასეთი გზა. უმადურობით რატომ პასუხობ და მათ ღირსებას რატომ შეურაცხყოფ? ჩემი კეთილი რჩევა გაითვალისწინე და ღმერთებთან ჩემთან ერთად წამოდი. შენი ასაკის გამო ვდარდობ, შენს უბედურებას, როგორც სხვის ჭირს, ისე კი არ ვუყურებ, არამედ საკუთარ განსაცდელად მივიჩნევ. მაგრამ რას ვიზამ? შენც კარგად მოგეხსენება, რომ მეტის მოთმენა არ შემიძლია. თუ ჩემს კეთილ რჩევას არ მიიღებ, შენს სიჯიუტეს აღარ მოვითმენ.

წმინდა კარპემ ამაზე უპასუხა:

- შენს რჩევას კეთილი ნამდვილად არ ეთქმის, რადგან სინათლიდან სიბნელისკენ მივყავარ და სიცოცხლიდან სიკვდილამდე. თუ ჩემს სიბერეს პატივს სცემ, რატომ არ გჯერა ჩემი, როცა რჩევას გაძლევ? მე უფრო მეტად შემტკივა გული შენი დაღუპვის გამო, ვიდრე შენ განიცდი ჩემს ტანჯვას, რადგან აღიარებ ცრუ ღმერთებს, რომლებიც ვერ გიხსნიან მარადიული ტანჯვისგან. ისინი უსულო არსებები არიან, ადამიანის ხელით შექმნილი და ამიტომაც ვერ იქნებიან ღმერთები. მხოლოდ უსარგებლო კერპებად დარჩებიან.

ვალერიანემ თავისი ღმერთების გმობა მეტად ვეღარ აიტანა და ჯალათებს წმინდა კარპეს უმოწყალოდ გაროზგვა უბრძანა. თავგამეტებით სცემდნენ, ხორცის ნაგლეჯები ირგვლივ ცვიოდა, მაგრამ მტარვალი ვერ დაცხრა. მან სხვა ჯალათები იხმო. ზოგი სანთლით უწვავდა სხეულს, ზოგი ჭრილობებზე მარილს აყრიდა. მიწა წამებულის სისხლით იყო მორწყული. რაც უფრო დიდი იყო ტანჯვა-წამება, მით უფრო უძლიერდებოდა ღმერთისადმი სიყვარული და მოთმინება. ტანჯვისას გაეღიმა და თავადმა ჰკითხა:

- რატომ გეცინება?

- დავინახე, ქრისტესგან რამხელა წყალობა მელოდება და სიხარულით გამეღიმა, - უპასუხა კარპემ, რომელმაც ზეცაში ტახტზე დაბრძანებული უფალი და მის გარშემო ქერუბიმები და სერაბიმები იხილა.

ასე გაამხნევა ღმერთმა თავისი მონა წამების დროს. კარპემ დაივიწყა აუტანელი ტკივილები და საშინელი ტანჯვა. მას მანამდე აწამებდნენ, სანამ ჯალათები არ დაიღალნენ. დილეგში ჩაგდებული კვლავ ღმერთს ადიდებდა.

შემდეგ მსაჯულმა პაპილა იხმო და ჰკითხა, თითქოს პირველად ხედავდა:

- წარმოშობით საიდან ხარ და რას საქმიანობ?

- შენ ყველაფერი იცი ჩემ შესახებ, - უპასუხა წმინდანმა, - ის, რომ დავიბადე ქალაქ პერგამონში, წარჩინებულ ოჯახში და რომ უფლისგან მონიჭებული მაქვს ძალა, ადამიანი განვკურნო როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი დაავადებებისგან.

მაშინ მსაჯულმა უთხრა:

- მკურნალობის ხელოვნებას ვერ ისწავლიდი გალენოსისა და ჰიპოკრატეს ნაშრომების გარეშე.

