წმინდა მოწამე თეოტეკნე (III-IV) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
წმინდა მოწამე თეოტეკნე (III-IV) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
უსჯულო მაქსიმიანემ ანტიოქიაში ყოფნისას წარმართულ "ღმერთთა" პატივად დიდი დღესასწაული მოაწყო და ბრძანა, - ღვთაებებს პირველი მსხვერპლი მეომრებმა შესწირონო!

მეომრებს შორის კი საიმდროოდ მრავლად იყვნენ ქრისტიანები, რომელთაც იქვე დაჰყარეს საჭურველი და ამ ყოველივეს ქრისტესთვის სიკვდილი არჩიეს.

მათ შორის გახლდათ მთელ ანტიოქიაში სიქველით განთქმული კაცი, სახელად - თეოტეკნე, რომელსაც იმპერატორმა მიმართა:

- თეოტეკნე, რად არ მიაგებ აპოლონს და დიონისეს პატივს? მე მსურდა, მათ დიდ ქურუმად დამედგინე!

- მე ოდენ ქრისტეს ვესავ და საკუთარ თავს მას ვწირავ მსხვერპლად! - იყო პასუხი.

მაშინ მაქსიმიანემ ქალივით შემოსა და აიძულა, სამი დღე დედაკაცთა შორის ეცეკვა.

შემდეგ კვლავ უხმო და უბრძანა, - გონს მოდი და ღმერთებს პატივი მიაგე, თორემ საშინელი სიკვდილით მოგკლავ! მაგრამ ნეტარს სიტყვაც აღარ დაუძრავს.

მოთმინებადაკარგულმა თეოტეკნე ხეზე მიაბმევინა ფეხქვეშ გავარვარებული რკინა დაუდო და რკინის კაუჭებით დააგლიჯა ძარღვები.

რა იხილა მისი სიმტკიცე, მტავრალმა ახალი სატანჯველი მოიფიქრა და ნეტარს ახლა ადუღებულ ფისში უკრა თავი, მაგრამ, ღვთის ძალით, ცეცხლი ჩაქრა, ფისი - მყის გაცივდა და ნეტარი უვნებელი დარჩა.

ამ სასწაულის მხილველი მაქსიმიანე შეშინდა და თეოტეკნე საპყრობილეში შთააგდებინა, ერთ ასისთავს, სახელად ზაგნატს ჩააბარა, რომ ეტანჯა.

საპყრობილეში ნეტარი ერთ ქრისტიან ქალწულს, ალექსანდრას შეხვდა. ზაგნატმა ორივეს სამი დღე მისცა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავთ, საზარელი ტანჯვით მოგკლავთო, მაგრამ როდესაც ვერაფერს გახდა, ორ მეომარს ალექსანდრას გაუპატიურება უბრძანა.

თეოტეკნე ჯალათებზე ადრე მივიდა ქალწულთან, სამოსი გაუცვალა და გაქცევა უბრძანა, რომ მისი სიწმინდე უსჯულოთ არ წაებილწათ.

საკანში შესულ ჯალათებს ქალწულის ნაცვლად მის სამოსში გამოწყობილი თეოტეკნე დახვდათ, რომელიც მაშინვე ზაგნატს წარუდგინეს.

ამ უკანასკნელმა მარტვილს ჯერ ენა ამოჰგლიჯა, შემდეგ უმოწყალოდ გვემა, ბოლოს კი კისერზე მძიმე ლოდი გამოაბა და მდინარეს მისცა.

მისი წმინდა ნაწილი ქრისტიანებმა კილიკიაში, ქალაქ როსას სიახლოვეს იპოვეს და პატივით დაფლეს.

ბეჭდვა
1კ1