წმინდა მოწამენი: ევლამპი და დაი მისი ევლამპია, ნიკომიდიელნი (+303-311) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
წმინდა მოწამენი: ევლამპი და დაი მისი ევლამპია, ნიკომიდიელნი (+303-311) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
წმინდა ევლამპი და დაჲ მისი, ევლამპია, ნიკომიდიაში, დაახლოებით 303 წელს, დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდნენ, დევნას ქალაქის მახლობლად მდებარე მთებში გაექცნენ და სხვა ქრისტიანებთან ერთად ცხოვრობდნენ.

ერთხელ ამხანაგებმა პურის საყიდლად ქალაქს გაგზავნეს. ევლამპმა ერთ-ერთი შენობის კედელზე იმპერატორის ბრძანება შენიშნა ქრისტიანთა დევნის შესახებ და ის იყო, მისი კითხვა იწყო, წარმართებმა შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს.

დაკითხვისას ნეტარმა უშიშრად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, ბოლოს კი თავი ისე მოაჩვენა, თითქოს, გაწარმართებაზე დაყაბულდა. გახარებულმა წარმართებმა მაშინვე ხელი სტაცეს და თავიანთ სამსხვერპლოსკენ გააქანეს.

როგორც კი არესის გამოსახულებას მიუახლოვდა, ევლამპი, თითქოსდა, მისთვის მსხვერპლის შეწირვას აპირებსო, უბრძანა, მიწაზე დაცემულიყო, უსულო კერპი მყისვე ჩამოიქცა და ნამსხვრევებად იქცა.

გაცოფებული წარმართნი მაშინვე ეცნენ ნეტარს და შეიპყრეს.

სანამ ევლამპს აწამებდნენ, მისმა დამ, ევლამპიამ, ძმას სთხოვა, ელოცა, რომ მასთან ერთად მიეღო მოწამეობა.

მეომრებმა ჯერ სახეში ურტყეს ევლამპიას, შემდეგ კი მდუღარეწყლიან ქვაბში დაუპირეს შთაგდება, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წყალი მყის გაგრილდა.

მაშინ ტირანმა ევლამპის თვალნი დასთხარა, ევლამპია კი თმით ჩამოჰკიდა, შემდეგ უზარმაზარი კოცონი გააჩაღა და ნეტართ გავარვარებულ ღუმელში უკრა თავი, თუმცა, უფალმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეულნი.

ბოლოს - თავების მოკვეთა განუჩინა, მათი მარტვილობის მოწმე მრავალმა წარმართმა კი ირწმუნა ქრისტე და მოწამებრივად აღესრულა.

ტროპარი:

მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგუინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩჳნისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:

მხნეთა მოწამეთა და ხორციელად და-ძმათა, ბრძენთა ევლამპის და ევლამპიას პატივს-ვცემდეთ, რამეთუ მათ უსჯულოთა მანქანებასა არცხჳნეს ძალითა ჯუარცუმულისაითა, ამისთჳს გამოჩნდეს მოწამეთა დიდებად და ერთა სიქადულად.

* * *
ხსენება წმინდისა ინოკენტისა, პენზის ეპისკოპოსისა (XVIII)

* * *
ხსენება წმინდისა ამფილოქესი, ვლადიმირ-ვოლინის ეპისკოპოსისა (+1122)

* * *
ხსენება წმინდა ანდრია სალოსისა, ტოტემელისა (+1693)

ბეჭდვა
1კ1