წმინდა მოწამეები: დადა, გავედაი და კაზდოია (IV) - 29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)
წმინდა მოწამეები: დადა, გავედაი და კაზდოია (IV) - 29 სექტემბერი (12 ოქტომბერი)
IV საუკუნეში სპარსეთს წარმართი მეფე შაპური მართავდა. მისი პირველი კარისკაცი სახელად დადა, ფარული ქრისტიანი იყო. მეფემ არაფერი იცოდა დადას ქრისტიანობის შესახებ და სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნა, მაგრამ როგორც კი შეიტყო ნეტარის აღმსარებლობა, ყოველგვარი პატივი აჰყარა და სასტიკი მტარვალის, ანდრომელიქის სამსჯავროზე წარადგინა. წმინდანს დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა კოცონს მიუახლოვდა, დადამ პირჯვარი გადაისახა და ცეცხლი ჩაქრა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფისწულმა გავედაიმ საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. მსაჯულმა ამის შესახებ მეფეს მოახსენა. შაპურმა არც ღვიძლი შვილი დაინდო, ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ იგი. ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა. წმინდანის საკვირველი კურნებების მოწმე მრავალი ტუსაღი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა და მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე.

გავედაის დამ, მეფის ასულმა კაზდოიამ საპყრობილეში ფარულად მოინახულა ძმა. იგი დაესწრო გავედაის მორიგ წამებასაც. ჯალათებმა ჯვარზე დაკიდეს მარტვილი და ისრები დააყარეს, მაგრამ ისინი წმინდანის სხეულიდან სხლტებოდა და თავად უღმრთოებს უბრუნდებოდა. მოწამემ დას მოჰკრა თვალი და შეაგონა, ერწმუნა განკაცებული მაცხოვარი. კაზდოიამაც ქრისტიანად აღიარა თავი. შაპურმა არც ქალიშვილი დაინდო და იმავე საკანში გამოამწყვდია, სადაც ვაჟი იტანჯებოდა. წარმართ მეფეს სურდა შვილების სამაგალითო დასჯით მოსახლეობაზე გავლენა მოეხდინა, შემდგომში არავის რომ აღარ მოსვლოდა აზრად ქრისტიანობაზე მოქცევა. გავედაი მეორე დღეს კვლავ გაიყვანეს საწამებლად. მტარვალმა ბრძანა, მახვილებით განეგმირათ მოწამე და მან რამდენიმე საათში ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღვთის სათნომყოფლის წმინდა ცხედარი სამად დაჭრეს. იმ დროს სპარსეთში ჩუმად მოღვაწეობდნენ მღვდელი დადი, ავდიუსი და დიაკონი არმაზათი. ქრისტიანმა ღვთისმსახურებმა წააბრძანეს გავედაის წმინდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მოგვიანებით წმინდა დადას დაჩეხილი ცხედარიც იპოვეს და ისიც კრძალვით მიაბარეს მიწას. შუაღამისას მღვდელ დადის ნეტარი გავედაი გამოეცხადა, მირონის ჭურჭელი გადასცა და თავისი დის მოსანათლად და საზიარებლად გაგზავნა. დადამ შეასრულა ზეგარდმო მიღებული ბრძანება, შემდეგ კი ქრისტეს მხევალს მიმართა: "მიიძინე, დაო, უფლის მოსვლამდე!". ახალნათელღებული სპარსეთის მეფის ქალიშვილი მართლაც მშვიდად მიიცვალა

ბეჭდვა
1კ1