მოწამე პოპლია აღმსარებელი, ანტიოქიელი დედათდიაკონისა (+361-363) - 09 (22) ოქტომბერი
მოწამე პოპლია აღმსარებელი, ანტიოქიელი დედათდიაკონისა (+361-363) - 09 (22) ოქტომბერი
წმინდა პოპლია (ან პუბლია) ანტიოქიაში IV საუკუნის II ნახევარში, იმპერატორ იულიანე განდგომილის ჟამს ცხოვრობდა, გათხოვილი გახლდათ და ვაჟი, იოანე ჰყავდა, რომელიც ღმერთს უძღვნა.

იოანე შემდგომ მღვდლად ეკურთხა და, სიმდაბლის გამო, სამგზის თქვა უარი ანტიოქიის ეპისკოპოსობაზე.

როდესაც იოანემ სრულ ასაკს მიაღწია, პოპლიამ ბრწყინვალე განათლება მისცა, შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა და იმ მრავალრიცხოვან ქრისტიანთ შეერთო, მთელ დროს ღვთის დიდებასა და გალობაში რომ განლევდნენ, ღვთისმგმობი იმპერატორი კი ყოველ ღონეს ხმარობდა, "ურჩნი" კვლავ გაეწარმართებინა.

ერთხელ იმ ადგილას გაიარა, სადაც პოპლია მოღვაწეობდა და ქალწულთა გალობა მოესმა: კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი; პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ" (ფს. 113, 12.16).

- ახლავე ხმა ჩააწყვეტინეთ! - ღრიალებდა გაცეცხლებული იულიანე, წმინდა დედა კი ქალწულთ განამტკიცებდა და უფრო ხმამაღლა გალობდა.

იულიანეს მოთმინების ძაფი გაუწყდა და პოპლიას შეპყრობა ბრძანა. ნეტარს სახეში იმდენ ხანს ურტყეს, სანამ მიწა მისი სისხლით არ მოირწყა, თუმცა, რამდენადაც სპარსეთს ისწრაფვოდა საომრად, "ურჩის" მოკვდინება ვერ მოასწრო, იქიდან კი უკან აღარ დაბრუნებულა, - ბრძოლის ველზე დაეცა.

ნეტარმა დედამ კი გარკვეული ხნის შემდგომ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1