წმინდა მოწამე ევსები ფინიკიელი (+361-363) - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე ევსები ფინიკიელი (+361-363) - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
წმინდა ევსები IV საუკუნეში, იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის ფინიკიაში. იმპერატორის ტახტის დაკავების დღიდან იულიანეს მთავარ მიზნად იქცა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ. იულიანე თავადაც გულმოდგინედ მონაწილეობდა ყველა წარმართულ ზეიმში და ამბობდა, რომ მისთვის უმაღლესი ქურუმის წოდება იმპერატორის ტიტულზე საპატიო და ძვირფასი იყო. მიუხედავად განსწავლულობისა და ცოდნისა, უკიდურესად ცრუმორწმუნე იულიანეს სჯეროდა ყველანაირი შელოცვებისა და მისნობისა, ცდილობდა საკუთარი ბედისწერის გამოცნობას სამსხვერპლო ცხოველების შიგნეულობაზე მკითხაობით, უდიდეს პატივად მიიჩნევდა წარმართულ ცერემონიალში მონაწილეობას, თავისი ხელით კლავდა მსხვერპლს, მიჰქონდა შეშა, აჩაღებდა ცეცხლს... ღამით დგებოდა კერპების წინაშე სალოცავად, დღეს იწყებდა მსხვერპლშეწირვით მზის პატივსაცემად; მან განაახლა ძველი, თითქმის მივიწყებული რიტუალები, თანაბარ პატივს მიაგებდა ბერძენთა, რომაელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ღმერთებს. საიმპერატორო სასახლე და მისი წალკოტები მათი ქანდაკებებით გაივსო. პალატები წარმართულ სამსხვერპლოებს მოგაგონებდათ - ყველგან ხრჩოლავდა გუნდრუკი. იგებოდა ახალ-ახალი სამსხვერპლოები, სრულდებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვები...

ასეთ დროს ღირსი ევსები თავისი ნებით გამოცხადდა ფინიკიის წარმართ მმართველთან და ქრისტიანობა საჯაროდ აღიარა, მეტიც, ამხილა მმართველი. განრისხებულმა ქალაქის თავმა ბრძანა ტყავი გაეძროთ ქრისტიანისთვის და ჭრილობებზე მარილი დაეყარათ. ევსები მამაცურად და სიხარულით იტანდა საშინელ ტკივილს. ფინიკიის მმართველმა შესთავაზა ევსებს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. ამაზე ევსებმა მტკიცე უარი განაცხადა, თქვენ შეგიძლიათ მოსპოთ ჩემი სხეული, სულს უფალი გადაარჩენს, - თქვა ევსებმა. ბოლოს უშიშარ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1