ღირსი თეოფილე აღმსარებელი (VIII) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
ღირსი თეოფილე აღმსარებელი (VIII) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა.

ნეტარმა 13 წლისამ ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა, სადაც სამი წლის შემდეგ შემონაზვნდა.

როცა წმინდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს სთხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად.

იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელმაც აუწყა, თეოფილე სავანიდან გაეშვა, რამეთუ, ღვთის ნებით, ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.

ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741 წლები) გაიმპერატორების შემდგომ, წმინდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში, შემდეგ კი წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცეს.

ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმინდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ იპატიც მოაქცია.

იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის გათავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცოცხლია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

* * *
ხსენება წმინდისა გრიგოლისა, ნიკეელი მიტროპოლიტისა, წმინდა ხატთა დამცველისა

ბეჭდვა
1კ1