წმინდა მღვდელმოწამე ლეოდეგარი, ოტენელი ეპისკოპოსი (VII) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა მღვდელმოწამე ლეოდეგარი, ოტენელი ეპისკოპოსი (VII) - 02 (15) ოქტომბერი
ღვთის ეს რჩეული VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარჩინებული და ძლევამოსილი ბურგუნდიული გვარის შთამომავალი გახლდათ.

ლეოდეგარი ბავშვობიდან წარგზავნეს მეფე ხლოტარ მეორის (584-629 წლები) კარზე, სადაც რჩეული მომავალი მაღალი მსახურებისათვის განისწავლა.

ბიძასთან, - პუატიეს ეპისკოპოს დიდონთან ერთ-ერთი სტუმრობისას ყმაწვილმა ღვთის მოწოდება იგრძნო, მიწიერ სიკეთეებს დაეხსნა და ღვთის სამსახურად დიაკვნად ეკურთხა.

წმინდა ეპისკოპოსმა ყმაწვილის სულში უხვად განაბნია თესლი კეთილი.

ლეოდეგარი დიდად ზრუნავდა ეპარქიაზე, უპოვართ შეეწეოდა და საეპისკოპოსო სკოლასაც ხელმძღვანელობდა, ამასთან, ბიძამისის ნაცვლად ხშირად ქადაგებდა ხოლმე და მალე ისე გაითქვა სახელი, მისი მადლმოსილი სიტყვის მოსას¬მენად უამრავი ხალხი მიდიოდა.

მღვდლად ხელდასხმის შემდგომ ლეოდეგარი სენ-მექსენის მცირე, ღარიბ და ნაკლებად ცნობილ მონასტერში განმარტოვდა, მალე კი მის წინამძღვრად იკურთხა და სავანეს 6 წლის მანძილზე თავკაცობდა.

663 წლისთვის დედოფალმა, რომელმაც ბურგუნდიისა და ნეისტრიის გაერთიანებული სამეფოს მართვა იდო თავს, ამ საქმეში ნეტარი მამის მონაწილეობაც ისურვა და სთხოვა, განმარტოებული ცხოვრება დაეტევებინა და ბურგუნდიაში მდებარე კათედრას ჩასდგომოდა სათავეში.

ფაქტობრივად, დაშლილი ეპარქიის აღსადგენად წმინდა მამამ გაეპისკოპოსებისთანავე მოიწვია საეკლესიო კრება, წესრიგი აღადგინა, ერეტიკოსთაგან განწმინდა და მონასტრებს წმინდა ბენედიქტეს წესდებით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

შემდეგ წმინდა ნაზარის სახელობის ტაძარი აღადგინა, სადაც ოტენის ზეციური მფარველის, წმინდა სიმფორიანეს (ხსენება 22 აგვისტოს) წმინდა ნაწილნი გადააბრძანა.

უპოვართათვის რამდენიმე თავშესაფარი დააფუძნა, ქალაქის საკათედრო თუ სხვა ტაძრებს თავად დაუდგინა წინამძღვარნი და თავადვე იზრუნა მათ მომზადებაზე, მისივე წყალობით მოწესრიგდა ქალაქის სიმაგრენი თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

ნეტარის სიტყვას უდიდესი გავლენა ჰქონდა დედოფალ ბატილდაზე, რამაც კეთილისმყოფელად იმოქმედა სახელმწიფოზე.

თუმცა, ნეისტრიის ფრიად პატივმოყვარე მმართველმა, ებრიონმა, რომელსაც ნეისტიასა და ბურგუნდიაზე ცდილობდა გავლენის მოპოვებას, ჯერ დედოფალს ჩამოაცილა ერთგული მრჩეველნი და ეპისკოპოსნი, შემდეგ პარიზის მღვდელმთავარი, - სიგებრანდი (+664 წელი) მოაკვლევინა, ბოლოს კი დედოფალი ბატილდაც კი აიძულა, ტახტზე უარი ეთქვა და თავი მონასტრისთვის შეეფარებინა.

ამრიგად, ერთადერთი, რომელიც მის განუყოფელ ძალაუფლებას ეწინააღმდეგებოდა, სწორედ ნეტარი ლეოდეგარი გახლდათ.

მაშინ ებრიონმა ამ ორი სამეფოს ტახტის თეოდორიქე მესამისთვის (673 წელი) ისურვა გადაცემა, რასაც ბურგუნდიელთა ჯანყი მოჰყვა და რომ არა წმინდა ლეოდეგარი, გააფთრებული მოჯანყენი ებრიონს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ეს უკანასკნელი იძულებული შეიქნა, თავის დიდ ამბიციებზე უარი ეთქვა და ლუქსეის სავანეში აღკვეცილიყო.

გარკვეული ხნის შემდგომ, ახალნაკურთხმა ხელმწიფემ, ხილდერიკმა სამი ფრანკული სამეფოს გასაერთიანებლად წმინდა ლეოდეგარსაც მოუწოდა და მიიღო კიდეც შეწევნა, თუმცა, როდესაც თავის ნათესავზე იქორწინა, ნეტარმა დაურიდებლად ამხილა და კვლავ ოტენს მიაშურა.

თუმცა, ღირსი მამის მტრები მისი სასახლიდან წასვლით არ დაკმაყოფილდნენ, მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი და ხილდერიკი მისდამი იმგვარი სიძულვილით აღანთეს, რომ აღდგომა დღეს, რისხვით გონდაბინდულმა მეფემ მისი ტაძარში მოკვდინება ინდომა.

