წმინდა მოწამენი: პრობოსი, ტარაქოსი და ანდრონიკე (+304) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი: პრობოსი, ტარაქოსი და ანდრონიკე (+304) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი ცხოვრობდნენ დაახლოებით 304 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობისას. წმინდა ტარაქოსი წარმოშობით ისავრიის კლავდიოპოლოსიდან იყო, რომის მოქალაქე გახლდათ და ხანდაზმულობამდე არმიაში მსახურობდა. წმინდა პრობოსი პამფილიის ქალაქ პრობოსში დაიბადა. ხოლო ანდრონიკე ეფესიოელი წარჩინებულის შვილი გახლდათ. როცა მათი ქრისტიანობა შეიტყვეს, ისინი პომპეიში დაიჭირეს და განსასჯელად კილიკიის მმართველ მაქსიმეს გადასცეს. ამის შემდეგ წმინდანები ტარში გაუშვეს, იქიდან მოფსუეტში და ბოლოს მეორე კილიკიის მთავარ ქალაქში, ანაზავრში გააგზავნეს. ტარაქოსი არ შეუშინდა მმართველის მუქარას და კერპებს მსხვერპლი არ შესწირა, რისთვისაც არ მოერიდნენ მის ხანდაზმულ ასაკს და ქვებით უმოწყალოდ ყბა ჩაუმსხვრიეს. როცა პრობოსის რიგი მოვიდა, მმართველმა მაგისტროსი მოიწვია და, უაზრო დაკითხვისთვის დრო რომ არ დაეკარგათ, ბრძანა, - ახლავე სასტიკად აწამეთო. წმინდა პრობოსი ხარის ძარღვების მათრახით სასტიკად სცემეს. მსაჯული ეუბნებოდა, თავი შეიბრალეო, რაზეც წმინდა პრობოსმა უპასუხა: "ჩემთვის ეს სისხლი კეთილსურნელოვანია, რომლითაც ვიცხე ახალი ბრძოლისთვისო". ანდრონიკე მოწამეებს შორის ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ მანაც მხნედ განაცხადა, მზად ვარ წამებისთვის, რომ საუკუნო სიცოცხლე მოვიპოვოო. წმინდა ანდრონიკე ჩამოჰკიდეს და ხელები ბასრი ხმლის პირით დაუსერეს. შემდეგ გვერდი მოუწვეს და ჭრილობაზე მარილი დააყარეს.

რამდენიმე დღის შემდეგ წმინდანები კვლავ წარადგინეს მმართველის წინაშე. წმინდანებმა კვლავ უარი განუცხადეს კერპების თაყვანისცემაზე. მაშინ წმინდა ტარაქოსს თავზე გავარვარებული ნაკვერჩხლები დააწყეს, რომელიც სქელ კვამლს უშვებდა, ამის მერე ჯალათებმა მას ნესტოებში ძმრის, მარილის და მდოგვის ნაზავი ჩაასხეს და ბოლოს საპყრობილეში ჩააგდეს. ხოლო რადგანაც წმინდა პრობოსი წარმართულ ღმერთებს და მათ თაყვანისმცემლებს დასცინოდა, ფეხებზე გავარვარებული ბორკილები დაადეს. თმა გადაპარსეს და თავზე ცხელი ნაკვერჩხლები დააწყეს, შემდეგ კი ენა მოაჭრეს. წმინდა ანდრონიკეც სასტიკად აწამეს, მას აიძულებდნენ ნაკერპავი ხორცის ჭამას და ღვინის შესმას. მაგრამ წმინდა ანდრონიკე დასცინოდა მაგისტროსის სისულელეს, რომელიც გაიძახოდა, გაჯობეო და პასუხობდა, რომ ქრისტიანისთვის ნებაყოფლობით რწმენის ღალატი არის სირცხვილი და დამარცხებაო.

მეორე დღეს ბოლო დაკითხვის შემდეგ მაქსიმემ საშინელი სანახაობა მოაწყო გლადიატორების და მხეცების თანხლებით, რომლის ყველაზე "საინტერესო" ნაწილი ქრისტიანების დასჯა უნდა ყოფილიყო. გადატანილი ტანჯვის შემდეგ რადგანაც წმინდანებს დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლოთ, მიიყვანეს და არენაზე დაუყარეს გარეულ მხეცებს, რომელთა მსხვერპლი იმ დღეს მრავალი გამხდარიყო. მოულოდნელად, მრისხანე დათვმა მშვიდად აულოკა ანდრონიკეს იარები, თითქოს ამით ანუგეშებსო, ხოლო ძუ ლომმა ტარაქოსს თამაში დაუწყო. ამან ბრბო აღაფრთოვანა, რამაც მმართველი მაქსიმე განარისხა და გლადიატორებს უბრძანა ასო-ასო აექნათ მოწამეები.

შუაღამისას ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა წმინდანთა ნაწილები მღვიმეში დაკრძალეს. IV საუკუნის II ნახევარში მოფსუეტის ეპისკოპოსმა ავქსენტი II-მ ამავე ქალაქში ამ სამი წმინდა მოწამის სახელზე ტაძარი ააშენა, რომელთაც კილიკიის მფარველებად მიიჩნევდნენ და მათი წმინდა ნაწილები ეკლესიაში დაასვენა.

ბეჭდვა
1კ1