პაპილამ უპასუხა:

- გალენოსს, ჰიპოკრატესა და მათ მოწაფეებს ავადმყოფის მორჩენა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ჩემი ქრისტე წყალობას გაიღებს და ინებებს ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ყოველგვარი მცდელობა, ცოდნა და გამოცდილება უსაფუძვლო იქნება. ის კერპები კი, რომლებსაც შენ ღმერთებს უწოდებ, როგორ იზრუნებენ ვინმეს ჯანმრთელობაზე, თუ საკუთარ თავს ვერ შველიან. თუ ჭეშმარიტება გინდა შეიტყო, გამოცადე საქმეში. აი, შენ გვერდით ცალი თვალით ბრმა ზის. შენს ღმერთებს სთხოვე, რომ მხედველობა აღუდგინონ. თუ ეს შეძლეს, აღარაფერს ვიტყვი.

- არის ვინმე, ვინც მის განკურნებას შეძლებს? - ჰკითხა ვალერიანემ.

- ვინც ქრისტეს უხმობს საშველად, ყველანაირი დაავადების განკურნება შეუძლია, - უპასუხა წმინდანმა.

- მაშინ გვიჩვენე ის, რასაც ამბობ. თუ შეგიძლია, ჩვენ თვალწინ დაუბრუნე მხედველობა.

- არ მინდა, ახლავე გავაკეთო ეს, - თქვა წმინდანმა, - რათა ეს სასწაული შენს ეშმაკებს არ მიაწერო. ჯერ შენმა მკურნალებმა შესთხოვონ დახმარება თავიანთ ღმერთებს, შემდეგ მე გიჩვენებთ ჩემი ქრისტეს ძლევამოსილებას.

ვალერიანემ თავის ქურუმებს უხმო და უბრძანა, რომ ღმერთებისთვის ეთხოვათ, ბრმა მრჩევლისთვის თვალისჩინი აღედგინათ. თითოეულმა თავის ღმერთს უხმო: ერთმა აპოლონს, მეორემ - ასკლეპიოსს, მესამემ ზევსს, სხვამაც - ჰერმესს. მეტად სასაცილო სანახაობა იყო: მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ევედრებოდნენ დახმარებას, მაგრამ სულიერად დაბრმავებულებმა ვერ შეძლეს თვალისჩინის აღდგენა.

მაშინ ქრისტეს მსახურმა ზეცისკენ ხელები აღაპყრო და გულმოწყალე ღმერთს უხმო. შემდეგ მრჩევლის დაზიანებულ თვალს შეეხო, ჯვარი გამოსახა და ავადმყოფი მაშინვე განიკურნა. რაც მთავარია, მისი გული ღვთიურმა სხივმა გაანათა, თითქოს ღრმა ძილისგან გამოფხიზლდა, კერპების ამაოებაში დარწმუნდა და ჭეშმარიტი ღმერთის, იესო ქრისტეს ძლევამოსილება დაინახა და აღიარა მისი სჯული. მასთან ერთად სხვა ადამიანებმაც, ვინც ეს სასწაული იხილეს, სიმართლის შემეცნება დაიწყეს და ამბობდნენ: "მართლაც დიდია ქრისტეს ძალა და ის არის ჭეშმარიტი ღმერთი".

ურჯულო ვალერიანეს მაინც არ სურდა მისი აღიარება და კიდევ უფრო განრისხდა. ბრძანა, ხეზე მიებათ და დაუნდობლად ეცემათ.

დასჯის დროს პაპილა იმას კი არ წუხდა, რომ სცემდნენ, არამედ დარდობდა, უფრო სასტიკად რატომ არ მაწამებენო. ვალერიანე, იმის დანახვაზე, როგორ უძლებდა ტანჯვას წმინდანი, უფრო და უფრო ივსებოდა რისხვით. ის ცეცხლით წვავდა და თან ბრძანებდა, მისთვის ქვები ესროლათ. წმინდანი მაინც მოთმინებით იტანდა წამებას. ვალერიანე გადაიღალა და აღარ იცოდა, როგორ დაემძიმებინა წმინდანისთვის ტანჯვა. გადაწყვიტა, ცოტა დაეცადა. ეგონა, წმინდანს ტკივილები გაუძლიერდებოდა და ამით გამძაფრდებოდა მისი წამება და დასუსტებული ვეღარ გაუძლებდა განსაცდელს. წმინდანები, რომლებსაც მკურნალად ქრისტე ევლინებოდათ, იკურნებოდნენ, ჭრილობები და წყლულები უხორცდებოდათ, ნაკაწრიც აღარ ემჩნეოდათ, რაც მეტისმეტად აბრაზებდა მტარვალს.

