წმინდა აღმსარებელნი: ანასტასი აპოკრისიარი, ანასტასი-უმცროსი, თეოდორე და ევპრეპი, მოწაფენი ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (VII) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
წმინდა აღმსარებელნი: ანასტასი აპოკრისიარი, ანასტასი-უმცროსი, თეოდორე და ევპრეპი, მოწაფენი ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (VII) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ეს წმინდანები იბრძოდნენ ქრისტეს ერთი ნების სწავლების წინააღდეგ, რომლის დამტკიცებაც სურდა იმპერატორ კონსტანტინე II-ს, რათა ეკლესია მონოფიზიტებთან შეეერთებინა.

ის კონსტანტინოპოლში პაპის აპოკრისიარი იყო. ანასტასი-უმცროსი თავიდან დედოფალ ევდოქსიას მდივანი იყო, შემდეგ კი წმინდა მაქსიმეს დაემოწაფა და თან გაჰყვა ჯერ ქრისოპოლოსის მონასტერში (617-630), მერე აფრიკაში (630-645) და რომში (645-653).

როცა იმპერატორმა გამოსცა "ტიპოსი", რომლის ძალითაც ყველას აუკრძალა ქრისტეს ორ ნებაზე საუბარ, ანასტასი აპოკრისიარი გამოვიდა ამის წინააღმდეგ. რისთვისაც პატრიარქმა პავლე II-მ ის ჯერ ტრაპიზონში გადაასახლა, შემდეგ კი მესაბრიაში (647-648). წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ძალისხმევით პაპმა მარტინე I-მა მოიწვია ლატერანის კრება, რომელზეც დაიგმო მონოთელიტთა ერესი. რაღაც დროის შემდეგ იმპერატორმა ბრძანა მაქსიმე აღმსარებლის და მისი მოწაფეების დაპატიმრება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კრებაზე. ისინი ცეხეში ჩაამწყვდიეს და რამდენიმე თვე ელოდნენ სასამართლოს, რომლის დროსაც პაპი მარტინი უსამართლოდ დასაჯეს. იმპერატორი ბევრს ეცადა მათ მიმხრობას ხან ალერსით, ხან მუქარით, შემდეგ კი ისინი თრაკიაში გადაასახლა (656). 662 წელს იმპერატორმა წმინდა აღმსარებელნი გამოიხმო და როცა დარწმუნდა, რომ ისინი მტკიცედ იდგნენ მართლმადიდებლურ რწმენაზე, რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა მაქსიმე და ანასტასი იმპერატორის ბრძანებით სასტიკად აწამეს, ორივეს ენა ამოგლიჯეს, მარჯვენა ხელის მტევანი ორივეს ჯერ ჩაქუჩით დაუმტვრიეს, მერე კი ხელი იდაყვამდე მოაჭრეს. სასტიკი წამების შემდეგ, ნეტარ მამებს სასამრთლო დარბაზი დაატოვებინეს და სამეფო ქალაქის ქუჩები ლანძღვა-გინებით შემოატარეს. ყველას უჩვენებდნენ მათ მოკვეთილ ენას და ხელებს და აქილიკებდნენ.

ცოცხალ-მკვდარი წამებული ორი მოწაფის, ორი ანასტასის თანხლებით წმინდა მაქსიმე დასავლეთ საქართველოში, ლაზეთში გადაასახლეს. ნეტარი მაქსიმე იმდენად დაუძლურდა, რომ გადაადგილება არც ცხენით შეეძლო და არც ეკიპაჟით. მცველებმა წნელის საკაცე დაწნეს და ასე მიიყვანეს საპყრობილემდე. თეოდოსი ხუცესის თქმით: "ქრისტესმოყვარე ლაზების ქვეყანაში" ნეტარმა მამებმა ჩააღწიეს 662 წლის 8 ივნისს. ოლქის უფროსმა მათი დაცილების განკარგულება გასცა. ესეც არ აკმარეს, ჩამოართვეს ყველაფერი. რაც კი გააჩნდათ, მათ შორის ის ნივთები, გზაში ღვთისმოსავი ადამიანები რომ ჩუქნიდნენ და გაანადგურეს.

დაცალკევების შემდეგ ნეტარი მაქსიმე სქიმარში წაიყვანეს. სქიმარი, ეპისკოპოს სტეფანეს (კალაიჯიშვილი) აზრით, დღევანდელი სკიმერი უნდა იყოს, რომელიც მდებარეობს ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან. გარკვეული ხნის მანძილზე სკიმერის ხეობა ლაზეთს ეკუთვნოდა და ხან ირანის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან კი ბიზანტიისა, VII ს-ში, ანუ იმ დროს, როცა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა. ეს ტერიტორია ბიზანტიისა იყო და განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, იქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა. ციხესიმაგრე სქიმარში წმინდა მაქსიმემ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა და აღესრულა. დღეს ნამოსახლარი სკიმერის ხეობის ვრცელი ტერიტორია ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება.

ანასტასი ბერი, თავისი მასწავლებლისაგან განსხვავებით, წაიყვანეს აფხაზეთში და კოდორის ციხესიმაგრეში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო, დაუძლურებული ნეტარი ანასტასი სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. ანასტასი აპოკრისიარი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, როგორც კი გამოჯანმრთელდა, გაგზავნეს აფშილთა და მისიმიანელთა საზღვარზე მდებარე ფუსტის ციხე-სიმაგრეში. მას შვიდი თვის მანძილზე ჩამოძონძილი ტანსაცმლით და ფეხშისველს აქეთ-იქით ატარებდნენ, რათა შიმშილით, სიცივით და წყურვილით, როგორმე გარდაცვლილიყო. უსჯულო მთავრებმა რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით, მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახალდანიშნულმა მთავარმა გიორგიმ (ექვთიმე ათონელის ცნობით), ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად, თაკვერის ციხესიმაგრეში დაასახლა და მფარველობდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მაქსიმეს ღვთის დაშვებით აღუდგა მეტყველების და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა.

თეოდორე და ევპრეპი დიდებულთა ოჯახებიდან იყვნენ, ისინი ანასტასი აპოკრისიარს დაემოწააფნენ. როცა "ტიპოსი" გამოიცა, მათ რომში გაქცევა სცადეს, მაგრამ აბიდოსში შეიპყრეს. პრეფექტმა მათ ყველა წოდება ჩამოართვა. შემდეგ აღმსარებელნი გაშოლტეს და ყირიმში, ქერსონესის ოლქში გააგზავნეს. შემდეგ ისინი მრავალ ციხესიმაგრეში გადაიყვანეს. მრავალი განსაცდელის დათმენის შემდეგ, 655 წლის 26 ოქტომბერს ევპრეპი აღესრულა, ხოლო წმინდა თეოდორე ოცი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1