მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი ეპისკოპოსი, დამასკელი (III-IV) -04 (17) ოქტომბერი
მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი ეპისკოპოსი, დამასკელი (III-IV) -04 (17) ოქტომბერი
ეს ღირსსაკვირველი მამა VII-VIII საუკუნეთა მიჯნაზე იღვწოდა და წარმოშობით ქალაქ კაპეტოლიიდან გახლდათ (დღევანდელი ბეით რასი, დამასკოდან - 100 კილომეტრში).

თავისი სიბრძნით და გონიერებით ყველას განაცვიფრებდა, სამი ვაჟის პატრონი გახლდათ, მაგრამ რამდენადაც ღვთის სიყვარული ოჯახისადმი სიყვარულს აღემატებოდა, მეუღლეს გაეყარა და ბერად აღიკვეცა.

გარკვეული ხნის შემდგომ ბოსტრის ეპისკოპოსმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მღვდლად დაასხა ხელი.

სამოცი წლისა მძიმედ დაავადდა, თუმცა, ამაზე მეტად ის აწუხებდა, რომ ქრისტესთვის მოწამეობის ღირსი ვერ გახდა.

მაშინ წარჩინებულ მუსლიმანთ უხმო, მათ წინაშე ქრისტე გულმხურვალედ განადიდა და ისლამი ამხილა.

მოკლე ხანში პეტრე მოულოდნელად გამოჯანმრთელდა და იმგვარად აღიტრფო წარუვალი დიდებით, უწინდელზე მხურვალედ იწყო ხალხმრავალ ადგილებში ქადაგება და ისლამის მხილება, რაც მალე მისწვდა ხალიფა ვალიდის ძეს, ომარის ყურს.

დაკითხვაზეც უშიშრად გაიმეორა, რასაც სხვაგან ქადაგებდა, რის შემდეგაც საპყრობილეს უკრეს თავი.

სწორედ ამ დროს ხალიფა შეუძლოდ შეიქნა და შვილებს დამასკოს უხმო. ომარმა შემთხვევით ისარგებლა და მამას პეტრეს შესახებ ყოველი მოახსენა, რის შემდეგაც ვალიდმა მაშინვე ბრძანა ბრალდებულის მიყვანა.

კაპეტოლიელმა ქრისტიანებმა, შიშობდნენ რა, რომ მოძღვარს ვეღარასოდეს იხილავდნენ, ნეტარი მამა ხალიფას სამყოფელამდე მიაცილეს, ხალიფამ კი განუცხადა, - შეგიძლია, იესოს ღმერთი უწოდო, მაგრამ მუჰამედის სიცრუის მამად წოდების უფლება არ გაქვსო!

პეტრემ კი იმგვარი პასუხი გასცა, ხალიფამ დაკითხვის გაგრძელება აღარ ისურვა და ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

715 წლის 10 იანვარს მშობლიურ ქალაქში დააბრუნეს და სახალხოდ გამოიყვანეს. მაყურებელთა შორის იყვნენ მისი ქალ-ვაჟი, რომელთაც ამ სანახაობისთვის სენაკები დაატოვებინეს, ბავშვობიდან რომ იზრდებოდნენ.

ჯალათმა ნეტარს ჯერ ენა ამოგლიჯა, მეორე დღეს - ტერფი და ხელის მტევანი, კვირა დღეს კი - მეორე ტერფი და ხელის მტევანი, თვალები დასთხარა და იმ მონასტრის სიახლოვეს აცვა ჯვარს, სადაც მისი ქალიშვილები იზრდებოდნენ, ბოლოს კი - სამგზის მახვილით განგმირულმა სული უფალს შეჰვედრა.

მეომრები 5 დღის მანძილზე იცავდნენ მის სხეულს, შემდეგ დაწვეს და ნარჩენები მდინარეს მისცეს.

ბეჭდვა
1კ1