წმინდა მღვდელმოწამე ავტონომე (+313) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა მღვდელმოწამე ავტონომე (+313) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს მეფობის დროს. როცა ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყეს, მან დატოვა იტალია და ბითინიაში გადასახლდა. ღვთის განგებულებით ის შეჩერდა დაბა სორეოსში, სადაც უმასპინძლა უცხოთშემწყნარებლობით განთქმულმა კორნილიოსმა. აქ მან საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო და მრავალი ელინი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე. უამრავი ადამიანი იკრიბებოდა ხოლმე კორნილიოსის სახლში წმინდა ავტონომეს ქადაგების მოსასმენად. მოციქულებრივი შემართებით ქადაგებდა სახარებას და მის მიერ ნათქვამი სიტყვები აანთებდა მსმენელში ღვთისადმი რწმენასა და სიყვარულს, რომლის მერეც ყველა მონათვლას სთხოვდა. მოკლედ, ბევრი იქაური მოაქცია მან ქრისტიანობაზე, ბოლოს ისე მოხდა, რომ ამდენ ხალხს კორნილიოსის სახლი ვეღარ იტევდა, მაშინ წმინდა ავტონომემ მათ მთავარანგელოზთა სახელზე ეკლესია აუშენა. კორნილიოსი დიაკვნად აკურთხა, მას ქრისტეს სამწყსო ჩააბარა, თვითონ კი ლიკაონიაში და ისავრიაში სახარების საქადაგებლად წავიდა. ამ ქვეყნებშიც მან ბევრი იღვაწა ღვთის სიტყვის გასავრცელებლად, ბოლოს კორნილიოსთან დაბრუნდა, აკურთხა იგი მღვდლად და მასთან ერთად განაგრძო კაცთა მოდგმის ცხონებისთვის მსახურება.

ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმინდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სადაც ის ღვთის სიტყვას სთესავდა კაცთა გულებში, რომელთაც მალევე ღვთის შეწევნით მრავალი ნაყოფი გამოიღო. შემდეგ წმინდა ავტონომე სორეოსში დაბრუნდა. როცა მრევლის სიმრავლე იხილა, კორნილიოსი ეპისკოპოსად აკურთხა და თვითონ კი ასიის მხარეში ჩავიდა, სადაც აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობის ეკალბარდები და ჭეშმარიტი ღვთის რწმენა გაავრცელა.

მრავალი დაიხსნა მან კერპების მსახურებისა და საუკუნო წარწმედისაგან.

მალე წმინდა ავტონომემ მოინახულა კორნილიოსი და მისთვის ჩაბარებული სამწყსო. და იხილა, რომ მორწმუნენი, ყველანი ღვთის სიტყვას სწავლობდნენ და წარემატებოდნენ სათნოებათა ქმნაში. წმინდა ავტონომემ ამით ძალზე ინუგეშა და მადლობა შესწირა უფალს მრევლის გამრავლებისთვის.

შემდგომ იგი სორეის მახლობლად მდებარე სოფელ ლიმნეში ჩავიდა. იქაურები კერპთაყვანისცემის ბნელით იყვნენ გარემოცულნი. აქ წმინდა ავტონომეს ქადაგებით მრავალი მოიქცა ქრისტესკენ, ასწავლა წმინდა სარწმუნოების საიდუმლო და ნათლისღებით შეუერთა ისინი ქრისტეს სამწყსოს. ერთხელ როცა წარმართები რომელიღაც ღმერ¬თის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მაშინ ბევრი ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი წარმართები "მიუჴდეს ტაძარსა მას კერპთასა", დაამსხვრიეს კერპები, "მიწასა და მტუერსა შინა აღჰრინეს და აჩუენეს მსახურთა მათთა უძლურებაჲ სამსახურებელთა მათთაჲ".

კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმინდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში - "სისხლი მისი დასთხიეს წმიდასა მას ზედა ტრაპეზსა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი პირველად, რომელიც ღაღადებდა ღმრთისა მიმართ უფროჲს აბელის სისხლისა უბრალოდ დათხეულისა". დიდი მწუხარება შეხვდა მრევლს. ვინმე დიაკონისა მარიამმა და სხვა მორწმუნეებმა მღვდელმოწამის პატიოსანი ნეშტი კრძალვით მიაბარეს მიწას.

წმინდა ავტონომე 313 წელს აღესრულა.

მრავალი წლის შემდეგ, კონსტანტინე დიდის (306- 337) მეფობისას ვინმე დიდებული, სახელად სევერიანე მეფემ ალექსანდრიაში გააგზავნა. მას ზღვაზე მოგზაურობის ეშინოდა და ხმელეთით წავიდა. ღვთის განგებულებით იმ ადგილას ჩაიარა, სადაც წმინდა ავტონომეს სხეული იყო დაკრძალული. უეცრად ცხენები შეჩერდნენ და წინ აღარ წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამათრახებდანენ, ისინი თითქოს უხილავმა ხელმა ერთ ადგილს მიაჯაჭვა. გაოცდა სევერიანე, აღარ იცოდა, რა ექნა. სწორედ იმ დროს ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ჩაიარა, რომელსაც ღვთის საიდუმლოთა ჭვრეტის ნიჭი ჰქონდა. მან სევერიანეს უთხრა:

- აქ წმინდა მოწამეა დაკრძალული და შენ გმართებს მას ტაძარი აუგო. თუ შენ ამის აღთქმას დადებ, მაშინ ნახავ რო¬გორ სწრაფად წავლენ ცხენებიო.

სევერიანე სიხარულით დათანხმდა, ცხენებიც მაშინვე წინ გაიქცნენ. ალექსანდრიადან დაბრუნებამდე მან წმინდანის საფლავზე პატარა საყდარი ააშენებინა, ხოლო როცა და-ბრუნდა, მშვენიერი ტაძარი ააგო.

დაახლოებით 430 წელს ერთმა მღვდელმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ტაძრის ქვეშ წმინდა ავტონომეს სხეული ინახებოდა, სიძველით დაზიანებული საყდარი, მთლიანად დაარღვევინა და სხვა ადგილას გადაატანინა. 60 წელი არავინ იცოდა ამ სიწმინდის შესახებ, ხოლო შემდეგ სასწაულებრივი მინიშნებით მოხდა წმინდანის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება და აღმოყვანება. ვინმე მეფის პირადი მცველი, სახელად იოანე, მეფის ბრძანებით იმყოფებოდა ამ მხარეში. ერთხელ სანადიროდ წავიდა და იმ ადგილას, სადაც ადრე ტაძარი იდგა, მშვილდ-ისრით კურდღელი მოკლა, შემდეგ სხვა ცხოველებიც დახოცა. ღამით ძილში წმინდა ავტონომე გამოეცხადა და უბრძანა, რომ კურდღლის მოკვლის ადგილას ეკლესია აეშენებინა. იოანემ დიდი ძალისხმევით უმშვენიერესი ტაძარი ააგო; სწორედ ამ დროს მოიპოვეს დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები, რომლებიც სავსებით უხრწნელად იყო შემონახული, მხოლოდ თვალები ჰქონდა დახუჭული, თითქოს დაედუმებინა და მეტი ვერაფერი. შემდგომში წმინდანის ლუსკუმასთან მრავალი სასწაული აღესრულა, მრავალი განიკურნა.

ბეჭდვა
1კ1