წმინდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა კალისტრატე ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე ქალაქ კართაგენში. მისი წინაპრები ქრისტეს რჯულზე ჯერ კიდევ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს მოექცნენ. კალისტრატეს პაპა ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. მან საკუთარი თვალთ იხილა ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულები და სამშობლოში დაბრუნებულმა მთელი ოჯახი აზიარა ჭეშმარიტ რწმენას. ნეოსკორე ასევე "თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა". ამრიგად, კალისტატე ქრისტიანული რწმენით აღიზარდა. ის პაპისა და მამის მსგავსად მხედარი იყო. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას, კალისტრატე სხვა მეომრებთან ერთად რომში გაგზავნეს.

ღამით, როცა ყველას ეძინა, კალისტრატე ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მისი ეს ჩვეულება მეომრებმა შენიშნეს და უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მეომარს დაკითხვა მოუწყო. კალისტრატემ თამამად აღიარა თავისი რწმენა. მეომართა უფროსმა უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩასვეს და ზღვაში მოისროლეს.

ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოედო, გაიხა და წმინდანი გათავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმინდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ უფლის რჩეული განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და თანამოღვაწეებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. ხელისუფალთა წინაშე ხელახლა წარმდგარმა მხედრებმა მტკიცედ აღიარეს მაცხოვარი, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს. ნეტარი კალისტრატე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მარტვილებისთვის ეს წყალი ნათლისღების საბანლად ქცეულიყო. და "იქმნა მათ ზედა საქმე ღირსი სმენისა და საკჳრველებისაჲ": მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ "და იყვნეს იგინი ბრწყინვალე პირითა და ბრწყინვალე შესამოსლითა შემოსილ წყალთა მათ შინა". თავად კალისტრატეს კი ბრწყინვალე გვირგვინი დაედგა თავს და ზეგარდმო გაისმა: "ნუ გეშინინ, კალისტრატე, მჴნე იყავ თანა სამწყსოჲთ შენითურთ! ამიერითგან მოვედით და განისუენეთ საყოფელთა საუკუნეთა". ამ დროს მიწა შეიძრა, მახლობლად აღმართული წარმართული ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც დაიმსხვრა.

ამ სასწაულმა კიდევ ასოცდათხუთმეტი მეომარი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მხედართმთავარი შეაშინა ლაშქარში მოსალოდნელმა არეულობამ და მათი განსჯა არ დაუწყია, მაგრამ კალისტრატე და მისი რაზმი კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდია. აქ წმინდანები მხურვალედ ლოცულობდნენ და მადლობას სწირავდნენ ყოვლის შემოქმედ ღმერთს, რომელიც მათ სატანჯველთა დათმენის ძალას ანიჭებდა. ღამით ჯალათებმა მოწამეები მახვილებით ასო-ასო აკუწეს.

ცოცხლად დარჩენილმა ასოცდათხუთმეტმა ახალმოქცეულმა მეომარმა უფლის სათნომყოფელთა წმინდა ნაწილები პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ ნეტართა მარტვილობის ადგილას ბრწყინვალე ტაძარი ააგეს.

მოწამეთა კალისტრატესი და მეგობართა მისთა გიმნასიოსისა და სხვათა
კონდაკი:
დღეს ყოველსა ტკივილსა მოწამეთასა ეკლესია აღასრულებს, წმინდანნო, და აქებს საიდუმლოდ წმიდასა მოღუაწებასა თქუენსა, საღმრთონო მოწამენო; კალისტრატე ყოვლადბრძენო, შენ თანამოღუაწითურთ ევედრენით უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

სხვა კონდაკი:

რომელთა მრავალფერნი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ბრწყინვალენი ხელისაგან ღმრთისა მოიხვენით, ჩუენთვისცა ევედრენით ქრისტესა, ნეტარნო, სახსენებელისა თქუენისა მედღესასწაულეთათვის, რომელნი გადიდებთ შენ, კალისტრატე, თანამოღუაწით შენითურთ, რაჲთა მშვიდობაჲ ჰყოთ სამწყსოსა და ერისა ქრისტეანეთასა, რამეთუ თქუენ ხართ მორწმუნეთა სიმტკიცე.

ბეჭდვა
1კ1