წმინდა მოწამე იულიანე (IV) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა მოწამე იულიანე (IV) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მეფობის დროს გალატიის ოლქის მმართველად დანიშნეს ვინმე ანტონი. მას შეატყობინეს, რომ მთაში ერთ მღვიმეში იმალებოდა ვინმე ახალგაზრდა ერისკაცი, სახელად იულიანე, სხვა ორმოც ქრისტიანთან ერთად, და რომ ისინი ქრისტიანულ ღვთისმახურებას აღასრულებდნენ. მაშინ მმართველმა შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. მისგან პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. მმართველმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ წმინდანმა განუცხადა, რომ პირველად სიკვდილს აირჩევდა, ვიდრე ღვთის ღალატს. მაშინ მმართველის ბრძანებით ის გააშიშვლეს და გახურებულ რკინის საწოლზე დააწვინეს, მაგრამ როცა წმინდანმა პირჯვარი გამოისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება გააქარვა და მოწამე უვნებელი გადარჩა. მმართველმა ანტონინემ ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი და ასე ადვილად ცეცხლი როგორ ჩააქრო. წმინდანმა მიუგო: "მე ღვთის მსახური ვარ, სახელად იოანე მქვიან!" მაშინ ანტონინემ მშობლების ვინაობა ჰკითხა. "მოხუცი დედა მყავს, ხოლო მამა გარდაიცვალაო", - უპასუხა იულიანემ. ანტონინეს ბრძანებით, ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მმართველს მიუგო: "თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამერივ ღვაწლად ჩამეთვლება და საუკუნო დიდების და ნეტარების საწინდრად მექცევაო". ქალის სიტყვებით შერცხვენილმა მმართველმა მისი გაშვება ბრძანა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. როცა დასჯის ადგილას მიიყვანეს, წმინდანმა ლოცვისთვის დრო სთხოვა და ნება დართეს. წმინდანმა მუხლნი მოიდრიკა და მადლობა შესწირა უფალს გაძლიერებისა და შეწევნისათვის. და შესთხოვა, რომ თუ ვინმე მისი საფლავის მიწას რწმენით აიღებდა, მათთვის ცოდვები მიეტევებინა და ვნებათაგან გაეთავისუფლებინა. ხოლო მათი მიწები კი მავნებელი მწერებისა და ფრინველებისგან დაესხნა. ბოლოს კი წართქვა: "მიიღე სული ჩემი მშვიდობით" და მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეციდან ხმა მოისმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა მღვიმეში გადამალულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ისინი წმინდა იულიანეს წამების ადგილას მივიდნენ და წმინდანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მაშინ მათაც ხმამაღლად აღიარეს ქრისტე. მეომრებმა წმინდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოჰკვეთა ბრძანა (წმინდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება). ასე მოგვითხრობს წმინდა იულიანეს შესახებ წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის "სვინაქსარი". ხოლო "კონსტანტინოპოლის სვინაქსარის" მიხედვით წმინდა იულიანე ხანდაზმული მღვდელი იყო და გალატიაში, ანკირიის (დღევანდელი ანკარა) სიახლოვეს, სოფელ კრიტეაში ცხოვრობდა. ლიცინიუსის მეფობის დროს, ქრისტიანების დევნისას დაახლოებით 320 წელს, წმინდანი ორმოც ქრიტიანთან ერთად მღვიმეში დაიმალა. ერთხელაც როცა წყლის ასაღებად გამოვიდა, ის შეამჩნიეს წარმართებმა, რომლებიც ქალღმერთ ჰეკატეს შესწირავდნენ მსხვერპლს. წარმართებმა წმინდა იულინე შეიპყრეს და მმართველ ანტონინეს მიჰგვარეს. წმინდანმა ამხანაგების გაცემაზე უარი თქვა. მაშინ თავზე გავარვარებული რკინის მუზარადი დაახურეს, მერე კი თავი მოჰკვეთეს.

..................................

წმინდა მოწამე ოკეანა - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)

წმინდა ოკეანას ხსენება შეტანილია ბიზანტიურ სვინაქსარში. წმინდა ოკეანა ცეცხლში დაწვეს ქრისტეს სიყვარულისთვის.

ბეჭდვა
1კ1