ღირსმოწამე თეოდორა ვასტასელი (XI) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
ღირსმოწამე თეოდორა ვასტასელი (XI) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
წმინდა თეოდორა ცხოვრობდა პელოპონესის ცენტრალურ ნაწილში, არკადიაში, დაბა მელპიაში. ის ღარიბი ოჯახის შუათანა შვილი იყო.
ერთი ვერსიით, მან მამაკაცის სამოსი გადაიცვა და ადგილობრივ მამათა მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ.
ხოლო მეორე ვარიანტით: იმ დროს ყველა ოჯახი ვალდებული იყო, ვაჟი სამხედრო სამსახურში გაეგზავნა, ხოლო თუ ვაჟი არ ჰყავდათ, ანდა ჯანმრთელობის გამო სამსახური არ შეეძლო, მაშინ უნდა დაექირავებინათ კაცი, რომელიც მის ნაცვლად იმსახურებდა. თეოდორას ძმები არ ჰყავდა, არც ფული ჰქონდათ, ამიტომაც საშიშროება იყო ჯარში მისი მოხუცი მამა წაეყვანათ. ქალიშვილმა მშობლებს უთხრა, მამაკაცად გადაცმული თეოდორეს სახელით წავალ ჯარშიო. მშობლები თავიდან უარობდნენ, მაგრამ ქალიშვილმა მტკიცედ განაცხადა, სხვა გზა არა გვაქვს, ღმერთი შეგვეწევაო. თეოდორა მომხიბვლელი, ჭკვიანი ქალიშვილი იყო. მან მამაკაცის სამოსი გადაიცვა, და უწვერულ ყმაწვილად იქცა.
თეოდორა დიდ პატივს მიაგებდა ღვთისმშობელს, და როცა შეიტყო, რომ მისი ნაწილის სიახლოვეს პანაღეას მონასტერი მდებარეობდა, ყოველდღე მიდიოდა იქ მოსალოცად. ჯარისკაცმა თეოდორემ იქვე ნახა სულიერი მოძღვარი - მონასტრის იღუმენი. გოგონა კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას და მალე რაზმის მეთაურადაც დანიშნეს. მას პატივს სცემდენენ როგორც ოფიცრები, ისე ჯარისკაცები.

სოფლის ერთმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა ახალგაზრდა ლამაზი ყმაწვილის, თეოდორეს შეცდენა განიზრახა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ქალი სხვისგან დაფეხმძიმდა და თეოდორეს დააბრალა შვილის მამობა. მეძავი ქალის ნათესავები საჩივნელად მივიდნენ მონასტრის იღუმენთან და სამხედრო ბანაკის მეთაურთანაც. წმინდა თეოდორამ კი იძახა, - ეგ ჩემი ცოდვა არ არის, არაფერი ჩამიდენიაო, მაგრამ გამოჩდნენ ცრუ მოწმეებიც, თანამსახური ჯარისკაცები, რომელთაც შეშურდათ თეოდორეს წინსვლა.

დამწუხრებულმა იღუმენმა უთხრა, სამხედრო სამოსელი უნდა გაიხადო და ეს ქალი ცოლად მოიყვანო, თორემ სიკვდილით დაგსჯიანო - იმ დროს ქალის გამხრწნელს სიკვდილით სჯიდნენ. თეოდორას თავის მართლება არ უცდია და სიკვდილი მიუსაჯეს.
სიკვდილის წინ ლოცვა ითხოვა. ნება მისცეს. წმინდანი დაემხო, ილოცა თავის ოჯახისთვის, ამ მეძავი დედაკაცისთვის, შემდეგ კი წარმოთქვა: "გთხოვ უფალო, ჩემი სხეულისგან ტაძარი შექმენი, თმისგან ხეები, ხოლო სისხლისგან წყალი". შემდეგ წაიყვანეს დასასჯელად და თავი მოჰკვეთეს.
როცა მოკლულის სხეულს სამხედრო ფორმა გახადეს, ჯარისკაცებმა იხილეს, რომ თეოდორე სინამდვილეში ქალიშვილი ყოფილა. ჯარისკაცები დაემხნენ მიწაზე და წმინდანს შენდობა სთხოვეს. შემდეგ კი მონასტრის იღუმენთან გაიქცნენ და ყველაფერი მოუთხრეს. იღუმენმა მდუმარედ მოუსმინდა და თქვა: - ვიცოდი, რომ წმინდა იყოო. შემდეგ კი მონაზვნებთან, სამხედროებთან და ქალაქელებთან ერთად გაემართა წმინდანის სხეულის საზეიმოდ გადმოსასვენებლად. იღუმენმა წესი აუგო თეოდორას, შემდეგ კი კვლავ დასჯის ადგილას მიასვენეს და იქვე დაკრძალეს.
როცა წმინდანის სხეული სპეციალურად აშენებულ აკლდამაში ჩაასვენეს, სწორედ ამ დროს აკლდამის ქვემოდან წყარომ გამოხეთქა. XII საუკუნეში წმინდანის საფლავზე ეკვდერი აშენდა. შემდგომში ამ საყდრის ქვის სახურავზე ჩვიდმეტი დიდი ხე ამოვიდა. უცნაური და სასწაული ის არის, რომ ამ ხეების ფესვები არც სახურავის ქვეშ ჩანს და არც საყდრის კედლებს ჩამოჰყვება. როგორც მოგვითხრობს ადგილობრივი გარდამოცემა, ეს ხეები და სასწაულმოქმედი წყარო წმინდა თეოდორას ლოცვის პასუხად წარმოიშვა.

ბეჭდვა
1კ1