სწორედ იმ დროს ნეტარი მამა ახალმოქცეულს ნათლავდა, ტაძარში ღრიალით შემოვარდნილი და მის მოსაკლავად ხმა¬ლაღმართული ხელმწიფის ჩარევით, ხილდერიკს თვალისჩინი წაერთვა, იქაურობა შიშით თავზარდაცემულმა დატოვა და ეპისკოპოსის სამყოფელს შეაფარა თავი.

ნათლობის დასრულების შემდგომ ლეოდეგარმა, რომელმაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით დაარწმუნა ხელმწიფე საკუთარ სიმართლეში, იძულებული შეიქნა, იქაურობას გასცლოდა, რომ მეფისთვის მძიმე ცოდვა აერიდებინა და თავი ლუქსეისთვის შეეფარებინა.

ის კვლავ შეხვდა ებრიონს, რომელსაც მასზე შურისძიების საშუალება მიეცა.

გავიდა რამდენიმე თვე და კვლავ გულბოღმიანმა ხილდერიკმა წმინდა მამის სავანიდან გამოყვანა და მოკვდინება ბრძანა, თუმცა, ლეოდეგარის დიდებული და არაამქვეყნიური სახიერებით გაოცებულმა მეფის შიკრიკებმა მასზე ხელის აღმართვა ვერ გაბედეს.

675 წელს ხილდერიკი მოკლეს და ნეტარი მამა კვლავ ოტენს დაბრუნდა. იქაურები დიდი სიხარულით შეეგებნენ თავიანთ ღვაწლმრავალ, მოსიყვარულე მამას.

სწორედ ამ დროს ებრიონი, ძველი ბოღმა რომ არ ასვენებდა და წმინდა მამის მოკვლის სურვილი ღრღნიდა, ლუქსეიდან გაიქცა და კვლავ შეეკრა ძველ გავლენადაბრუნებულ თანამოაზრეებს.

მოკლე ხანში ლეოდეგარმა მეფე თეოდორიქეს გათავისუფლება ისურვა, რომ ორი სახელმწიფოს მმართველობისთვის ეკურთხებინა, მაგრამ როგორც კი სასახლე დატოვა, ებრიონმა კვლავ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ცხრა ეპისკოპოსი, მრავალი მღვდელი და მონაზონი სიკვდილს მისცა და მის ძალაუფლებისადმი განუსაზღვრელ ტრფიალს კვლავ წმინდა მამა აღუდგა წინ.

მაშინ კი გაუწყდა მოთმინების ძაფი ტირანს, ქალაქი ალყაში მოაქცია და წმინდა მღვდელმთავრის გადაცემა მოითხოვა.

იგრძნო რა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი, ლეოდეგარმა რაც ებადა, მოწყალებად გასცა, მარხვას მიეცა, მრევლს შენდობა გამოსთხოვა და 675 წლის 26 აგვისტოს მტერს ამ სიტყვებით ჩაბარდა:

- გმადლობ, უფალო, რომ შენს მონას ესოდენი დიდება არგუნე!

ხოლო როდესაც საწამებლად მთაზე აღიყვანეს, მის ბაგეს ლოცვა არ მოსწყვეტია, არც კვნესა დასცდენია, თვალები რომ დასთხარეს.

მარტვილმა მომდევნო ღამეც ლოცვასა და ღვთის დიდებაში განლია, შემდგომი ორი წელი კი - ტყვეობაში გაატარა, ებრიონის უსამართლო სასამართლომ კი მეფე ხილდერიკის მკვლელობაში დასდო ბრალი.

წმინდა მამა ჯერ წვეტიან ქვებზე ატარეს ფეხშიშველი, შემდეგ კი ებრიონის ბრძანებით ჯერ ბაგენი დააჭრეს, შემდეგ კი სახე დაუსერეს და ენა წარკვეთეს.

ტანსაცმელშემოძარცვულს დაატარებდნენ ქუჩა-ქუჩა ჯერ კიდევ ცოცხალს, მტვრითა და სისხლით შესვარულს, მაგრამ - საკვირველი ნათლით განბრწყინებულს, ხოლო როდესაც წმინდა სიმფორიანეს სახელობის მონასტრის წინამძღვარმა საპყრობილეში მიაკითხა, მარტვილი ისე გამართულად ესაუბრა, თითქოს არც ენა წარეკვეთათ და არც - ბაგენი.

გულმესისხლე და სულბნელმა ებრიონმა კი იმდენი ქნა, სანამ თავისას არ მიაღწია და 679 ან 680 წელს 4 მსახურს წმინდა მამა მოსაკლავად ტყეში წააყვანინა, მაგრამ განაჩენის აღსრულების ჟამს სამი მათგანი მარტვილის წინაშე მუხლებზე დაემხნენ და შენდობა სთხოვეს, მეოთხემ კი - მათ შორის ყველაზე სასტიკმა, თავი წარკვეთა.

მისი უსიცოცხლო სხეული მანამ იდგა ფეხზე, სანამ ჯალათმა ფეხით არ წააქცია, შემდეგ კი გონდაკარგულმა ცეცხლს მისცა თავი.

გავიდა ხანი და თავად ებრიონიც მოკლეს, მოკლე ხანში კი ლეოდეგარი წმინდანად შერაცხეს, მისი სხეული პუანტს გადააბრძანეს, სადაც მის პატივად ტაძარი ააგეს.

ბეჭდვა
1კ1