ცოტა ხანში მსაჯულმა კვლავ იხმო წმინდანები, რომლებიც ისეთი ნათელი სახითა და მხიარული გამომეტყველებით გამოცხადდნენ, თითქოს წვეულებაზე იყვნენ მისულნი. მტარვალს სურდა, თავისი სისასტიკით შეეშინებინა ისინი, მაგრამ მათ უთხრეს:

- ან თავს რატომ იწვალებ, ან ჩვენ რატომ გვტანჯავ ამდენი წაყვანა-მოყვანით და არ გამოგვიცხადებ საბოლოო განაჩენს? ნუთუ მართლა იმედი გაქვს, რომ ქრისტეს სჯულზე უარს ვიტყვით? დავიხოცებით და შენს უღმერთო შემოთავაზებას არ მივიღებთ.

მსაჯულის ბრძანებით, მიწაზე რკინის ლურსმნები დაყარეს, მასზე პირქვე დააწვინეს შიშველი წმინდანები და სასტიკი ცემა დაუწყეს. ამ დროსაც არ მიატოვა უფალმა თავისი მონები. უეცრად რკინის ლურსმნები სადღაც გაქრა და წმინდანები კვლავ უვნებლად გადარჩნენ. ამან კიდევ უფრო გაამხეცა მსაჯული და დანით დაასერინა მოწამეები. ღვთის შეწევნით, ამასაც მოთმინებით გაუძლეს.

ამის შემდეგ სანახაობა მოაწყო: მოწამეებთან ძუ დათვი შეუშვეს. ყველას ეგონა, ნადირი მაშინვე ნაფლეთებად აქცევდა მათ, მაგრამ დათვი ფეხებთან დაუწვა წმინდანებს და ეალერსებოდა. შემდეგ ლომი გამოუშვეს, რომელიც კიდევ უფრო გასაოცრად მოიქცა, ადამიანის ხმით ალაპარაკდა და მწვალებლები ამხილა. მათ ყურებზე ხელები აიფარეს და ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნობით ხდებოდა. მსაჯულმა ბრძანა, წამებულები კირით სავსე თხრილში ჩაეყარათ. უფალმა არც ამჯერად მიატოვა წმინდანები, რომლებიც სამი დღის შემდეგ სრულიად უვნებლები ამოვიდნენ ორმოდან.

რაც უფრო რწმუნდებოდა ვალერიანე, რომ წმინდანებს ვერ დაამარცხებდა, მით მეტად ივსებოდა რისხვით. მოწამეთ ლურსმნებით სავსე რკინის ჩექმები ჩააცვა და აიძულა, ერბინათ. ამითაც ვერ დააჩოქა ქრისტეს მხედრები. შემდეგ გახურებულ ღუმელში ჩააყრევინა. მათთან ერთად ცეცხლში პაპილას და, ნეტარი აღათონიკაც შევიდა, რომელმაც გადაწყვიტა, ქრისტესთვის გაეწირა თავი. ცეცხლის ალმა კი არ დაწვა ისინი, პირიქით, მაცხოვრის ძალით, ძლიერ გაწვიმდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ღუმლიდან უვნებლად გამოსული წმინდანები კვლავ დილეგში ჩაყარეს. მსაჯულმა აღარ იცოდა, კიდევ რა გაეკეთებინა წმინდანების დასამარცხებლად და საბოლოო განაჩენი გამოაცხადა - თავები მოჰკვეთეთო. წმინდანებმა, აღათონიკესთან ერთად, სასიკვდილოდ რომ მიემართებოდნენ, სიხარულით აღაპყრეს თვალები ზეცისკენ და ლოცვა დაიწყეს. ისინი სიკვდილით დასაჯეს და ასე დასრულდა მათი წამება. მოწამეთა წმინდა სხეულები იქვე დაყარეს. მორწმუნეებმა ისინი საიდუმლოდ მიაბარეს მიწას.

ბეჭდვა
1კ1