წმინდა მოწამენი: ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე, მხედარნი (+361-363) - 09 (22) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი: ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე, მხედარნი (+361-363) - 09 (22) ოქტომბერი
ეს მარტვილნი რომის არმიაში იულიანე განდგომილის (360-363 წლები) ჟამს მსახურობდნენ.

იმპერატორი, რომელსაც ქვეშევრდომთა კვლავ გაწარმართება განეზრახა, თავიდან ფრთხილად მოქმედებდა და ქრისტიანთ ღიად არ დევნიდა, თუმცა, ქრისტიან ხელოსნებს თავიანთი ხელობით სარჩოს მორეწა აუკრძალა, თან ბრძანა, გასაყიდად გამოტანილი პროდუქტებისათვის ნაკერპავი სისხლი ეპკურათ..

ერთ-ერთ დღესასწაულზე ქრისტიანებმა - იუვენტინემ და მაქსიმე მხედრებმა ამის გამო იმპერატორის გაკრიტიკება და მისი ნამდვილი განაზრახის, - ქრისტიანთა განადგურების მხილება გაბედეს, რის გამოც მისი რისხვა დაიმსახურეს, - უსჯულომ ჯერ ქონება და ჯილდოები წაართვა მეომრებს, შემდეგ - საპყრობილეს უკრა თავი.

მათმა სიმამაცემ მრავალი ქრისტიანი განამხნევა, მათთან რჩევისათვის მრავალი მიდიოდა და მალე ციხე ტაძარს დაემსგავსა.

იმპერატორმა მრავალგზის სცადა მათი გადარჯულება, მაგრამ რა დარწმუნდა, ვერას გახდებოდა, ერთ ღამით საკნიდან ორივე ფარულად გამოაყვანინა და თავები წარკვეთა.

იუვენტინესა და მაქსიმეს წმინდა ნაწილნი მალევე პოვეს ქრისტიანებმა, რომელთაც პატივით მიაბარეს მიწას.

ეკლესია მათ 5 სექტემბერსაც იხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1